თეგი: სპეციალური საგამოძიებო სამსახური
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კოკა კაციტაძე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს კი, ლელა ჯანაშვილი უხელმძღვანელებს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ლელა ჯანაშვილი, ხოლო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კარლო კაციტაძე უხელმძღვანელებს. ჯანაშვილი და კაციტაძე პლენარულ სხდომაზე ხმათა უმრავლესობით აირჩიეს. ამასთან, ლელა ჯანაშვილი და კარლო კაციტაძე ახალი სამსახურების ხელმძღვანელის პოსტებზე 6 წლის ვადით არიან არჩეული. ცნობისთვის, პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ლიკვიდაციის შედეგად იქმნება, რომელიც პირველი მარტიდან აღარ იარსებებს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური: წყნეთში პოლიციელმა, სავარაუდო დანაშაულში მხილებული ახალგაზრდა კაცი შებოჭა, რა დროსაც, იარაღი გაუვარდა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის კოკა კაციტაძის განცხადებით, წყნეთში, შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას პოლიციელმა, სავარაუდო დანაშაულში მხილებული ახალგაზრდა კაცი შებოჭა, რა დროსაც მას გაუვარდა იარაღიდან, რასაც ახალგაზრდა კაცის გარდაცვალება მოჰყვა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “გუშინ, წყნეთში ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკავებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროსი დეტექტივი. საქმეზე ამჟამად მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის თვითმხილველი მოწმეების მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ 2022 წლის 18 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროსი და ამავე სამმართველოს დეტექტივი, სამსახურებრივი მანქანით გადაადგილდებოდნენ წყნეთის ტერიტორიაზე, რა დროსაც სამმართველოს უფროსს მობილურ ტელეფონზე გადასცეს ლადო გუდიაშვილის ქუჩის მიმდებარედ ნარკოტიკული საშუალების შესაძლო უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტის შესახებ ინფორმაცია. შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას მათ დახვდათ გაჩერებული ტაქსი, რომლის სიახლოვეს ახალგაზრდა მამაკაცი მიწაში რაღაცას ეძებდა. მიწიდან გაურკვეველი ნივთის ამოღებისთანავე, მამაკაცთან სწრაფად მივიდა პოლიციის დეტექტივი, რომელსაც ხელში ეჭირა ცეცხლსასროლი იარაღი და განუცხადა, რომ იყო დაკავებული. ახალგაზრდა მამაკაცმა გადაყლაპა მიწიდან ამოღებული ნივთი და გაქცევა დააპირა, აღნიშნულზე პოლიციელმა სცადა მისი შებოჭვა, რა დროსაც მას გაუვარდა იარაღიდან, რასაც ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალება მოჰყვა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქმეზე ჩაატარა გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. კერძოდ, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, საიდანაც ამოღებულ იქნა ექსპერტიზისთვის საჭირო კვლევის ნიმუშები. გამოიკითხნენ პოლიციის თანამშრომლები, ინციდენტის შემსწრე თვითმხილველი მოწმეები და მიმდებარედ მცხოვრები მოქალაქეები, ამოღებული იქნა დანაშაულის იარაღი, რის შემდეგაც ჩვენს მიერ დაკავებულ იქნა პოლიციის დეტექტივი. ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, სამსახური ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას. გამოძიებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის გასაცემად ინიშნება სასამართლო-სამედიცინო, ბიოლოგიური, ქიმიური, ბალისტიკური, ტრასოლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზები”, - განაცხადა კოკა კაციტაძემ.
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის ზიანის გამომწვევი პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო - სპეციალური საგამოძიებო სამსახური
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, „დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევი პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელებისა და ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფის ფაქტზე“ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია. „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევი პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელებისა და ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2022 წლის 12 ივნისს დაიწყო. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, კერძოდ, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გასული სიუჟეტი, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთი კომპანიის ბუღალტერმა, საბუღალტრო ოფისის მიღმა ტერიტორიაზე – შენობის სადარბაზოში განათავსა საბუღალტრო დოკუმენტაცია, რომელიც დაკავშირებული იყო დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მიერ სხვადასხვა სახის პროდუქციის შეძენასთან და შეიცავდა პერსონალურ მონაცემებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური და სრულყოფილი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური: „ტვპირველის“ გადამღები ჯგუფისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „ტვპირველის“ გადამღები ჯგუფისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო. შესაბამის განცხადებას უწყება ავრცელებს. „სპეციალური საგამოძიებო სამსახური ინტენსიურ რეჟიმში ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური და სრულყოფილი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პატიმრებს შორს ჩხუბის დროს მომხდარი მკვლელობა გახსნა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პენიტენციურ დაწესებულებაში, პატიმრებს შორს ჩხუბის დროს მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა. ამის შესახებ, დღეს გამართულ ბრიფინგზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელმა ქეთევან თეთრაულმა განაცხადა. „გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 26 ივლისს, N17-ე პენიტენციური დაწესებულების პატიმარ ი.ჩ-ს, საკანში, ყოფით ნიადაგზე სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდა ამავე დაწესებულების პატიმარ შ.ა.-თან, რაც მათ შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დანაშაულში მხილებულმა პატიმარმა, ჩხუბის დროს, შურისძიების მოტივით, მასთან დაპირისპირებაში მყოფი პატიმარი შ.ა. შებოჭა და მოკვლის განზრახვით, მეტალის კორპუსის მქონე მაგიდასა და იატაკზე ძლიერად დაახეთქა. განხორციელებული ძალადობის შედეგად, პატიმარმა თავის სხვადასხვა არეში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და შემთხვევიდან რამდენიმე წუთში, N17-ე დაწესებულების სამედიცინო პუნქტში, სამედიცინო დახმარების გაწევის მიუხედავად გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტზე, გამოძიება 2021 წლის 26 ივლისს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო და ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა, ხოლო 2022 წლის 1 მარტიდან საქმეზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გააგრძელა. გამოძიების პროცესში დათვალიერებული შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იყო ბიოლოგიური მასალის ნიმუშები, ანაწმენდები და სხვა ნივთიერი მტკიცებულებები. გამოიკითხა 100-მდე პირი, მათ შორის - სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, პატიმრები, სამედიცინო ექსპერტი და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები. ასევე, საგამოძიებო ვერსიის გადამოწმების მიზნით, №17-ე პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. ამავე დაწესებულებაში განთავსებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერები გამოთხოვილი იქნა სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან. ასევე, სასამართლო-სამედიცინო, კომპლექსური გენეტიკურ-ბიოლოგიური, მიკრონაწილაკური, დაქტილოსკოპიური, ტრასოლოგიური და სამედიცინო - კრიმინალისტიკური ექსპერტიზები ჩატარდა „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“. მკვლელობის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად, მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ, ბრალდებული პატიმრის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, გამოტანილია ბრალდების დადგენილება“, - აცახდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ხუთი პირი დააკავა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის ივლისი-აგვისტოს პერიოდში, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ხუთი პირი დააკავა. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები სხვადასხვა დროს მათთან ურთიერთობაში მყოფი დაზარალებული პირების შიშველი სხეულის ამსახველ ფოტოებს, ვიდეოებს და ინტიმური ხასიათის მიმოწერებს ინახავდნენ, სოციალურ ქსელში ათავსებდნენ, მობილური ტელეფონის მეშვეობით დაზარალებულების ნათესავებს და ახლობლებს უგზავნიდნენ, ასევე ცალკეულ შემთხვევებში აღნიშნულ ფოტო და ვიდეო მასალას დაზარალებულთან ურთიერთობის გაგრძელებისთვის შანტაჟის იარაღად იყენებდნენ. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ ხუთივე დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 2022 წლის პირველი მარტიდან, დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება – სპეციალური საგამოძიებო სამსახური, მნიშვნელოვნად გაზრდილი ფუნქციებით ამოქმედდა. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას, სამოხელეო დანაშაულის გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე, 1571, 158-ე და 159-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების (პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, პერსონალური მონაცემების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა, ასევე კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა და პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრისა და სხვაგვარი ხერხით შეტყობინებების საიდუმლოების დარღვევა) გამოძიებაც დაექვემდებარა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური მოქალაქეთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების თავიდან აცილებისა და ამ დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად, აქტიურ საინფორმაციო და პრევენციული ხასიათის ღონისძიებების გატარებას გეგმავს“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პატიმრის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ პატიმარ გ.ს.-ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, აღებულია შემდგომი კვლევისათვის საჭირო ნიმუშები, მიმდინარეობს სამართალდამცავების გამოკითხვა, ასევე მოპოვებულია გამოძიების მიერ ინციდენტის ამსახველი ვიდეო ჩანაწერები. „გამოძიების ხელთ არსებული მასალებით დგინდება, რომ 2022 წლის 20 აგვისტოს დილის საათებში, სმენის გადაბარების დროს, ბრალდებული პატიმარი გ.ს. უკნიდან მიეპარა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს თანამშრომელს, რომელსაც ამოაცალა სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი და უმისამართოდ ერთი გასროლა განახორციელა, რის შემდეგაც ესკორტირების სამმართველოს თანამშრომლების მისამართით განახორციელა მეორე გასროლა (გასროლის შედეგად არავინ დაზარალებულა). ამის შემდეგ, იმავე იარაღიდან თავის არეში მიიყენა დაზიანება. მიღებული დაზიანების შემდეგ დაზარალებული კავკასიის მედიცინის ცენტრში იქნა გადაყვანილი, სადაც მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე შემჭიდროვებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას და შეისწავლის ინციდენტში მონაწილე სამართალდამცავების ქმედების კანონიერების საკითხს. სამსახური გამოთქვამს მზადყოფნას სრულად უზრუნველყოს მოქალაქე გ.ს.-ს ოჯახის წევრების ჩართულობა მიმდინარე გამოძიებაში და გააცნოს როგორც ფაქტის ამსახველი ვიდეო ჩანაწერი, ასევე სისხლის სამართლის საქმის ყველა მასალა. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია“, – აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება 24 აგვისტოს დაიწყო.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტს წინადადებებით მიმართა
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, საქართველოს პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობს, რომელიც ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად, სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების გაძლიერებისა და მათი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიმართულებით, განსაზღვრულ საკითხებზე მუშაობს. უწყების ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სამსახურს შესაძლებლობა მიეცა, ევროკომისიის რეკომენდაციების ეფექტიანი შესრულების მიზნით, წარედგინა საკუთარი მოსაზრებები. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, სწორედ ამ მიზნებიდან გამომდინარე, საგამოძიებო ორგანოს გაძლიერებისა და მისი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად, ევროკომისიის რეკომენდაციის ფარგლებში, სამსახურმა შემდეგი წინადადებები შეიმუშავა: სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე გახდეს ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დარღვევის ფაქტების გამოძიება, რაც სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას წარმატებით შეასრულოს პოზიტიური ვალდებულება, სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების აღსაკვეთად და დროულად გამოსაძიებლად, ეფექტური და დამოუკიდებელი გამოძიება აწარმოოს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე გახდეს არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების პროცესში გამოვლენილი ისეთი დანაშაულების გამოძიება, რომელიც სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო მტკიცებულებების განადგურების, უკანონო დაკავების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი სიყალბის შემთხვევებს უკავშირდება (სსკ-ის 147-ე, 332-ე, 333-ე, 341-ე და 3691-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები). აღნიშნული ცვლილება უფრო მეტად გააძლიერებს და დამოუკიდებელს გახდის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომელსაც მიეცემა შესაძლებლობა, არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების პროცესში მის მიერვე გამოვლენილი სამართალდამცავების მიერ ჩადენილი ზემოთ მითითებული დანაშაულები, ნაცვლად სხვა უწყებაში გადაგზავნისა, თავად გამოიძიოს და გაზარდოს საგამოძიებო პროცესის ეფექტურობა. ასევე, სპეციალური საგამოძიებო სამსახური მზადყოფნას გამოთქვამს, თავიდან განისაზღვროს და ხელახლა ჩამოყალიბდეს სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა და გამოსაძიებლად გადაეცეს სისხლის სამართლის კოდექსის მხოლოდ ის მუხლები, რომელიც სამსახურის მიზნებთან, გამოწვევებთან და რესურსებთან თანხვედრაში იქნება. მნიშვნელოვანია, კანონმდებლობით დარეგულირდეს პროცედურა, რომლის საფუძველზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი უფლებამოსილი იქნება, საქმიანობის/ანგარიშის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების განხილვის მოთხოვნით, საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტს მიმართოს; სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ შემუშავებული და პარლამენტისთვის წარდგენილი წინადადებები ასევე საკანონმდებლო ცვლილებებსაც ითვალისწინებს, რამაც სამსახურის ფინანსური და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გარანტიების გაფართოება უნდა უზრუნველყოს“, – აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში. მათივე ცნობით, სამსახურმა აღნიშნული წინადადებებით საქართველოს პარლამენტს უკვე მიმართა. „სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულების, მათ შორის, წარმოდგენილი წინადადებების განხილვის პროცესში, საქართველოს პარლამენტთან, უფლებადამცველ ორგანიზაციებთან და დაინტერესებულ მხარეებთან აქტიურად თანამშრომლობას გეგმავს“, – აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ არასათანადო მოპყრობასა და ძალადობაში 4 სამართალდმცველი ამხილეს
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, არასათანადო მოპყრობასა და ძალადობაში 4 სამართალდამცავი ამხილა, ამ ინფორმაციას უწყება ავრცელებს. „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, მიმდინარე წლის ოქტომბრის და ნოემბრის თვეში, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, არასათანადო მოპყრობის და ძალადობის ფაქტები გამოავლინა, რის შემდეგაც 4 სამართალდამცავის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. დანაშაულში მხილებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს ესკორტის უფროსი ოფიცერი დ.დ., რომელმაც 2022 წლის 20 აგვისტოს, ქ. თბილისში, შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“, სადაც განთავსებული იყვნენ ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრები, არაჯეროვნად შეასრულა მისდამი დაკისრებული ფუნქციები. მან ცვლის გადაბარება უსაფრთხოდ ვერ უზრუნველყო და პატიმრები დაუდევარი დამოკიდებულებით, მუდმივი მეთვალყურეობის გარეშე დატოვა, რის შედეგადაც ერთ-ერთ ჯგუფის წევრს, რომელიც ასევე წინდახედულობის ნორმის დაუცველად გადაადგილდებოდა სამსახურებრივი-საშტატო იარაღით, მიეპარა პატიმარი გ.ს. და შარვლის საქამრეში არსებული იარაღის შესანახი სპეციალური ბუდიდან სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი ამოაცალა, რომლის გამოყენებითაც განახორციელა სამი გასროლა. ერთ-ერთი გასროლით მან თავის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა მიიყენა, რასაც შედეგად მისი გარდაცვალება მოჰყვა. ზემოაღნიშნულ საქმეზე, საქართველოს პროკურატურამ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიცერს (ჯგუფის უფროსს) ბრალდება სამსახურებრივი გულგრილობისთვის წარუდგინა. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით. დანაშაულში მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორი გ.ლ., რომელმაც მასთან ურთიერთობაში მყოფ ქალბატონს პირადი ცხოვრების საიდუმლო გაუვრცელა. კერძოდ, 2022 წლის მარტის თვეში, მეგობარ ქალთან ურთიერთობის გაწყვეტით გაბრაზებულმა გ.ლ-მ, შურისძიების მიზნით მასთან ურთიერთობაში მყოფი ქალის მეუღლეს, სოც. ქსელის „მესენჯერის“ საშუალებით ქალის ნახევრად შიშველი, ინტიმური შინაარსის ფოტოსურათი გაუგზავნა და მიწერა, რომ ცოლი ღალატობდა. აღნიშნული ქმედების შედეგად, დაზარალებულს მორალური სახის ზიანი მიადგა. დაზარალებული ქალის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის მომართვიდან მალევე, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორი დაკავებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით. დანაშაულში მხილებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის თანამშრომელი ზ.მ., რომელმაც 2022 წლის 17 ნოემბერს, ყოფით ნიადაგზე არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაზარალებულმა, განხორციელებული ძალადობის შედეგად ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა და სხეულის დაზიანება მიიღო. დაზარალებულის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის მომართვიდან მალევე, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამხედრო პოლიციის თანამშრომელი დაკავებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის,126' მუხლით და 11'- 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, არასათანადო მოპყრობის ფაქტზე მხილებულ იქნა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ინსპექტორი. 2022 წლის ნოემბრის თვეში, სხვადასხვა დროს, ქალაქ ბათუმში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის №3 პენიტენციურ დაწესებულებაში, პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა თ.შ.-მ, რომელსაც ევალებოდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი ჯარისკაცების სამსახურებრივი მოვალეობის სათანადოდ შესრულების ორგანიზება და კონტროლი, სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტა და დისციპლინის დარღვევისთვის 4 წვევამდელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილება გამოიყენა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით წერილობითი წინადადებებით პროკურორს მიმართა, რის შემდეგაც საქართველოს პროკურატურის მხრიდან დანაშაულში მხილებული ინსპექტორის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ზემოაღნიშნულ საქმეებზე გამოძიებას აგრძელებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური 2022 წლის 1 მარტს ამოქმედდა, შექმნის დღიდან მოყოლებული, სამსახურის მიერ არასათანადო მოპყრობის და სამართალდამცავების მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების გამოძიების შედეგად, სისხლისსამართლებრივი დევნა 23 სამართალდამცავის მიმართ არის დაწყებული“, - წერია განცხადებაში.
