თეგი: სტრასბურგი
ფარულ მოსმენებზე ევროსასამართლოში 10 ჟურნალისტის საჩივარი გაიგზავნა
2022 წლის 12 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიაომბუდსმენმა“ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ფარული მოსმენა-მიყურადების საქმეზე ათი ჟურნალისტის საჩივარი წარადგინა. მომჩივან ჟურნალისტებს შორის არიან: ნეტგაზეთის რეპორტიორი ნინო ბიძინაშვილი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტები — გიორგი მგელაძე და გელა ბოჩიკაშვილი, ტვ „ფორმულას“ ჟურნალისტები — ნინო ჟიჟილაშვილი, სოფო მაისურაძე, გიორგი დარჩაშვილი და თამუნა ჩიხლაძე, ტვ „პირველის“ ჟურნალისტები — ნოდარ მელაძე, ინგა გრიგოლია და თამთა დოლენჯაშვილი. საქმე ეხება 2021 წლის 1 აგვისტოს და 13 სექტემბერს გავრცელებულ ე.წ. კრებსებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სავარაუდოდ უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების და თვალთვალის შესახებ. დაახლოებით 58 000-მდე ფაილში ჟურნალისტების, რელიგიურ ორგანიზაციათა წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების, დიპლომატების და სხვა პირთა კერძო კომუნიკაციის და პირადი ცხოვრების შესახებ დეტალურად დამუშავებული ინფორმაციაა. ჩანაწერების ავთენტურობა ბევრმა ადამიანმა, მათ შორის, ჟურნალისტებმაც დაადასტურეს მოთხოვნის მიუხედავად, თბილისის პროკურატურამ ჟურნალისტებს არ მიანიჭა დაზარალებულის სტატუსი, ხოლო გენერალური პროკურატურა არასამთავრობო ორგანიზაციების 2022 წლის 18 მაისს გავრცელებული ერთობლივი მიმართვის[1] მიუხედავად, ამ დრომდე უმოქმედოა. როგორც „მედიაომბიდსმენი“ აცხადებს, „სამწუხაროდ, საქართველოში სასამართლო ხელისუფლებამაც უარი თქვა ჟურნალისტებს უფლებების დაცვის გარანტიების შექმნაზე – დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარით მედიის წარმომადგენლებს საგამოძიებო პროცესში უფრო ეფექტიანად ჩართვის შესაძლებლობა არ მისცა. „საჩივრის საფუძვლები ევროპარლამენტის 2022 წლის 09 ივნისის რეზოლუციაშიც არის მითითებული, სადაც სხვა მოთხოვნათა შორის, პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება მოსმენების საქმესთან დაკავშირებით, დანერგოს სათანადო საკანონმდებლო მექანიზმები სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ თვალთვალისა და მონაცემთა შეგროვების პროცესის გაუმჯობესებისთვის. საქმის წარმატებული წარმოება მედიის უფლებების დაცვის საქმეში მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს და გახდება წინაპირობა შეიქმნას ძლიერი გარანტიები ფარული მოსმენა-მიყურადებისგან დაცვის კუთხით, გამყარდეს ჟურნალისტების პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცვის ხარისხი და ჟურნალისტური წყაროების კონფიდენციალობის სტანდარტი“, — აცხადებს „მედიაომბუდსმენი“, რომლის დამფუძნებელია იურისტი ნათია კაპანაძე, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი. ორგანიზაციის ცნობით, მალე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი ჟურნალისტის, ხატია შამანაურის სარჩელი გაიგზავნება მედიის წარმომადგენლების დაცვა შესაძლებელი გახდა ღია საზოგადოების ფონდ „ღია საზოგადოება — საქართველოს“ მხარდაჭერით.
სალომე ზურაბიშვილმა და ტინი კოქსმა, დემოკრატიული რეფორმების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სტრასბურგში ვიზიტისას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ტინი კოქსს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრისას ასამბლეის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა და საუბარი შეეხო რეიკიავიკში, 2023 წლის მაისში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მთავრობებისა და სახელმწიფო მეთაურების სამიტის ჩატარების მნიშვნელობას. საქართველოს პრეზიდენტი მიესალმა რეიკიავიკის ფორუმს, ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის კონტექსტში და იმედი გამოთქვა, რომ ამ ფორუმზე აღნიშნული საკითხი აქტიურად იქნება განხილული. შეხვედრაზე ისაუბრეს დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერის მიმართულებით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისა და განვითარების საკითხზე. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ამ კუთხით თვითმმართველობების დონეზე თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობას. ხაზი გაესვა ქვეყნის შემდგომი წინსვლისათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხისა და ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირების დაძლევის მნიშვნელობას, ასამბლეის პრეზიდენტმა ამ პროცესის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი დესპინა შაცივასილიუ, რომელიც საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ერთად შეხვედრას ესწრებოდა, თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე მოიწვია, რომელიც მისი ინიციატივით დაფუძნდა და თბილისში მომავალ წელს მეორედ ჩატარდება. პრეზიდენტმა სტრასბურგში სამუშაო ვიზიტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, ტინი კოქსთან შეხვედრით დაასრულა.
