თეგი: სტივენ დაუთი
დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოში არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას
ლონდონი მხარს უჭერს საქართველოში თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში სტივენ დაუთი აცხადებს, რომ „დიდი ბრიტანეთი მონაწილეობს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიაში, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოში არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას.“ “გასულ კვირას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე და ევროპის უსაფრთხოებაზე ვისაუბრე. დიდი ბრიტანეთი მონაწილეობს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიაში, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოში არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას. საუბრისას ჩემი ღრმა შეშფოთება გამოვხატე სამოქალაქო საზოგადოებაზე მიმდინარე ზეწოლაზე, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით მდგომარეობასა და ანტიდასავლური რიტორიკის შესახებ. ამგვარი მოქმედებები ძირს უთხრის საქართველოს მოქალაქეების მკაფიო ამბიციას, შექმნან თანამედროვე და ინკლუზიური საზოგადოება და ჰქონდეთ ევროატლანტიკური მომავალი და ასევე, ეჭვქვეშ აყენებს დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო პარტნიორობას,“ წერს სტივენ დაუთი X-ზე. ცნობისთვის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება.
„ოკუპაცია უნდა დასრულდეს, რუსეთმა უნდა გაიყვანოს მისი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიებიდან“ - სტივენ დაუთი
გაერთიანებული სამეფო გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. გაერთიანებულმა სამეფომ ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე, კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ. გაერთიანებული სამეფო კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 60/16 რეზოლუციას „საქართველოსთან თანამშრომლობა'' შესახებ. რეზოლუცია ხაზს უსვამს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორების ოკუპაციის შედეგად არსებულ ადამიანის უფლებათა დარღვევებსა და ჰუმანიტარულ პრობლემებს. ბრიტანეთის ევროპის საქმეთა სახელმწიფო მინისტრმა სტივენ დაუთიმ აღნიშნა, რომ 17 წლის განმავლობაში რუსეთი უკანონო სამხედრო კონტროლს ახორციელებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და ეთნიკურ ქართველებს ართმევს მათ ფუნდამენტურ უფლებებს. „ეს ოკუპაცია უნდა დასრულდეს. რუსეთმა უნდა გაიყვანოს მისი სამხედრო ძალები, გააუქმოს დამოუკიდებელი რეგიონების აღიარება და გახსნას გზა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დამკვირვებლების დაშვებისთვის. ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს — მათი ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად — უნდა ჰქონდეს უფლება, უსაფრთხოდ, ღირსეულად და მშვიდობიანად დაბრუნდეს საკუთარ სახლში,“ - განაცხადა დაუთიმ ბრიტანეთის საელჩოს ცნობით. ცნობისთვის, 8 ოქტომბერს, ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია – „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რეზოლუცია, რომელსაც საქართველო 2017 წლიდან წარადგენს და რომლის მთავარ თემას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობა წარმოადგენს, პირველად გავიდა კონსენსუსით. „რეზოლუციის კონსენსუსით მიღებით, ადამიანის უფლებათა საბჭომ გამოხატა უპრეცედენტო მხარდაჭერა საქართველოსადმი," - ნათქვამია უწყების განცხადებაში.