თეგი: სპორტის უნივერსიტეტი
თეა წულუკიანი: სპორტს აფინანსებს სახელმწიფო და კერძო სექტორი და არა მხოლოდ სახელმწიფო, როგორც ეს საბჭოთა კავშირში იყო
სპორტის უნივერსიტეტი ადგილმდებარეობას არ შეიცვლის და ახალი შენობა ჭავჭავაძის გამზირზე, იმავე ადგილას 2025 წლისთვის აშენდება, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა. „ჩემი ვარაუდით, ორ-სამ კვირაში საქართველოს მთავრობა მოიწონებს და დაამტკიცებს სპორტის სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს ერთობლივ ინიციატივას, რომელიც გულისხმობს იმას, რაც ყველას გვინდოდა, რომ სპორტის უნივერსიტეტი კი არ გადასახლდეს სხვაგან, არამედ დარჩეს იქ, სადაც არის სიმბოლო, ის ადგილი, სადაც დიდი სპორტსმენები სწავლობდნენ და ყალიბდებოდნენ ჩვენი ქვეყნის სიამაყეებად. ეს გახლავთ ჩვენს დედაქალაქში, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე. ეს არის დიდი მიღწევა, რადგან გარკვეული წლების წინ დაგეგმილი იყო, ჯერ წინა ხელისუფლების დროს სპორტის უნივერსიტეტის გასხვისება, უბრალოდ გაყიდვა. უნდა მივიდეთ იმ აზრამდე, რომ სპორტს აფინანსებს სახელმწიფო და კერძო სექტორი და არა მხოლოდ სახელმწიფო, როგორც ეს იყო საბჭოთა კავშირში. ახალი უნივერსიტეტი აშენდეს თავიდან, აშენდეს იქ, სადაც ის დღეს დგას და ტრადიციულად იდგა. სამხარაულის ექსპერტიზა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რაც ისედაც ვიცოდით, რომ ამ შენობის გამაგრება და რეაბილიტაცია შეუძლებელია. კედლები არაერთ ადგილას არის გახსნილი. ჩვენ სასწავლო პროცესი უკვე ვეღარ ვაწარმოეთ ამ შენობაში. მადლობას ვუხდი სხვადასხვა დაწესებულებას და პირველ რიგში, სოხუმის უნივერსიტეტს, რომელმაც სპორტის უნივერსიტეტი არაერთხელ შეიფარა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.