თეგი: სრტიქია

ვიკვლევთ, გააკეთა თუ არა ყველაფერი სახელმწიფომ იმისთვის, რომ აცილებული ყოფილიყო თავიდან ესა თუ ის უბედური შემთხვევა თუ სტიქია - ომბუდსმენი

სახალხო დამცველის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი იკვლევს, შესაძლებელი იყო თუ არა სტიქიის შედეგად გამოწვეული ტრაგიკული შემთხვევების თავიდან აცილება. „ჩვენ, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ ეკოლოგიაზე, ეკოლოგიის შედეგად წარმოქმნილი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული ადამიანის უფლებებზე, მათ შორის, შოვის ნაწილზეც. რა თქმა უნდა, ამ ნაწილზეც ჩავერთვებით. ჩვენ ვიკვლევთ, გააკეთა თუ არა ყველაფერი სახელმწიფომ იმისთვის, რომ აცილებული ყოფილიყო თავიდან ესა თუ ის უბედური შემთხვევა თუ სტიქია," - განაცხადა ლევან იოსელიანმა „მთავარი არხის“ ცნობით. იმერეთის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვლის ღამეს ჩამოწვა. მიწის მასაში მოყვა 4 საცხოვრებელი სახლი.  ბაღდათში სტიქიის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთის ტერიტორიაზე მეწყრული პროცესების გააქტიურება "რთულ ტექტონიკურ და მორფოლოგიურ პირობებთან ერთად, ძირითადად დაკავშირებულია 5-6-7 თებერვალს მოსულ უხვ ატმოსფერულ ნალექებთან." უწყების ცნობით, 6 თებერვალს დიდთოვლობის შედეგად ხულოში ჩამოწვა ზვავი და განვითარდა მეწყრული პროცესები. სტიქიური მოვლენების შედეგად დაღუპულია ორი ადამიანი. ასევე, მიმდინარე წლის 6 თებერვალს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითში ჩამოწვა მეწყერი.