თეგი: სსფ

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოსთვის 280 მლნ აშშ დოლარის მოცულობის პროგრამა დაამტკიცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოსთვის ახალი, 280 მლნ აშშ დოლარის მოცულობის პროგრამა დაამტკიცა.   მათივე ცნობით, ეს არის საფინანსო ინსტრუმენტი (Stand-By Arrangement) ე.წ. ბუფერული თანხა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში (მიმდინარე მდგომარეობით ჩამორიცხვა არ იგეგმება), იქნება ათვისებული და წარმოადგენს დაზღვევის მექანიზმს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. ახალი პროგრამის დამტკიცებასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ რელიზში ხაზგასმულია, რომ პროგრამის მიზანია ფისკალური ბუფერების აღდგენა, ფისკალური ჩარჩოს გაძლიერება, გარე საფრთხეებისადმი მოწყვლადობისა და ინფლაციის შემცირება, ფინანსური სექტორის მდგრადობის შენარჩუნება, ისევე, როგორც უფრო ძლიერი და მეტად ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ ფონდის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს ხელისუფლების პროგრამა მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შემდგომ განმტკიცებას, საშუალოვადიანი ზრდის პერსპექტივების გაზრდას რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე. „ახალი სამწლიანი პროგრამის დაწყებაზე შეთანხმება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მისიასთან მიღწეულ იქნა მიმდინარე წლის აპრილში მაკროეკონომიკური პარამეტრების იმ პერიოდისათვის არსებული მონაცემებისა და დაშვებების გათვალისწინებით. ახალ პროგრამაში ასახულია ყველა ის სტრუქტურული რეფორმა, რომელიც საქართველომ წარადგინა, მათ შორის, სახელმწიფო საწარმოების მართვის, განათლების, შრომის ბაზრის განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს $38 მილიონის რესურსს გამოუყოფს

საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან $38 მილიონს მიიღებს - ამას ფონდის მისიასა და საქართველოს მთავრობას, ასევე ეროვნულ ბანკს შორის მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს. საქართველომ დააკმაყოფილა ყველა ის ძირითადი პირობა, რომელიც პროგრამის ფარგლებში იყო გათვალისწინებული, ამის შესახებ ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ჯეიმს ჯონმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  „საქართველოს ხელისუფლებასთან პროდუქტიული განხილვების შედეგად მიღწეულია ტექნიკური შეთანხმება მისიასა და ხელისუფლებას შორის პირველ მიმოხილვასთან დაკავშირებით. როგორც პრეზიდენტმა ბრძანა, ეს გადაწყვეტილება წარედგინე აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს და დეკემბერში იქნება მიღებული გადაწყვეტილება. მიმოხილვის დასრულება 30 მილიონი SDR-ის გამოყოფას გულისხმობს, რაც დოლარებში 38 მილიონი დოლარია. 2022 წელს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 10%-ია, ხოლო წლის ბოლოს წლიური ინლფაცია 10.5% იქნება. 2023 წლიდან ეკონომიკის ზრდის ტემპის და ინფლაციის შენელებას ველით. საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკის ზრდა მის პოტენციურ მაჩვენებელს, დაახლოებით 5%-ს დაუახლოვდება. ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების და პროდუქტიულობის გაზრდაზე მიმართული სტრუქტურული რეფორმების დახმარებით. პროგნოზის მიხედვით, საშუალო ინფლაცია სებ-ის სამიზნე, 3%-იან მაჩვენებელზე 2024 წელს შემცირდება.პირველი მიმოხილვის დასრულებისთვის საჭირო ყველა რაოდენობრივი კრიტერიუმი: ინფლაციის, ფისკალური და საერთაშორისო რეზერვების ჩათვლით დაკმაყოფილებულია. ხელისუფლების მიერ გატარებული სტრუქტურული რეფორმები მოიცავს საგადასახადო პოლიტიკასა და ადმინისტრირებას, ფინანსურ ზედამხედველობას, სახელმწიფო ინვესტიციების მართვას და კლიმატთან დაკავშირებული ფინანსური რისკების შეფასებას. ხელისუფლებამ ახლახან გამოაცხადა განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის ისეთი სქემა, რომელიც თავის მხრივ ფისკალურ რისკებს შეზღუდავს. ასევე პროგრესია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების მმართველობის რეფორმის მიმართულებით.გლობალური ეკონომიკური და ფინანსური განვითარების გარშემო არსებული მაღალი გაურკვევლობის ფონზე, ეკონომიკური პოლიტიკა მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებასა და სტრუქტურულ რეფორმებზე მტკიცედ ორიენტირებული უნდა დარჩეს,” - განაცხადა ჯეიმს ჯონმა.