პირადი ცხოვრების საიდუმლოს გავრცელების საქმეზე ორ პირს პატიმრობა შეუფარდეს
სპეციალური საგამოძიებო სამსახური პირადი ცხოვრების საიდუმლოს გავრცელების, სქესობრივი კავშირის იძულების და გამოძალვის ფაქტზე ორი პირის დაკავების შესახებ იუწყება. გამოძიების თანახმად, ორივე დაკავებული დაზარალებულს ემუქრებოდნენ, რომ თუ უკანასკნელი მათთან არ დაამყარებდა სქესობრივ კავშირს, გაახმაურებდნენ მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებსა და ინტიმური შინაარსის ფოტოსურათებს. ასევე, ერთ-ერთმა ბრალდებულმა დაზარალებულთან იძულებით დაამყარა სქესობრივი კავშირი, რაც ფარულად გადაიღო და „მესენჯერის" საშუალებით ფოტოსურათები სხვა პირებს გაუგზავნა. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოში, 2022 წლის 24 ნოემბერს, მ.შ-ს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ 2000 წელს დაბადებული ბრალდებული ბ. გ. და 1997 წელს დაბადებული ა.ხ, როგორც სატელეფონო კომუნიკაციისას, ასევე პირადი შეხვედრისას, დაზარალებულს ემუქრებოდნენ, რომ თუ ეს უკანასკნელი მათთან არ დაამყარებდა სქესობრივ კავშირს გაახმაურებდნენ მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებსა და ინტიმური შინაარსის ფოტოსურათებს. ასევე, ბრალდებულმა ა.ხ.-მ დაზარალებულთან იძულებით დაამყარა სქესობრივი კავშირი, რაც ფარულად გადაიღო თავისი კუთვნილი მობილური ტელეფონით, რის შემდეგაც გააკეთა ვიდეოს ე.წ „სქრინები" (ფოტოსურათები) და „ფეისბუქის" აპლიკაცია „მესენჯერის" საშუალებით აღნიშნული ფოტოსურათები გაუგზავნა სხვა პირებს, ხოლო ბრალდებულმა ბ.გ-მ სახელის გამტეხი ცნობის გავრცელების მუქარით დაზარალებულს გამოსძალა თანხა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2022 წლის 29 ნოემბერს ორივე პირი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით. 2022 წლის 30 ნოემბერს, დაკავებულ ბრალდებულებს საქართველოს პროკურატურის მიერ წარედგინათ ბრალდება სსკ-ის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით(პირადი ცხოვრების საიდუმლოს გავრცელება), 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (სქესობრივი კავშირის იძულება) და 181-ე მუხლის პირველი ნაწილით (გამოძალვა სახელის გამტეხი ცნობის გავრცელების მუქარით) და სასამართლოს მიერ შეეფარდათ პატიმრობა. ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, - ნათქვამია ინფორამციაში.
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 7 პირი ამხილა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვეში, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 7 პირი ამხილა. „კერძოდ, 1977 წ. დაბადებული ზ.ქ. 2022 წლის მაისში, სოციალური ქსელის მეშვეობით არასრულწლოვანს სექსუალური ცხოვრების დეტალებზე ესაუბრებოდა, უგზავნიდა სექსუალური აქტის და სხვა ინტიმური შინაარსის ამსახველ ვიდეოებს. ასევე, თავადაც სთხოვდა მსგავსი ფოტოების და ვიდეოების გადაღებას. ზ.ქ,-მ მოპოვებული და უნებართვოდ შენახული არასრულწლოვანის ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერები უკანონოდ გაავრცელა, კერძოდ გადაუგზავნა არასრულწლოვანი დაზარალებულის თანაკლასელს, რითაც ხელყო პირადი ცხოვრების საიდუმლო და სქესობრივი ხელშეუხებლობა. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1978 წ. დაბადებულმა ე.შ-მ და 1986 წ. დაბადებულმა ნ.მ.-მ 2022 წლის მარტიდან სექტემბრის ჩათვლით უკანონოდ მოიპოვეს და ინახავდნენ სხვა პირის შიშველი სხეულის ამსახველ ფოტოებს, რაც შანტაჟის მიზნით გაავრცელეს, კერძოდ გადაუგზავნეს დაზარალებულის ოჯახის წევრს. აღნიშნული ქმედებით ბრალდებულებმა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოება ხელყვეს. გამოძიებით დადგინდა, რომ 1993 წ. დაბადებულმა ბ.ბ-მ, ქ. თბილისში, 2022 წლის სექტემბრის თვეში უკანონოდ მოიპოვა და უნებართვოდ ინახავდა დაზარალებულის ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერს. ბრალდებული ბ. ბ. 2022 წლის ოქტომბრის განმავლობაში, აღნიშნული ვიდეოების გასაჯაროების მუქარით, დაზარალებულს თანხას სისტემატურად ართმევდა, რითაც ხელყო დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლო და მიაყენა მატერიალური ზიანი. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დანაშაულში ასევე მხილებულია 3 პირი, რომლებიც სხვადასხვა დროს თბილისსა და სამეგრელოში, უკანონოდ იღებდნენ დაზარალებულებთან სქესობრივი აქტის ამსახველ ვიდეოებს და ინტიმური შინაარსის ფოტოებს, რომლებსაც მობილურ ტელეფონებში უკანონოდ ინახავდნენ. ასევე, მისი გავრცელების მუქარით, დაზარალებულებს ინტიმური ხასიათის ახალი ფოტოების გადაღებას და გადაგზავნას აიძულებდნენ. საგამოძიებო სამსახურის მიერ დანაშაულში მხილებულ 6 პირს, საქართველოს პროკურატურამ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო 1 პირს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 141-ე მუხლით წარუდგინა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ზემოაღნიშნულ საქმეებზე აგრძელებს გამოძიებას. ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თბილისში შსს-ს თანამშრომლის მკვლელობის საქმეზე სპეციალური საგამოძიებო სამსახური დეტალებს ავრცელებს
სპეციალური საგამოძიებო სამსახური თბილისში შსს-ს თანამშრომლის მკვლელობის საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის ა. შ.-ს განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვისა და ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს. „ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2023 წლის 8 იანვარს, დაახლოებით 01:00 საათზე, თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში მყოფი თანამშრომლის - გ. მ.-ს საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდნენ თავად გ.მ. და მისი მეგობრები: შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი - ა. შ. და დ. ლ. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გ.მ. იქცეოდა არაადეკვატურად, საუბრობდა გაუცნობიერებელად და სტუმრების მიმართ გახდა აგრესიული, რა დროსაც გ. მ.-მ მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ა. შ.-ს მისამართით რამდენიმე გასროლა განახორციელა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ა. შ. ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებული ადგილზე დააკავეს. ვინაიდან ბრალდებული გ.მ. დანაშაულის ჩადენის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში იმყოფებოდა, საქმე გამოსაძიებლად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. საქმეზე ჩატარდა გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. კერძოდ, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი; ამოღებული იქნა გამოძიებისთვის საინტერესო სხვადასხვა ნივთები, მათ შორის: დანაშაულის იარაღი, ვაზნები, მასრები, ტანსაცმელი, მობილური ტელეფონები, პირადი ნივთები და სხვა; აღებულია ბიოლოგიური მასალის და სხვადასხვა სახის საკვლევი ნიმუში; ამოღებულ საგნებზე დაინიშნა კომპლექსური ექსპერტიზა, ხოლო გარდაცვლილის გვამზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. გამოიკითხა შემთხვევის შემსწრე და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები; გამოძიებისთვის საინტერესო ლოკაციებზე ჩატარდა დათვალიერება და მიმდინარეობს საქმისთვის მნიშვნელოვანი ვიდეოკამერების შესწავლა; სპეციალური საგამოძიებო სამსახური ინტენსიურ რეჟიმში ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას სრულყოფილი გამოძიების უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მსხვერპლთა უფლებების დაცვის სამმართველო იქმნება
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ადამიანის უფლებების დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნისა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეკომენდაციების ეფექტურად შესასრულებლად მსხვერპლთა უფლებების დაცვის სამმართველო შეიქმნება. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ , მოადგილეებთან ერთად აღნიშნული ინიციატივა ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) ერთობლივი ინიციატივის „ადამიანის უფლებები ყველასათვის – ფაზა 2“ მხარდაჭერით, განსახილველად და რეკომენდაციების მისაღებად არასამთავრობო სექტორისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს წარუდგინა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და ობიექტური გამოძიების წარმართვის აუცილებელ წინაპირობას გამჭვირვალობისა და საზოგადოებრივი ნდობის მაღალი ხარისხის არსებობა განაპირობებს. სწორედ ამიტომ, ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი გარანტიების შექმნა და პოტენციურ მსხვერპლზე მორგებული ეფექტური კომუნიკაციის მექანიზმების დანერგვა სამსახურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ამოქმედებიდან მალევე პოტენციური მსხვერპლისთვის საქმის მასალების გაცნობის გამარტივებული წესი შეიმუშავა; მსხვერპლთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით კი სამსახურში დაცვის სპეციალური პროგრამა აამოქმედა. ახალი სამმართველო სწორედ ზემოაღნიშნული სიახლეების პრაქტიკაში ეფექტურად განხორციელებაზე იქნება ორიენტირებული და პოტენციური მსხვერპლის, დაზარალებულის უფლებების დაცვის დამატებით გარანტიებს შექმნის. ახლად შექმნილი სამმართველო გაამარტივებს გამოძიების პროცესში მსხვერპლის ჩართულობასა და გამომძიებელთან კომუნიკაციას, ხელს შეუწყობს დანაშაულის შედეგად გამოწვეული სტრესის შემცირებას და გამოძიების მიმდინარეობისას მსხვერპლთა და დაზარალებულთა ინფორმირებულობას. მსხვერპლთა უფლებების დაცვის სამმართველო დაკომპლექტდება მაღალკვალიფიციური, სპეციალიზებული და ღია კონკურსის წესით შერჩეული კადრებით, რომლებიც სამსახურის ხელშეწყობითა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მიზნობრივ პროფესიულ გადამზადებას გაივლიან.