სტრასბურგის სასამართლომ ნიკა მელიას მიმართ დარღვევა არ დაადგინა
ნიკა მელიას საქმეზე გადაწყვეტილება დღეს, 7 სექტემბერს გამოქვეყნდა. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარის მიმართ დარღვევა არ დაადგინა. საჩივარი 2019 წლის 20 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე ნიკა მელიას დაკავებას შეეხებოდა. მელია მიიჩნევდა, რომ მის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ორი მუხლი: მე-5 მუხლი - თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება მე-18 მუხლი - უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები არცერთ ამ ნაწილში მის მიმართ დარღვევა არ დადგინდა. ნიკა მელია ბრალდებული იყო 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტთან გამართული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით. მელია 2021 წლის 23 თებერვალს დილით, პოლიციამ „ნაციონალური მოძრაობის" მთავარ ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავა. შარლ მიშელის დოკუმენტის ერთ-ერთ პუნქტი ნიკა მელიას გათავისუფლებას, გირაოს გადახდის შემდეგ ამნისტიის კანონის საფუძველზე ითვალისწინებდა. მას შემდეგ რაც ოპოზიციის დიდმა ნაწილმა დოკუმენტს ხელი მოაწერა, მელია გირაოთი და ამნისტიით გათავისუფლებაზე უარს აცხადებდა, თუმცა კონსულტაციების შედეგად, ის საბოლოოდ დათანხმდა. ევროკავშირმა მელიასთვის შეფარდებული გირაოს საფასური - 40 ათასი ლარი გადაიხადა. მელიამ ციხე 2021 წლის 10 მაისს დატოვა. განახლება: ნიკა მელია საქმეზე „ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ“ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება. „სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც ჩემი დაჭერის დროს ადამიანის უფლებების დარღვევის ნაწილს შეეხება: არ გადავიხადე გირაო ბრალისათვის, რომელიც სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და პოლიტიკურად მოტივირებული. დღემდე ევროკაშირის გირაოთი ვარ თავისუფალი, ჩემი საქმე კი დღემდე თაროზე დევს, საქმე, რომელშიც რაიმე მტკიცებულების თუნდაც ფაბრიკაცია რომ იყოს შესაძლებელი, აუცილებლად, დიდი ხანია, ისევ დამიჭერდნენ. ჩემი პატიმრობით 2021 წელს ხელისუფლებამ თავისი ამოცანა შეასრულა, ბოიკოტი გატეხა და მოპარული არჩევნების ლეგიტიმაცია გააკეთებინა მავანს, ვინ შერბოდა პარლამენტში პირველი და ვინ – მეორე, კარგად გვახსოვს. არ მივიღე ამნისტია საქმეზე, სადაც არაფერი დამიშავებია, ვატარებდი და გავატარებ ქართველი ხალხის ინტერესს, რომელმაც არ მიიღო გავრილოვი პარლამენტის სპიკერის სკამში, არ მიიღო ლავროვის ოჯახის ზეიმი, არ და ვერ მიიღებს რუსულ ხელისუფლებას და სვლას რუსეთისკენ. საქმე კი დევს თაროზე, შემდეგ „საჭიროებამდე“, ასეთია ოცნების „სამართალი“. ბრძოლა დასრულდება საქართველოს გამარჯვებით და რუსული რეჟიმის დამარცხებით – გამარჯვება კი იქნება ქართული ინტერესის ასახვა და ეროვნული მთავრობის ყოლა,“ – წერს ნიკა მელია.
