თეგი: სპორტი

„სპორტის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პარლამენტმა მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „სპორტის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა და პირველი მოსმენით, 79 ხმით მიიღო. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ ინიცირებული ცვლილებების პროექტი დეპუტატებს პირველი მოსმენით კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი მეძმარიაშვილმა გააცნო. მისი თქმით, სპორტის შესახებ მოქმედი კანონი პარლამენტმა 1996 წელს მიიღო, მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო კი 1999 წელს დაარსდა, შესაბამისად, მოქმედ კანონში ასახული არ არის ის ნორმები და მიდგომები, რასაც ანტიდოპინგური კოდექსი ითვალისწინებს. ამასთანავე, ირაკლი მეძმარიაშვილის განცხადებით, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ დოპინგის სფეროში მოქმედი საერთაშორისო სტანდარტები ეროვნულ კანონმდებლობებში აისახოს. კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, საკითხის მნიშვნელობიდან და აქტუალურობიდან გამომდინარე, „სპორტის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. „სპორტის შესახებ“ კანონში ცვლილებით, ანტიდოპინგურ სააგენტოსთან თანამშრომლობა და დოპინგკონტროლის სპორტის შესაბამის სახეობაში დაშვება დამოკიდებული აღარ იქნება სპორტული ორგანიზაციის თანხმობაზე, არამედ ყველა სპორტული ორგანიზაცია დოპინგსაწინააღმდეგო რეგულირების სფეროში ავტომატურად მოექცევა. ცვლილებებით, სპორტულ ორგანიზაციებს განესაზღვრებათ ვალდებულება, რომ, ცნობიერების ამაღლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების გარდა, უზრუნველყონ ანტიდოპინგური წესების დარღვევის შედეგად კანონმდებლობითა და კომპეტენტური ორგანოების, ორგანიზაციების მიერ განსაზღვრული შედეგების განხორციელება, მათ შორის შეუწყვიტონ სპორტსმენს ან სხვა პირს ყველა სახის დაფინანსება სანქცირების პერიოდში. ამასთან, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ დოპინგკონტროლის ფუნქციების განხორციელების უფლება მიენიჭებათ მხოლოდ იმ პირებს, ვისაც საერთაშორისო ან ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის მიერ გაცემული ან აღიარებული შესაბამისი სერტიფიკატი აქვთ.  