ზურაბ ჯაფარიძის მიმართ პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძისა და სხვა დემონსტრანტების მიმართ განხორციელებულ პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ტარდება. „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან, 2023 წლის 7-8 მარტს, ქალაქ თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართული საპროტესტო აქციის დროს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის და აქციის სხვა მონაწილეების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად”, - ნათქვამია განცხადებაში. პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. კენჭისყრას წინ უძღოდა ამერიკის საელჩოს განცხადება, რომ „დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა“. კობახიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: შავი დღე არის რადიკალური ოპოზიციისთვის უფრო ადრე, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის თანაშემწემ განაცხადა, რომ ეს არის კანონი, რომელიც ეფუძნება რუსეთის და არა საქართველოს ინტერესებს. პარალელურად, საპროტესტო აქცია დილიდან მიმდინარეობდა პარლამენტთან. გვიან საღამოს, პოლიციამ პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან 66 პირი დააკავეს. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 28 თებერვალსაც. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი განცხადება „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით 2 მარტს გაკეთდა. პრესსპიკერ ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ბევრი პროპაგანდა იყო, მათ შორის ის რომ, შემოთავაზებული წინადადება თითქოს ეფუძნება ამერიკულ კანონმდებლობას, რაც ნედ პრაისის განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს პირველი კომენტარი იყო მას შემდეგ, რაც პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. ნედ პრაისის განცხადებითვე, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. ეს კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა. შალვა პაპუაშვილი დუნია მიატოვიჩს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებზე: მინდა დაგარწმუნოთ, დისკუსიები იქნება ინკლუზიური რას გულისხმობს კანონპროექტი პროექტები სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ არის წარდგენილი. მისი მიხედვით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ და ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. „ხალხის ძალის“ მეორე კანონპროექტით, რომელსაც თავად ამერიკულიდან გადმოთარგმნილს უწოდებენ, („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტი) უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით. ამასთან, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ. ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებსა და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, ასევე პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“. ინფორმაციისთვის, აშშ-ში ამ ტიპის კანონი (FARA) პირველად 1938 წელს მიიღეს, მოგვიანებით კი, მასში ცვლილებები შევიდა. თავდაპირველად, კანონი მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში ნაცისტური პროპაგანდისთვის ხელის შესაშლელად შემოიღეს. მოგვიანებით, კანონში ცვლილება შევიდა და ახლა ის ძირითადად, უცხოურ ლობისტურ ორგანიზაციებსა და ლობისტებზე ვრცელდება. შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ განმარტა, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტი რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას ეფუძნება. აშშ-ის განმარტებით, ამერიკული კანონი არ ახდენს გავლენას არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე ან დაფინანსების წყაროებზე. „FARA ძალიან ვიწროა და შექმნილია, რომ მხოლოდ უცხოეთის მთავრობების აგენტებს მოერგოს, რაც ძალიან განსხვავებული რამ არის და ამიტომ ვართ ამის გამო ასე შეშფოთებულები”, - განმარტა ნედ პრაისმა.
შსს-ს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან აქციის მონაწილეებისადმი სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან 7-8 მარტს აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე. მათივე განმარტებით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ტარდება და იგეგმება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასა და რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე მყოფი მოქალაქეების მიმართ სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების და დაზიანების მიღების ფაქტებთან დაკავშირებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში მოქალაქეებისგან, ჟურნალისტებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და სახალხო დამცველის აპარატიდან 22 შეტყობინება შემოვიდა. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან 2023 წლის 7-8 მარტს აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. სამსახური თითოეულ შემოსულ შეტყობინებაზე სამართლებრივ რეაგირებას ახორციელებს, ასევე სწავლობს მედიასაშუალებებით გასულ ვიდეოკადრებში ასახულ აქციის მონაწილეების დაკავებისას ძალის შესაძლო გადამეტების ინდივიდუალურ შემთხვევებს. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ტარდება და იგეგმება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებს“, – ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, „ტვ პირველის“ ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, „ტვ პირველის“ ჟურნალისტ ნატო გოგელიას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა,- ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ჟურნალისტ ნატო გოგელიას ბრალდებულმა პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, წაართვა და დაუზიანა მობილური ტელეფონი. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის; ძალადობის და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებული იქნა მ.ა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 15 მარტს, ტელეკომპანია „TV პირველის“ ჟურნალისტი ნატო გოგელია ოზურგეთის რაიონში, სოფელ ბახვში ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა. რეპორტაჟზე მუშაობის დროს, ბრალდებულმა მ.ა.-მ, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, ჟურნალისტს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, წაართვა მობილური ტელეფონი და დაუზიანა. აღნიშნული ქმედებით, ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეეშალა, კერძოდ ვერ განახორციელა სიუჟეტის ჩაწერა, ხოლო ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. მ.ა. დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით, 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2022 წელს, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით გამოძიება 12 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო. ხსენებული საქმეების ფარგლებში სისხლისსამართლებრივი დევნა 7 პირის მიმართ იქნა დაწყებული“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე ოთხი პირი დააკავა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2023 წლის იანვრიდან მარტამდე პერიოდში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სქესობრივი კავშირის იძულების, პირადი მიმოწერის გავრცელებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ხუთი ფაქტი გახსნა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 1996 წელს დაბადებული ბ.ტ., 2022-2023 წლებში, სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ მეშვეობით მოტყუებით მოპოვებულ, დაზარალებულის შიშველი სხეულის ამსახველ ვიდეოებს უკანონოდ ინახავდა. „გარდა ამისა, ბრალდებულმა ზემოაღნიშნული ვიდეოების გავრცელების მუქარით, ქალს შიშველი სხეულის ამსახველი სხვა ვიდეოების გაგზავნა და მის მიერ დასახელებულ პირთან სქესობრივი კავშირის დამყარება მოსთხოვა. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით დაირღვა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოება და სქესობრივი თავისუფლება. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული ბ.ტ. 2023 წლის 14 მარტს დააკავა, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და 139-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 8 აგვისტოდან ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთში, 2002 წელს დაბადებულმა ლ.ხ.-მ დაზარალებულთან სატელეფონო კომუნიკაციის, ასევე შეხვედრების დროს, მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინფორმაციის და ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო ჩანაწერის გახმაურების მუქარით, სქესობრივი კავშირი იძულებით რამდენჯერმე დაამყარა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2023 წლის 23 იანვარს დაკავებული იქნა ბრალდებული ლ.ხ. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტზე მხილებული იქნა 1974 წელს დაბადებული გ.ქ. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ქ.-მ, 2020 წლის სექტემბერში, სხვა პირისადმი მესაკუთრეობითი დამოკიდებულების მოტივით, უკანონოდ მოიპოვა და გახსნა დაზარალებულსა და მესამე პირს შორის სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ არსებული მიმოწერა, გაეცნო შინაარსს და მოახდინა მიმოწერის ამსახველი ფოტოების, ე.წ. „სქრინშოთების“ გადაღება. მიუხედავად დაზარალებულის მოთხოვნისა, რომ მასალა წაეშალა, გ.ქ. კუთვნილ მობილურ ტელეფონში მათ უკანონოდ ინახავდა, რითაც ხელყო დაზარალებულის პირადი მიმოწერის საიდუმლოება. გ.