თეგი: სტაჟიორი
სტაჟიორებს საჯარო სამსახურში საქმიანობა შესაძლოა, სამსახურებრივ სტაჟად ჩაეთვალოთ
სტაჟიორებს საჯარო სამსახურში საქმიანობა სამსახურებრივ სტაჟად ჩაითველებათ. შესაბამისი ცვლილებები ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება. ცვლილებებით, სტაჟიორს უფლება ექნება, ერთსა და იმავე დამსაქმებელთან სტაჟირება გაიაროს მხოლოდ ორჯერ. პროექტით კონკრეტდება, რომ საჯარო დაწესებულებაში სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ კანონმდებლობა სტაჟირებისა და სტაჟიორის ცნებას არ ცნობს, რაც გამოწვევას წარმოადგენს, რადგან საჯარო სამსახურებში სტაჟიორები დღესაც არიან დასაქმებული, მაგრამ მათ აღნიშნული სამსახური არ ეთვლებათ სამსახურებრივ სტაჟში და მონაწილეობას ვერ ღებულობენ პირველი, მეორე და მესამე რანგის მოხელის თანამდებობაზე გამოცხადებულ დახურულ კონკურსში. ფრაქციას მიაჩნია, რომ საჯარო სამსახურის სისტემის გაძლიერებისა და განვითარებისთვის, საჭიროა, საჯარო სამსახურში დასაქმების საშუალება მიეცეთ ახალგაზრდა, მოტივირებულ და ენერგიულ კადრებს. ამასთან, კანონპროექტში განმარტებულია, რომ პირის ერთსა და იმავე საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება არანაკლებ ექვს და არაუმეტეს 12 თვის ვადით, რაც პირს არ უშლის ხელს ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ გახდეს სტაჟიორი სხვა საჯარო დაწესებულებაში.
საჯარო დაწესებულებებში სტაჟიორთა რაოდენობა გაიზრდება
პარლამენტს მალე წარედგინება პროექტი, რომლის მიღების შედეგად, საჯარო დაწესებულებებს მეტი სტაჟიორის აყვანის შესაძლებლობა ექნება. დღეს მოქმედი კანონით, სტაჟიორთა რიცხვი საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რაოდენობის 10%-ზე მეტი არ უნდა იყოს. ცვლილებით კი, ეს რიცხვი 20%-მდე გაიზრდება, ანაზღაურებადი ხდება საჯარო დაწესებულებების სტაჟიორთა მივლინების ხარჯებიც. შარშან, პარლამენტის მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ სტაჟიორთა საქმიანობა ანაზღაურებადი გახდა. კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ, მაგალითად, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, უახლოეს მომავალში მასშტაბური სტუდენტური ფესტივალი იწყება, რომელშიც დაახლოებით 20 000 სტუდენტი იქნება ჩართული.ასევე: „გაძლიერდება საბანაკე მიმართულება, იქნება საგრანტო პროექტები, თემატური ბანაკები... ყველა ეს კომპონენტი არის მცდელობა იმისა, რომ ეს სერვისი რაც შეიძლება მეტ სტუდენტს მისწვდეს და რაც შეიძლება მეტი სტუდენტი იყოს ჩართული. ამ პოლიტიკის ფარგლებში, სტუდენტთა სტაჟირება უმნიშვნელოვანესი საკითხია.“ ცვლილებები პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.