გიგა ოთხოზორიას საქმე მოვიგეთ სტრასბურგში, რუსეთს 130 000 ევრო დაეკისრა - ადვოკატი
იურისტ გიორგი ტაბატაძის ინფორმაციით, სტრასბურგში გიგა ოთხოზორიას საქმეზე რუსეთს 130 000 ევროს გადახდა დაეკისრა. ევროსასამართლოს პალატამ ერთხმად ცნო რუსეთის ფედერაცია პასუხისმგებლად გიგა ოთხოზორიას მკვლელობის გამო. ევროსასამართლოს შეფასებით, რუსეთის ფედერაციამ დაარღვია სიცოცხლის უფლება - როგორც არსებით ნაწილში (მკვლელობა მისი პასუხისმგებლობით მოხდა), ასევე, გამოძიების არაეფექტიანობის გამო. „გიგა ოთხოზორიას საქმე მოვიგეთ სტრასბურგში. მიუხედავად იმისა რომ რუსეთის მხრიდან ამ გადაწყვეტილების აღსრულება სავარაუდოდ, არ მოხდება, ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა. მარტივად რომ აგიხსნათ, სამართლებრივი წიაღსვლების გარეშე, აფხაზი ე.წ. მესაზღვრე გადმოვიდა ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლა ჩვენი მოქალაქე და აღნიშნულ ფაქტზე ევროპულმა სასამართლომ პასუხისმგებლობა დააკისრა რუსეთის ფედერაციას. მაშინ, როდესაც იქნება დებატები პირდაპირ ველაპარაკოთ აფხაზებს თუ არა, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ევროპულმა სასამართლომაც კი, თითოეულ მათ მოქმედებაზე პასუხისმგებელ პირად რუსეთი განსზღვრა. მათ ქმედებებზე სრული კონტროლი აქვს რუსეთს და ეს ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზეც კი გავრცელდა. ყოველთვის ვიამაყებ, რომ მქონდა პატივი ოთხოზორიების ოჯახის ადვოკატი ვყოფილიყავი! დიდებული ოჯახის, რომლებიც აუცილებლად მიაღწევენ სამართალს!“ წერს გიორგი ტაბატაძე. 2018 წლის იანვარში, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ პარტნიორ „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან“ თანამშრომლობით, სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საჩივრით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. საჩივარში ნათქვამია, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს. „ჩვენ წარვადგინეთ წერილობით არგუმენტაცია. ასევე რუსეთის ფედერაციამაც. ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთებულია და ველოდებით ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას. რუსეთის ფედერაცია უნდა იქნეს მიჩნეული პასუხისმგებლად ევროპული კონვენციის მეორე მუხლის დარღვევაზე, ანუ უშუალოდ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე. იმიტომ, რომ ეს ჩადენილი იყო ე.წ. მესაზღვრეების მიერ, რომლებზეც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს რუსეთის ფედერაცია. ჩვენი მოთხოვნაა ასევე, რომ დადგინდეს პროცედურულ ნაწილშიც დარღვევა, რაც გულისხმობს იმას, რომ საქმესთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციამ არ აწარმოა გამოძიება. გამოძიება, რაც აფხაზეთის ე.წ. სამხედრო პროკურატურამ აწარმოა, არ იყო ეფექტიანი, სრულყოფილი. მათ გაათავისუფლეს რაშიდ კანჯი ოღლი, რომელიც ცოტა ხანს იმყოფებოდა შინაპატიმრობაში,“ - ამბობდა მაშინ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი გიორგი ტაბატაძე. ოკუპირებული გალის რაიონიდან დევნილი გიგა ოთხოზორია, რომელიც ზუგდიდში ცხოვრობდა, 2016 წელს, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ე.წ. მესაზღვრემ რაშიდ კანჯი ოღლიმ. ტრაგედია, რომელსაც თვითმხილველები ჰყავს, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევთან მოსაზღვრე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში მოხდა. ქართულმა მართლმსაჯულებამ რაშიდ კანჯი ოღლი დამნაშავედ ცნო გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობაში და დაუსწრებლად მიუსაჯა 14 წლით პატიმრობა. საქართველომ კანჯი ოღლი საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადა.