ქ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მიმდინარე წელს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვა პირის ინტიმური შინაარსის ფოტოს, ვიდეოს და პირადი კომუნიკაციის ამსახველი მიმოწერების მოპოვების და გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით გავრცელებისთვის დაკავებული იქნა 2 პირი -გარდაბანის რაიონში მცხოვრები 2000 წელს დაბადებული ნ.ი. და წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 1985 წელს დაბადებული ა.ყ. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების აღსაკვეთად და დანაშაულში მხილებული პირების გამოსავლენად ბრძოლას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს“, – აღნიშნულია სპეცილური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მსხვერპლთა და მოწმეთა უსაფრთხოებისთვის დაცვის სპეციალური პროგრამა ამოქმედდა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ანგარიშის თანახმად, მსხვერპლთა და მოწმეთა უსაფრთხოებისთვის დაცვის სპეციალური პროგრამა ამოქმედდა. როგორც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშშია აღნიშნული, უწყებამ პოტენციურ მსხვერპლთა და დაზარალებულთა უფლებების დამატებითი გარანტიების შექმნის, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და გამოძიებაში ჩართვის მიზნით, დაცვის სპეციალური პროგრამა შეიმუშავა და პრაქტიკაში დანერგა. „აღნიშნული პროგრამა მსხვერპლისათვის პირადი დაცვის დანიშვნას, განგაშზე გამოძახებას, საცხოვრებელი ადგილის დროებით შეცვლას ან მის მიმართ უსაფრთხოების სხვა ზომების გამოყენებას ითვალისწინებს. ყველა სისხლის სამართლის საქმეში, სადაც პოტენციურ მსხვერპლს აქვს მოსალოდნელი საფრთხის განცდა, რომ ის ან მისი ოჯახის წევრი შეიძლება მოექცნენ ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ, სპეციალური საგამოძიებო სამსახური მათ დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვას სთავაზობს. სამართალდამცავების მიერ ჩადენილი შესაძლო არასათანადო მოპყრობის საქმეების ეფექტიანი გამოძიებისათვის არსებითად მნიშვნელოვანია, რომ მსხვერპლი ენდობოდეს საგამოძიებო ორგანოს და არ ქონდეს შიშის განცდა, რომ მას საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობისა და სამართალდამცავის მხილების შემთხვევაში, რაიმე სახის საფრთხე დაემუქრება. სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი და რეალური საფრთხის არსებობისას უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული სახელმძღვანელო დოკუმენტი პრაქტიკაში უკვე აქტიურად გამოიყენება. ყველა პოტენციურ მსხვერპლს მიეწოდება ინფორმაცია აღნიშნული პროგრამის არსებობისა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დაცვის სპეციალური ღონისძიებების ამოქმედების შესაძლებლობის თაობაზე“, – აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ანგარიშის სრულად ნახვა შესაძლებელია ბმულზე.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 3 სამართალდამცველი ძალადობრივ დანაშაულში ამხილა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიმდინარე წლის აპრილი-მაისის თვეში ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს - ორი და თავდაცვის სამინისტროს ერთი თანამშრომელი ძალადობრივ დანაშაულში ამხილა. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დანაშაულში მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი – ვ.გ., რომელმაც 2023 წლის 16 მარტს, ქალაქ თბილისში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს მოქალაქეს სახის არეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა და წააქცია, რის შედეგადაც დაზარალებულმა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო. „საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის ბრალდება წარუდგინა. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დანაშაულში მხილებული იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი დ. რ., რომელმაც ქალაქ თბილისში 2021 წლის დეკემბრისა და მაისს თვეში, ასევე 2022 წლის აპრილში ყოფილ მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. საქართველოს პროკურატურამ, სამართალდამცავს ოჯახში ძალადობის და მუქარისთვის ბრალდება წარუდგინა და სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით მიმართა. სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდებულს გირაო 4000 ლარის ოდენობით შეეფარდა და დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა“, – აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში. მათივე ცნობით, დანაშაულში ასევე მხილებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ლ. კ., რომელმაც 2022 წლის მაისის, ოქტომბრისა და ნოემბრის თვეში, ასევე 2023 წლის მარტში ქალაქ თბილისში მასთან ურთიერთობაში მყოფ ქალბატონს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. „საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ პირს ძალადობისა და მუქარისთვის ბრალდება წარუდგინა და სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით მიმართა. სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდებულს გირაო 7000 ლარის ოდენობით შეეფარდა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა თითოეულ საქმეზე გამოძიება დაზარალებული მოქალაქეების მომართვის შემდეგ მყისიერად დაიწყო. გამოძიების მიერ მოპოვებულ იქნა ძალადობრივ დანაშაულებში მონაწილე სამართალდამცავების მამხილებელი მტკიცებულებები, რაც მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას დაედო საფუძვლად“, – აცხადებენ უწყებაში. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, უწყების ერთწლიანი მუშაობის შედეგად არასათანადო მოპყრობისა და ძალადობრივი დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა 36 სამართალდამცავის მიმართ არის დაწყებული.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 7 პირი ამხილა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2023 წლის აპრილი-მაისის პერიოდში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე 5 პირი დააკავა, რომელთა შორის 1 ლიეტუვას მოქალაქეა, ხოლო 2 პირს-ბრალდება წარედგინა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს სოციალური ქსელით გაცნობილ ქალბატონებთან ურთიერთობა სხვადასხვა დროს ჰქონდათ რა დროსაც მათი პირადი კომპიუტერების, მობილური ტელეფონებისა და სოციალური ქსელების საშუალებით პირადი ცხოვრების ამსახველ ინტიმურ ფოტოებს, ხმოვან შეტყობინებებს, მიმოწერებს და ვიდეოებს მოიპოვებდნენ. „აღნიშნული ქმედებით დაირღვა მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოება. ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ქალაქ თბილისში მცხოვრები, 1978 წელს დაბადებული ზ.ც., 2014 წლიდან 2022 წლის ზაფხულამდე პერიოდში, დაზარალებულთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა და ასევე, დაზარალებულის ინფექციური დაავადების შესახებ ინფორმაციას ფლობდა. აღნიშული კი პირადი ცხოვრების საიდუმლოს წარმოადგენდა. ზ.ც.-მ 2022 წლის ზაფხულში, დაზარალებულის საერთო ნაცნობთან და 2023 წლის მარტის თვეში, სოციალური ქსელის პირად გვერდზე, დაზარალებულისგან თანხმობის გარეშე, მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინფორმაცია უკანონოდ გაავრცელა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულების მომართვის შემდეგ, მათი კონფიდენციალურობის სრული დაცვით საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების ჩატარება მოკლე დროში უზრუნველყო, რის შემდეგაც მოხდა ბრალდებულების დაკავება და მათთვის ბრალდების წარდგენა. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა) და 159 მუხლებით (პირადი მიმოწერის საიდუმლოს დარღვევა) გრძელდება. სპეციალური საგამოძიებო სამსახური პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების აღსაკვეთად და დანაშაულში მხილებული პირების გამოსავლენად ბრძოლას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური ლუკა შველიძის საგამოძიებო ორგანოში დაბარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სპეციალური საგამოძიებო სამსახური ლუკა შველიძის საგამოძიებო ორგანოში დაბარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქმეზე გამოძიება გუშინვე, მყისიერად დაიწყეს. „2023 წლის 18 ივნისს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, რომლის თანახმადაც მიმდინარე წლის 17 ივნისს, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პოლიციის თანამშრომელი კლინიკაში მყოფ ლუკა შველიძეს პალატაში იარაღით დაემუქრა, სამსახურმა ფაქტის შესწავლა მყისიერად გუშინვე დაიწყო. კერძოდ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი, 18 ივნისს, უწყებაში შეტყობინების შემოსვლისთანავე, დაუკავშირდა შეტყობინების ავტორს - ლუკა შველიძის დედას და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გასაუბრების მიზნით საგამოძიებო სამსახურში გამოცხადება სთხოვა. 2023 წლის 18 ივნისს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის მიერ ასევე შედგა სატელეფონო კომუნიკაცია ლუკა შველიძესთან და მას გასაუბრების მიზნით მისთვის სასურველ დროს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადება შეეთავაზა, რაზეც, მან განმარტა, რომ მიმდინარე წლის 20 ივნისს გამოცხადდებოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში. სპეციალური საგამოძიებო სამსახური აღნიშნული ფაქტის შესწავლას აგრძელებს, რა დროსაც კანონით გათვალისწინებულ ყველა საჭირო ღონისძიება განხორციელდება“,- ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ თსუ-ში მომხდარი დაპირისპირებისას დაშავებული სტუდენტის, ლუკა შველიძის განცხადებით, მის პალატაში იარაღიანი მამაკაცი შევიდა. ლუკა შველიძე აცხადებს, რომ აღნიშნული პირი მას პოლიციის თანამშრომლად გაეცნო. როგორც შველიძემ განმარტა, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო და მას დაკავებითაც დაემუქრა.
