თეგი: სუბსიდია

სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადის სუბსიდირება განხორციელდება

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადის სუბსიდირება განხორციელდება. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ უკვე გამოსცა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დადგენილების საფუძველზე, 70 000 ან ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახებს სახელმწიფო მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს დაუსუბსიდირებს. ამასთან, სუბსიდირების თანხა შეადგენს 2020 წლის დეკემბერში შესაბამის საფეხურზე მოქმედ საბოლოო მომხმარებლის ტარიფსა და 2015 წლის ივლისში მოქმედ სამომხმარებლო ტარიფს შორის სხვაობას და დამატებით 2022 წლის იანვარსა და 2020 წლის დეკემბერში მოქმედ ტარიფებს შორის სხვაობას 1 კვტსთ-ზე 3,5 თეთრის ოდენობით. აღნიშნულ დახმარებას იღებენ თბილისში რეგისტრირებული 70 000 სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახები.

მთავრობა არასტანდარტულ მანდარინს დაასუბსიდირებს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა არასტანდარტულ მანდარინს დაასუბსიდირებს. „საქართველოში 45 000 ტონამდე ციტრუსის მოსავლის მიღებაა მოსალოდნელი. საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტ ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელ საწარმოში მივიღებთ. ხოლო, სამრეწველო გადამუშავების, ანუ არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდიას გავცემთ, რაც ჩვენი ფერმერებისთვის კარგი შეღავათი იქნება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე. სახელმწიფოს მხრიდან 1 კგ სამრეწველო მანდარინზე 15 თეთრიანი თანადაფინანსებაა გათვალისწინებული. დამატებით 5 თეთრს კი საწარმო გადაიხდის. შესაბამისად, გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 20 თეთრი იქნება.  

მთავრობა: სახელმწიფო ყურძენს 20 თეთრით დაასუბსიდირებს და 1 კგ თეთრი ყურძნის ფასი მინიმუმ 90 თეთრი იქნება

მთავრობის განცხადებით, რთველის სუბსიდირება 2023 წელსაც გაგრძელდება, სახელმწიფო ყურძენს 20 თეთრით დაასუბსიდირებს და 1 კგ თეთრი ყურძნის ფასი მინიმუმ 90 თეთრი იქნება. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში 2023 წლის რთველის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა.  „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ გასულ წელს მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული რაოდენობის - 103 მილიონი ლიტრი, 252 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო. მინისტრის თქმით, ღვინის ექსპორტთან ერთად იზრდება მოთხოვნა ხარისხიან ყურძენზეც. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ კლიმატური პირობების გამო, მოსალოდნელია, რომ წელს ყურძნის მოსავლის ნაწილი არასათანადო ხარისხის იყოს. მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო კომპანიები დაზიანებულ ყურძენსაც მიიღებენ და ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება,“ - აღნიშნულია საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მუხუზლა, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და კახეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი ესწრებოდნენ.