შვილის მკვლელის დასჯის იმედი გამიჩნდა - გიგა ოთხოზორიას დედა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აფხაზეთიდან დევნილი გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე რუსეთის ფედერაციას სიცოცხლის უფლების დარღვევა დაუდგინა და გარდაცვლილის ოჯახს არამატერიალური ზიანის სახით 130 000 ევროს კომპენსაცია მიანიჭა. ამავე გადაწყვეტილებით, დადგინდა 38-ე მუხლის (საქმის განხილვა) დარღვევა, რადგან რუსეთის ფედერაციამ სასამართლოში არ წარადგინა შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის მასალები. ოთხოზორიას ოჯახის ინტერესებს სასამართლოში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი“ (EHRAC) იცავდნენ. საჩივრით მათ ევროპულ სასამართლოს 2018 წლის 11 იანვარს მიმართეს. გადაწყვეტილება დღეს, 19 დეკემბერს გამოცხადდა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა“ და „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრში“ აცხადებენ, რომ გიგა ოთხოზორიას საქმეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ იმსჯელა თუ, რამდენად ახორციელებს რუსეთის ფედერაცია ეფექტიან კონტროლს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე და რამდენად ეკისრება მას პასუხისმგებლობა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა ქმედებებზე. გიგა ოთხოზორიას დედის, ჯულიეტა ჭანტურიას განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით იზეიმა სამართალმა და გაუჩნდა იმედი, რომ რუსეთის მიერ არაადამიანურად მოკლული სხვა ახალგაზრდების საქმეზეც დადგება სამართლიანი განაჩენი. „უკვე მერვე წელია, ჩემი შვილის გარდაცვალებიდან და უკვე მეკარგებოდა იმედი რაიმე სასიკეთო ამბავის გაგების. მაგრამ, დღეს ნამდვილად იზეიმა სამართალმა და ადამიანის სიცოცხლის ხელყოფისთვის, ქართველი ადამიანის მოკვლისთვის, რუსეთს პასუხისმგებლობა ააღებინეს და გამოიკვეთა ის, რომ ქართველი ადამიანის არაადამიანურად სიკვდილში, არაადამიანურად სიცოცხლის გამოსალმებაში, პირველ რიგში დამნაშავეები არიან რუსები და ისინი აქეზებენ იმ სეპარატისტებს - აფხაზებს, ოსებს, რომლებიც ჩვენი ხალხის წინააღმდეგ მახვილს აღმართავენ. ერთი, ამ საქმეში გამარჯვება ნიშნავს არამარტო ჩემი შვილის საქმის მოგებას, არამედ საქართველოს წარმატებას, რომ ამ გადაწყვეტილებით ალბათ დაფიქრდებიან ის რუსები და იტყვიან არ ღირს ასე...როცა მათ მოუნდებათ მაშინ ხელყონ ქართველი ადამიანის სიცოცხლე. მე ახლა გამიჩნდა იმის იმედი, რომ ჩემ შვილთან ერთად, სხვა, რუსების მიერ მოკლული ადამიანების, არაადამიანურად წამებული ადამიანების საქმეებიც გაიმარჯვებს,“ - განუცხადა ჯულიეტა ჭანტურიამ ჟურნალისტებს. მისი თქმით, საქმე საბოლოოდ დასრულდება მხოლოდ მაშინ, როცა დაისჯება გიგას მკვლელობაში ბრალდებული ე.წ. მესაზღვრე, რაშიდ კანჯი ოღლი. „ალბათ რუსებიც დაფიქრდებიან, რომ ამ საქმის უშუალო შემსრულებელი ადამიანი გადმოეცეს საქართველოს მხარეს, რომ ის დაისაჯოს, პასუხი აგოს ქართველი ადამიანის მკვლელობის გამო...რადგან სტრასბურგის სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, ახლა უკვე ჩვენს ხელისუფლებაზეა მომდევნო ნაბიჯები, როგორ განახორციელებენ ამას და როგორ დავასრულებთ ამ საქმეს. ეს არის უშუალოდ საქართველოს სამართალდამცავების საქმე. მომავალი ნაბიჯები მათზეა დამოკიდებული... იმედი, რომ ჩვენ ევროპული სახელმწიფოების გვერდით გვაქვს მომავალი, ამის ერთ-ერთი გამოვლინება ალბათ არის ამ საქმის ასე დადებითად გადაწყვეტა,“ - ამბობს გიგა ოთხოზორია დედამ, ჯულიეტა ჭანტურია. გიგა ოთხოზორიას საქმე მოვიგეთ სტრასბურგში, რუსეთს 130 000 ევრო დაეკისრა - ადვოკატი
საია: სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20 ივნისის საჩივრებზე, სახელმწიფოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა დაუდგინა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, 2019 წლის 20-21 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის დროს დაზარალებული მოქალაქეების საჩივრებზე (26 პირის საქმე) სახელმწიფო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამრღვევად სცნო. საიამ პარტნიორ ორგანიზაციასთან - ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2021 წლის 7 აპრილს 22 პირის სახელით მიმართა. მათ შორის, არიან მშვიდობიანი შეკრების უფლებით მოსარგებლე 10 პირი, მედიის 11 წარმომადგენლი და მოვლენების ეპიცენტრში შემთხვევით აღმოჩენილი ერთი პირი. წარდგენილ საჩივრებში მომჩივნები ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება - მხოლოდ მედიის წარმომადგენლების შემთხვევაში), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება - მხოლოდ დემონსტრანტების შემთხვევაში), და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევას ასაბუთებდნენ. „საიამ საფუძვლიანად შეისწავლა 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენები, მოიპოვა მტკიცებულებები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე, განაცხადა რომ სახეზე იყო შემდეგი დარღვევები: - გამოყენებული ძალის უკანონობა და არაპროპორციულობა; - დაკავების და შემდგომ პერიოდში არასათანადო მოპყრობა; - ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა; გამოძიების არაეფექტიანობა - რომელიც თავის მხრივ მოიცავს: 1. დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი და დაზარალებულთა არაეფექტიან ჩართულობას: 2. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების მოპოვების გაჭიანურებას; 3. საჭირო საგამოძიებო მოქმედებათა ჩაუტარებლობას; 4. ჩადენილ დანაშაულთა არასწორ კვალიფიკაციასა; 5. დამნაშავეთა დაუსჯელობას. ზემოთხსენებულ დარღვევებთან ერთად, 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეებმა ასევე, გამოკვეთა აქტიური სპეციალური საშუალებების საკანონმდებლო რეგულირებასთან დაკავშირებული პრობლემები, სახელდობრ, აქტიური სპეციალური საშუალებების (მათ შორის, რეზინის ტყვიების) გამოყენების მომწესრიგებელი საკანონმდებლო ჩარჩო, კონკრეტულ შემთხვევებში მკაცრი სიზუსტით არ ადგენს ნორმის ადრესატებისთვის თუ რა შემთხვევაში, როდის, და რა მასშტაბით არის შესაძლებელი ძალის გამოყენება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა საიას არგუმენტები და საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) უფლების დარღვევა დაადგინა, ამასთან, სასამართლომ მომჩივანთა სასარგებლოდ სახელმწიფოს ჯამში 153 600 ევროს გადახდა დააკისრა. სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფომ არ ჩაატარა ეფექტიანი გამოძიება, რის გამოც მთავრობას გამოძიების ჩატარება დაავალა, ხოლო დანარჩენ მუხლებთან მიმართებით აღინიშნა, რომ დარღვევები სუბსიდიარობის პრინციპიდან გამომდინარე გამოძიების წარმართვის შემდგომ შეფასდება. სასამართლომ აღნიშნა შემდეგი: - ოთხნახევარი წლის შემდგომ გამოძიება არანაირ დასკვნამდე არ მისულა (პარაგრაფი 217); - სახელმწიფომ სათანადოდ არ შეაფასა ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ხსენებული პირდაპირ იყო მითითებული სახალხო დამცველის რეკომენდაციებში (პარაგრაფი 220); - სასამართლოს განმარტებით სახელმწიფოს არ ჩაუტარებია მოვლენების სისტემური ანალიზი (პარაგრაფი 221); - არ არსებობს ოფიციალური სრულყოფილი ანგარიში მოვლენათა ქრონოლოგიისა და აქციის დაშლის ოპერაციის თაობაზე, რაც მომავალში მსგავსი დარღვევების თავიდან აცილებას შესაძლებელს გახდის (პარაგრაფი 222); - სახელმწიფოს ვალდებულებაა, მსგავსი ფართომასშტაბიანი საპოლიციო ოპერაციის დროს დარწმუნდეს, რომ სამართალდამცავები, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ძალადობაში, ამოცნობადნი იყვნენ [...] სამართალდამცავები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მართლწესრიგის დაცვასა და დაკავებაზე, ვალდებულნი არიან ატარონ განმასხვავებელი ნიშანი, მაგალითად, შესაბამისი კოდი (პარაგრაფი 223). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოაჩენს იმ სისტემურ პრობლემებს, რომლებსაც სახელმწიფოს მხრიდან აქციების ძალის გამოყენებით დაშლის დროს ვლინდება. შედეგად, ნათელი ხდება, რომ სახელმწიფოს დღემდე არ აქვს დემონსტრაციების ეფექტიანი, ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული, მართვის პოლიტიკა, რაც მყისიერ სისტემურ რეაგირებასა და გამოსწორებას საჭიროებს,“ წერს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. შეგახსენებთ, 2019 წლის ივნისში, საქართველოში "მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის" სხდომა იმართებოდა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა. ამ ფაქტს საზოგადოების პროტესტი მოჰყვა და ათასობით ადამიანი თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბა. 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს, აქციის დაშლისას, რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოფიციალური მონაცემებით, 240 ადამიანი დაშავდა. მათ შორის - 30-ზე მეტი ჟურნალისტი. ორმა ადამიანმა რეზინის ტყვიებით მიყენებული ტრავმისგან თვალი დაკარგა. თვალისა და თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილემ. კლინიკებში გადაიყვანეს 80-მდე სამართალდამცველი. გავრილოვის საქართველოში ყოფნის დროს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, შს მინისტრი კი, გიორგი გახარია იყო.