საგარეჯოში ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტებზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოქალაქე მ.შ. დაკავებული იქნა. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 6 ივლისს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ოპერატორი სულხან ჭკადუა საგარეჯოში, ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა. რეპორტაჟზე მუშაობის დროს, ბრალდებულმა მ.შ.-მ, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, ჟურნალისტს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტ ნათია წითელაურს და „მთავარი არხის“ ჟურნალისტ ია გულიაშვილს აგრესიული ქცევით არ მისცა საქმიანობის განხორციელების და სიუჟეტის ჩაწერის საშუალება“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მ.შ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე და 126-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დააკავეს.
ახალგაზრდას, რომელიც პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში კითხავენ
21 წლის ლაშა ჟღენტი პოლიციას ძალადობრივ ქმედებებში ადანაშაულებს. შემთხვევა თბილისში, ვერაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე მოხდა. ახალგაზრდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება. ლაშა ჟღენტი ძალადობასა და დამამცირებელ მოპყრობაში ადანაშაულებს იმ პოლიციელებს, რომლებმაც ის გასაჩხრეკად ძმასთან ერთად სახლის სიახლოვეს გააჩერეს. „მანქანაში რომ ჩამსვეს და ბორკილები დამადეს, მანქანაშიც მირტყეს თავში“, - ამბობს ის „მთავარ არხთან.“ პოლიციის მხრიდან ძალადობაზე საუბრობს მისი ძმაც, ლუკა ჟღენტი. ახალგაზრდების დედამ სოციალუ ქსელში დაწერა, რომ მომხდარის შემდეგ სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა ბიჭების 76 წლის ბებიას, რომელიც პოლიციელების მხრიდან ძალადობრივ ქმედებას შეესწრო. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს. ეს დანაშაული, დამტკიცების შემთხვევაში ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მხოლოდ 3 პოლიციელის მიმართ - ამ მუხლით გამოძიება დაიწყო 160-ზე მეტ შემთხვევაში.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით წარუდგინა. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საქართველოში ყოფნის პერიოდში ქართველი გოგო გაიცნო, რომელთანაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში თანაცხოვრობდა. ისინი ერთმანეთს პერიოდულად სოციალური ქსელებითა და სხვადასხვა ინტერნეტ აპლიკაციების საშუალებით ეკონტაქტებოდნენ, რა დროსაც ბრალდებული შიშველ მდგომარეობაში მყოფ დაზარალებულს სურათებს ფარულად უღებდა და ე. წ "სქრინებს" კუთვნილ მობილურ ტელეფონში ინახავდა. დაზარალებულთან ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, ბრალდებულმა უკანონოდ მოპოვებული სურათებით ვიდეოკოლაჟი დაამზადა და იგი დაზარალებული ქალის ახლობლებს გადაუგზავნა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულის მომართვის შემდეგ, მისი კონფიდენციალურობის სრული დაცვით, საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები ჩატარა, რის შემდეგაც დაკავებული იქნა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1992 წელს დაბადებული მ.ა.“ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ პატიმრის გარდაცვალების საქმეზე ინსპექტორი ამხილა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, პენიტენციურ დაწესებულებაში, პატიმრის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, სამსახურებრივი გულგრილობისთვის, დაწესებულების ინსპექტორ-კონტროლიორი ამხილეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 1 აგვისტოს, №10-ე პენიტენციურ დაწესებულებაში, ინსპექტორ-კონტროლიორმა, რომელსაც პატიმარ გ.გ.-ს სათანადო მეთვალყურეობა ევალებოდა არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა და არ გადაამოწმა საკნის სააბაზანო ოთახში მყოფი მსჯავრდებული. პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის სამსახურებრივი გულგრილობის შედეგად, უმეთვალყურეოდ დარჩენილმა პატიმარმა სააბაზანოში შეტანილი ზონრის გამოყენებით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პენიტენციური სამსახურის ხელშეწყობით, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება უზრუნველყო. კერძოდ, გამოიკითხა 35 პირი, დათვალიერდა №10 პენიტენციური დაწესებულება და შემთხვევის ადგილი, საიდანაც ამოღებული იქნა ნივთიერი მტკიცებულებები, ჩატარდა კომპლექსური ქიმიური, ბიოლოგიური, სასამართლო-სამედიცინო, მიკრონაწილაკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზები, ასევე მოპოვებული იქნა ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები. გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობისთვის, სამართალდამცავს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინა. დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ მოქალაქის მიმართ ადევნების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიების შედეგად, ნაცნობი ქალბატონის მიმართ განხორციელებული ადევნების ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უბნის უფროსი ინსპექტორი ამხილეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცავი 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის თებერვლამდე პერიოდში, რუსთავში, არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა ნაცნობ ქალბატონთან, კერძოდ, მისი ნების საწინააღმდეგოდ ხვდებოდა მას, ასევე, შეხვედრის მოთხოვნით უკავშირდებოდა ტელეფონისა და სოციალური ქსელების საშუალებით, ემუქრებოდა მათი მიმოწერის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით, გარდა ამისა, ადევნების გზით, უკანონოდ აკონტროლებდა მის გადაადგილებას. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ, საქმეზე ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა, რის შედეგადაც მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსპექტორს ბრალდება ადევნებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა. დანაშაული ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მუშაობის შედეგად, სამსახურის ამოქმედებიდან დღემდე, არასათანადო მოპყრობასა და ძალადობრივ დანაშაულში ჯამში 62 სამართალდამცავია მხილებული,“ - წერია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ამოქმედებიდან დღემდე, დანაშაულში 139 პირი ამხილა
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე საქმეებზე, ამოქმედებიდან დღემდე, პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო და დანაშაულში 139 პირი ამხილა. როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მხილებულ პირთაგან 62 სამართალდამცველია. „სპეციალური საგამოძიებო სამსახური გაზრდილი უფლებამოსილებით, 2022 წლის პირველი მარტიდან ამოქმედდა. სამსახური საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი ძალადობის, წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გარდა, მოქალაქეთა პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის, ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ სხვა დანაშაულებსაც იძიებს. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე საქმეებზე, ამოქმედებიდან დღემდე, პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო და დანაშაულში მხილებულია 139 პირი. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მხილებული 139 პირიდან, 62 - სამართალდამცველია, რომელთა მიმართაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არასათანადო მოპყრობისა და ძალადობისთვის დადგა. 65 პირი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულშია მხილებული, 12 პირი კი, ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში. სპეციალურ საგამოძიებო სამსახური, მის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე, დაზარალებულების და განმცხადებლების უშუალო ჩართულობითა და მონაწილეობით გამოძიებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების ამსახველი 300-ზე მეტი ფაილი ამოიღეს, დანაშაულში 14 პირი ამხილეს, მათგან 7 დააკავეს