პრეზიდენტი: სპორტს სჭირდება თავისუფლება, შეიძლება, ამ კუთხით ცოტა ვკოჭლობდეთ

სპორტი ის სფეროა, რომელსაც ყველაზე მეტად ორი რამ სჭირდება: დისციპლინა და თავისუფლება - ჩიტმა ამბავი მომიტანა, რომ შეიძლება, ამ კუთხით ცოტა ვკოჭლობდეთ, მაგრამ არა უშავს, თავისუფლება არის ის, რაც მოსაპოვებელია,“ - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდა სპორტსმენებს, რომელთა მიღებაც კამპანიის - „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში ორბელიანების სასახლეში იმართება. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ინიციატივა ხორციელდება, რათა საქართველოს ევროპულობის შესახებ ევროპაში ერთობლივი განაცხადი გაკეთდეს. „ჯერ მივესალმე ყველაზე ახალგაზრდა თაობას, რომელიც წარმოადგენს ჩვენს სპორტულ მომავალს. დარწმუნებული ვარ, მათ საშუალება ექნებათ, იხილონ საქართველო ევროკავშირის წევრად. სანამ ეს მოხდება და დარწმუნებული ვარ, მალე მოხდება, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ სპორტული სამყარო შესულია ევროკავშირში, იქ უკვე წარმოადგენთ გამარჯვებულ საქართველოს, წარმატებულ საქართველოს, რომელსაც უკვე სპორტულ სამყაროში ყველა იცნობს სხვადასხვა სახეობით და წარმატებით ყველა სახეობაში. საქართველო პრაქტიკულად არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც უსაზღვრო რაოდენობით მოაქვს მედლები შინ. ამისთვის ნამდვილად ხართ იმის ღირსი, რომ საზოგადოებამ და საზოგადოების სახელით თქვენმა პრეზიდენტმა მადლობა გითხრათ. სპორტი, ალბათ, არის ის სფერო, რომელსაც ყველაზე მეტად ორი რამ სჭირდება: დისციპლინა - ეს რომ არ გქონდეთ, წარმატებული არ იქნებოდით; მეორე კი არის თავისუფლება. ჩიტმა ამბავი მომიტანა, რომ შეიძლება, ამ კუთხით ცოტა ვკოჭლობდეთ, მაგრამ არაუშავს, თავისუფლება არის ის, რაც მოსაპოვებელია, რაც ყოველდღიურად მოიპოვება და ჩვენზე, ყველაზეა დამოკიდებული. საზოგადოება ამ შემთხვევაში ყოველდღიურად აშენებს თავის მომავალსა და თავის თავისუფლებას. ამიტომ, მინდა ყველას გისურვოთ მეტი ევროპა, მეტი თავისუფლება და მეტი წარმატება. ვიცი, რომ თქვენს ხმას ევროპა გაიგონებს, რადგან თქვენი წარმატებებით უკვე ესმით თქვენი ხმა. საჭიროა ეს უფრო ხმამაღლა ვთქვათ, რათა ყველამ გაიგოს და ეს იყოს საქართველოდან ჩვენი საერთო ხმა. ვიცი, ბევრ ადგილზეა სხვადასხვა ინიციატივაა, რომელიც ერთად გროვდება. ესეც საზოგადოების ნიშანია, როდესაც ცალ-ცალკე და ერთად, ერთ გზავნილს ვუგზავნით ევროპას. ამ კუთხით 9 დეკემბერს იქნება არასამთავრობოების მარში, რომელსაც ჩვენ ვუერთდებით, როგორც სხვები გვიერთდებიან ჩვენ, რათა ეს იყოს ერთობლივი განაცხადი საქართველოს ევროპულობის, როდესაც ჩვენ რამდენიმე დღეში ველოდებით ძალიან გადამწყვეტ გზავნილს ევროპისგან. გაუმარჯოს ჩვენს ევროპულ მომავალს!,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.  

დიმიტრი აბდუშელიშვილმა საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის განვითარების სტრატეგია წარადგინა

საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი აბდუშელიშვილმა, ფედერაციის სამომავლო გეგმებსა და განვითარების სტრატეგიაზე პრეზენტაცია გამართა. ფედერაციის პრეზიდენტმა სტუმრებს ფედერაციის სამომავლო გეგმები გააცნო, რომელთა მიზანიც საქართველოში საწყლოსნო სპორტის სახეობების განვითარება და პოპულარიზაციაა. დიმიტრი აბდუშელიშვილმა ასევე წარადგინა მსოფლიოში ცნობილი, ტიტულოვანი უცხოელი მწვრთნელები და კონსულტანტები, რომლებიც ფედერაციასთან და ყველა ნაკრებ გუნდებთან ითანამშრომლებენ. პრეზენტაცია ასევე მოიცავდა ყველა იმ ძირეულ ცვლილებას, რომელიც საწყლოსნო ფედერაციაში უკვე განხორციელდა, ან სამომავლოდ იგეგმება მათი განხორციელება.  კერძოდ: ახალი საწვრთნელი ბაზის შექმნა, მწვრთნელთა გადამზადების ცენტრის ამოქმედება, მეკარეების სასწავლო ცენტრის განვითარება და სამედიცინო მომსახურების სისტემის გაუმჯობესება. ხსენებულ ღონისძიებას დაესწრო საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, რომელმაც საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მინისტრმა ფედერაციასა და სპორტსმენებს მადლობა გადაუხადა საწყლოსნო სპორტის განვითარების მიმართულებით გადადგმული თითოეული ნაბიჯისთვის და მათ წარმატება უსურვა. თავის მხრივ, ევროპის საწყლოსნო ფედერაციის პრეზიდენტმა ანტონიო სილვამ დადებითად შეაფასა ფედერაციის საქმიანობა და საქართველოს საწყლოსნო ფედერაციის პრეზიდენტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა სამომავლო საქმიანობაში.