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე 14 პირი ამხილა, მათგან 7 - დააკავა. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებულმა, თბილისში მცხოვრებმა გ.მ.-მ, 2023 წლის მარტში, ნაცნობ ქალთან ვიდეოზარით კომუნიკაციის დროს, მას შიშველი სხეულის ჩვენება მოსთხოვა და მისი ნებართვის გარეშე ფარულად ინტიმური შინაარსის აუდიო/ვიდეო მასალა გადაუღო. მოგვიანებით, გ.მ-მ, ქალბატონის რეპუტაციის შელახვისა და დამცირების მიზნით, აღნიშნული ინტიმური ვიდეო/აუდიო მასალა საჯაროდ სოციალურ ქსელ TIK TOK-ზე განათავსა. "სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვის შემდეგ, მისი კონფიდენციალურობის სრული დაცვით, გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული გ.მ. დააკავა. მას ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის წარედგინა. დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია ინფორმაციაში. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ასევე, დაკავებული იქნა ქალაქ რუსთავში მცხოვრები, 1992 წელს დაბადებული გ.ტ. "ჩატარებული გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა გ.ტ-მ, 2000 წელს დაბადებული ქალის FACEBOOK-ის გვერდზე უნებართვოდ შეაღწია და დაზარალებულის მიერ სხვა პირთან გადაგზავნილი მისი შიშველი სხეულის ამსახველი ფოტოები და ხმოვანი შეტყობინებები უკანონოდ მოიპოვა. 2022 წლის 26 მაისს და 2022 წლის 15 ივლისს, გ. ტ.-მ აღნიშნული პირადი ხასიათის მასალა დაზარალებულის მეგობრებსა და ნათესავს გადაუგზავნა, ასევე, საჯაროდ FACEBOOK-ის გვერდზე განათავსა. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული გ.ტ. დააკავა და მას ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის წარედგინა. დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება დანაშაულში მხილებულ დანარჩენ 12 პირს, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, როგორც ნაცნობ, ასევე, სოციალური ქსელის მეშვეობით გაცნობილ დაზარალებულებთან ურთიერთობა სხვადასხვა დროს ჰქონდათ. ისინი დაზარალებულების პირადი ცხოვრების ამსახველ ინტიმურ ფოტოებსა და ვიდეოებს მობილური ტელეფონებითა და სოციალური ქსელებით მოიპოვებდნენ და ასევე, სხვადასხვა სოციალური ქსელის გამოყენებით დაზარალებულების ახლობლებსა და სხვა პირებს უგზავნიდნენ. აღნიშნული ქმედებებით მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოება დაირღვა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულების მომართვის შემდეგ, მათი კონფიდენციალურობის სრული დაცვით, საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების ჩატარება მოკლე დროში უზრუნველყო. მთელი საქართველოს მასშტაბით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის, მობილური და კომპიუტერული ტექნიკიდან ინფორმაციის მოპოვების შედეგად, მტკიცებულების სახით 300 ერთეულზე მეტი პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო, ვიდეო და აუდიო ფაილი ამოიღო, ხოლო აღნიშნული მასალის განადგურება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ მოხდება. სპეციალური საგამოძიებო სამსახური, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების აღსაკვეთად და დანაშაულში მხილებული პირების გამოსავლენად ბრძოლას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
კოკა კაციტაძე: სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ამოქმედებიდან დღემდე, არასათანადო მოპყრობასა და ძალადობრივ დანაშაულში 62 სამართალდამცველი ვამხილეთ
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის კოკა კაციტაძის განცხადებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ არასათანადო მოპყრობისა და ძალადობისთვის მხილებული 153 პირიდან, 62 - სამართალდამცავია. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოსმენისას კაციტაძემ აღნიშნა, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური გაზრდილი უფლებამოსილებით, 2022 წლის პირველი მარტიდან ამოქმედდა, სამსახური საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი ძალადობის, წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გარდა კი, მოქალაქეთა პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის, ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ სხვა დანაშაულებსაც იძიებს. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მხილებული 153 პირიდან, 62 - სამართალდამცავია, რომელთა მიმართაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არასათანადო მოპყრობისა და ძალადობისთვის დადგა. 69 პირი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში იქნა მხილებული, 16 პირი კი ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში,“ - განაცხადა კოკა კაციტაძემ. მისივე თქმით, მნიშვნელოვნად გაზრდილი დატვირთვისა და მცირე ადამიანური რესურსის მიუხედავად, სამსახურმა 10 თვეში, 2514 შეტყობინებაზე მოახდინა რეაგირება, გამოძიება 420 საქმეზე დაიწყო. „237 (56%) სამართალდამცავების მიერ ჩადენილი შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტებს უკავშირდება, 129 (31%) საქმე - მოქალაქეების მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს, ხოლო 54 (13%) - სამართალდამცავების მიერ ყოფით ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებს”, - აღნიშნა კაციტაძემ. დღეს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კოკა კაციტაძეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს. მან ვრცლად ისაუბრა სამსახურის მიერ 2022 წელს განხორციელებულ საქმიანობაზე. კოკა კაციტაძემ თავის გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება სამართალდამცველების მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების და ადამიანის უფლებების და თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოძიების სტატისტიკურ მონაცემებს და ამ მიმართულებით გახსნილი საქმეების მაჩვენებელს დაუთმო. სპეციალური საგამოძიებო სამსახური გაზრდილი უფლებამოსილებით, 2022 წლის პირველი მარტიდან ამოქმედდა. სამსახური საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი ძალადობის, წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გარდა, მოქალაქეთა პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის, ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ სხვა დანაშაულებსაც იძიებს. კაციტაძის განცხადებით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე საქმეებზე, ამოქმედებიდან დღემდე, პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო და დანაშაულში მხილებულია 153 პირი. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მხილებული 153 პირიდან, 62 - სამართალდამცავია, რომელთა მიმართაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არასათანადო მოპყრობისა და ძალადობისთვის დადგა. 69 პირი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში იქნა მხილებული, 16 პირი კი ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში,“ - განაცხადა კოკა კაციტაძემ. მნიშვნელოვნად გაზრდილი დატვირთვისა და მცირე ადამიანური რესურსის მიუხედავად, სამსახურმა 10 თვეში, 2514 შეტყობინებაზე მოახდინა რეაგირება, გამოძიება 420 საქმეზე დაიწყო. 237 (56%)- სამართალდამცავების მიერ ჩადენილი შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტებს უკავშირდება, 129 (31%) საქმე - მოქალაქეების მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს, ხოლო 54 (13%) - სამართალდამცავების მიერ ყოფით ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებს.
დაკავებულია კაცი, რომელმაც ყოფილი მეუღლის სახლში ფარულად მოსასმენი მოწყობილობები დაამონტაჟა - საგამოძიებო სამსახური
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ყოფილი მეუღლისთვის მოსასმენი აპარატურის დამონტაჟების და მიყურადების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1979 წელს დაბადებულმა, თბილისში მცხოვრებმა ბრალდებულმა, ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ ბინაში - მისაღებსა და საძინებელში, ფარულად მოსასმენი მოწყობილობები დაამონტაჟა. მოწყობილობებში განათავსა სიმ ბარათები და მათზე სატელეფონო ზარის განხორციელების გზით, თვეების განმავლობაში დაზარალებულების კერძო კომუნიკაციის უკანონო მიყურადებას ახორციელებდა. „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ, საგამოძიებო მოქმედებები მისი კონფიდენციალურობის სრული დაცვით წარმართა. ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს. დანაშაული 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე გრძელდება გამოძიება,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
არასრულწლოვანი გოგოს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, არასრულწლოვანი გოგო პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, 2000 წელს დაბადებული გ.ბ. დააკავეს. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 2023 წლის სექტემბერში სოციალური ქსელით 13 წლის გოგო გაიცნო, რომელსაც „facebook”-ით საუბრისას, შიშველი სხეულის ამსახველ ფოტო/ვიდეო კადრების გადაღება და გაგზავნა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში სკოლასთან დახვედრით და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა. „შეშინებულმა არასრულწლოვანმა ზემოაღნიშნულ პირს ინტიმური შინაარსის შემცველი სხეულის ფოტო და ვიდეო კადრები გადაუგზავნა. ამის შემდეგ კი ბრალდებულმა არასრულწლოვანს აღნიშნული კადრების დედასთან და ახლობლებთან გავრცელების მუქარით, დამატებით ფოტო და ვიდეომასალის გადაგზავნა აიძულა. ასევე, ბრალდებულმა არასრუწლოვანი მუქარით აიძულა, კბილის ჯაგრისის გამოყენებით სექსუალური ხასიათის სხვადასხვა მოქმედება განეხორციელებინა და ამის ამსახველი კადრები მისთვის გადაეგზავნა. მას შემდეგ, რაც მომხდარი ფაქტის შესახებ 13 წლის არასრულწლოვნის დედამ შეიტყო, მან დასახმარებლად და დანაშაულზე რეაგირებისთვის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა. მოკლე დროში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკავებული იქნა ბრალდებული გ.ბ., რომლის პირადი ჩხრეკისას, მობილურ ტელეფონში ნანახი იქნა არასრულწოვნის ინტიმური შინაარსის ფოტო/ვიდეო მასალა. საქართველოს პროკურატურამ მას ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებისა და გარყვნილი ქმედებისთვის წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების ხელყოფის კიდევ ერთი ფაქტი გახსნა და 1987 წელს დაბადებული ო.ა. დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა, 1987 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა ო. ა.-მა, ყოფილ მეუღლეს მობილური ტელეფონი წაართვა, და საკუთარ მობილურ ტელეფონში დაზარალებულის პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის ფოტოები გადაიტანა. აღნიშნულის შემდეგ, ყოფილ მეუღლესთან უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით ინტიმური შინაარსის ფოტოები დაზარალებულის ნათესავებს „whatsapp” -ის საშუალებით გადაუგზავნა. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული ო.ა. დააკავა და მას ბრალდება გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის წარედგინა. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების აღსაკვეთად და დანაშაულში მხილებული პირების გამოსავლენად ბრძოლას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. საზოგადოების, განსაკუთრებით კი არასრულწლოვნების ცნობიერების ამაღლების და მათი პირადი ცხოვრების დასაცავად, სპეციალური საგამოძიებო სამსახური სკოლებში აქტიურ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს ატარებს. ნებისმიერ დაზარალებულ პირს შეუძლია დააფიქსიროს შეტყობინება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცხელ ხაზზე: #199 ან მიმართოს სამსახურის ოფისებს მთელი საქართველოს მასშტაბით შემდეგ მისამართებზე: ქალაქი თბილისი, მიხეილ ასათიანის ქ. N9. ქალაქი ქუთაისი (მის: ი. აბაშიძის გამზირი N 22), ქალაქი ბათუმი (მის: გ. მაზნიაშვილის ქ N 54), ქალაქი ზუგდიდი (მის: კოსტავას ქ. N 58) და ქალაქი თელავი (მის: ერეკლე II-ის გამზირი, №16),“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოსახლების დროს სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომლითაც იუწყება, რომ სამართალდამცველების მხრიდან, 2024 წლის 23 იანვარს, თბილისში, კ.კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე მოვლენების და საპროტესტო აქციის დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო. „სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად,“ - წერია განცხადებაში. შსს კეკელიძეზე: ადმინისტრაციული წესით 18, ნივთის დაზიანებისთვის კი, დაკავებულია ორი პირი
ხელბორკილის გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცდა
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაკავებული პირების მიმართ ხელბორკილის გამოყენების ინსტრუქცია ამოქმედდა, რომელიც ხელბორკილის და ძალის გამოყენების ფორმას, ზომას და შემთხვევებს განსაზღვრავს. უწყების ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ გიორგი კვარაცხელიამ, ოპერატიული დანაყოფის თანამშრომლებთან გამართულ შეხვედრაზე დოკუმენტის მნიშვნელობასა და დაკავების ღონისძიებების დროს პროპორციული ზომის გამოყენების წესებზე ისაუბრა. „ხელბორკილის გამოყენების ერთიანი სტანდარტის დამკვიდრება, დაკავებული პირების მიმართ ხელბორკილის არამართლზომიერად გამოყენების რისკებს შეამცირებს, უფრო მეტად დაცულს გახდის დაკავებულ პირთა უფლებებს და აამაღლებს სამართალდამცავების პროფესიულ სტანდარტებს. დოკუმენტი ევროკავშირისა (EU) და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით შეიქმნა და დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ ჩატარებულ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზსა და დიდი ბრიტანეთის გამოცდილებას ეფუძნება. ბორკილების გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებამდე შეფასებისთვის, სახალხო დამცველის აპარატის, უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს წარედგინა. დოკუმენტი მოქალაქეთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით დადებითად შეფასდა. საჯარო განხილვისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ მოსაზრებების წარმოდგენის შემდეგ, დოკუმენტი სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცდა და შესასრულებლად სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისთვის სავალდებულო გახდა,“ - წერს უწყება.
ძალადობის და მუქარის ფაქტებზე სამართალდამცველია მხილებული - სპეციალური საგამოძიებო სამსახური
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ძალადობის და მუქარის ფაქტებზე სამართალდამცავი ამხილა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 და 2024 წლებში, ბრალდებული არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, თავის მეუღლეზე ფიზიკურად ძალადობდა და მას სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით ემუქრებოდა. „2023 წლის ოქტომბრისა და დეკემბრის თვეში, ბრალდებულმა თავის მეუღლესთან ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მასზე ფიზიკურად რამდენჯერმე იძალადა და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა. 2024 წლის თებერვალში, ბრალდებული მეუღლეს სოციალურ ქსელ Facebook-ით კომუნიკაციისას, სახლის დაწვით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვისთანავე, გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა და მტკიცებულებების მოპოვება მყისიერად უზრუნველყო, რის საფუძველზეც არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარის ფაქტებზე, საქართველოს პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 11 პრიმა 151 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით სამართალდამცავს ბრალდება წარედგინა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი დააკავა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 63 წლის მამაკაცი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, მათ პირადი ცხოვრების ხელყოფის კიდევ ერთი ეპიზოდი გახსნეს, რის შედეგადაც 39 წლის მამაკაცი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებული დაზარალებული ქალი სასიყვარულო/ინტიმურ ურთიერთობაში იმყოფებოდა 1960 წელს დაბადებულ ბრალდებულთან, რომელიც მათ შორის არსებულ სქესობრივ კავშირს მობილური ტელეფონით იღებდა. ამავე პერიოდში, დაზარალებული ბრალდებულს თავისი ინტიმური შინაარსის ფოტოებსაც უგზავნიდა. მას შემდეგ რაც დაზარალებულმა აღარ მოინდომა ურთიერთობის გაგრძელება ბრალდებულთან, ამ უკანასკნელმა, შურისძიების მოტივით, 2024 წლის თებერვლის თვეში, აპლიკაცია „Whatsapp”-ის გამოყენებით, ზემოაღნიშნული ინტიმური შინაარსის მასალა დაზარალებულის ოჯახის წევრს გადაუგზავნა. დაზარალებულის მომართვის შემდეგ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის მიერ გაჩხრეკილი იქნა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლი, ასევე ჩატარდა ბრალდებულის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა დაზარალებული ქალის ინტიმური შინაარსის მასალა, რის შემდეგაც, დაკავებული იქნა ბრალდებული. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გახსნილ იქნა პირადი ცხოვრების ხელყოფის კიდევ ერთი ეპიზოდი, რის შედეგადაც, დაკავებულია 1985 წელს დაბადებული პირი. ბრალდებულს 2021-2022 წლებში, ინტიმური ხასიათის ურთიერთობა ჰქონდა დაზარალებულ ქალთან, რა დროსაც ისინი ერთმანეთს სხვადასხვა გზით ეკონტაქტებოდნენ, მათ შორის ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით. ვიდეოზარის მიმდინარეობისას, ბრალდებული, ფარულად მობილური ტელეფონით შიშველ დაზარალებულს სურათებს (ე.წ. სქრინები) უღებდა. ბრალდებული, ასევე, მობილურ ტელეფონში უკანონოდ ინახავდა, მათი სქესობრივი კავშირის ამსახველ ვიდეო-ჩანაწერს. დანაშაულში მხილებულ ორივე ბრალდებულს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის ბრალდება წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ“, - ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მეუღლეზე ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი დააკავეს
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე, დაკავებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი პ.გ. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დანაშაული 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ოქტომბრის თვეში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა, პ.გ.-მ, ქ. ზესტაფონში, სამსახურში მიაკითხა მეუღლეს, ჩაისვა ავტომანქანაში და ეჭვიანობის ნიადაგზე ფიზიკურად იძალადა. აღნიშნულის შემდეგ იგი დაზარალებულს ავტომანქანის დაწვით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. იმავე დღეს, სახლში დაბრუნებისას, პ.გ-მ, მეუღლის ნების საწინააღმდეგოდ, თითქოსდა მისი დამშვიდების მიზნით, ფიზიკური ძალის გამოყენებით, რამდენიმე აბი წამალი დაალევინა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული მეუღლეზე არასრულწლოვნის თანდასწრებითაც ძალადობდა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ, გამოძიება მყისიერად დაიწყო და პროკურატურასთან თანამშრომლობით მოპოვებული იქნა სამართალდამცავის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები, რის შემდეგაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე იგი დაკავებული იქნა. სამართალდამცავს ბრალდება 48 საათში წარედგინება. დანაშაული 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამართალდამცველების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო“ - სპეციალური საგამოძიებო სამსახური
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პარლამენტთან სამართალდამცველების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს. „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2024 წლის 13 მაისს, საკანონმდებლო ორგანოსთან, სამართალდამცველების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო. სამსახური ძალის გადამეტების ყველა დანაშაულებრივ ეპიზოდზე ახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას. გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.