თეგი: სუროგაცია

სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული - კანონპროექტი

პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული. როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განმარტა, აღნიშნული საკითხის რეგულირებისთვის პარლამენტში კანონპროექტი უკვე გაგზავნილია. „საზოგადოების დიდ ნაწილს აწუხებს და ეს უფრო კომპლექსური საკითხია, ვინაიდან უკავშირდება ზოგადად ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და ქვეყნის იმიჯს და ა.შ. ეს არის სუროგაციის საკითხი. რამდენიმე ხნის წინ, ჩვენ დემოგრაფიის საკითხებზე მომუშავე საბჭო შევქმენთ. ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად, რაც გამოიკვეთა, ეს არის სუროგაცია და ზოგადად, ამასთან დაკავშირებული პრობლემები. იცით, რომ უცხოეთის მოქალაქეებს ბიზნესად აქვთ ქცეული ეს საკითხი და ბოლო წლებია, საერთოდ არავითარი რეგულაცია არ არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ შევისწავლეთ ევროპის მაგალითები. ამ თემაზე დიდი ხანი მუშაობდა ზურაბ აზარაშვილის უწყება. მინდა მაგალითები მოგიყვანოთ, ისეთი განვითარებული ქვეყნები, როგორც არის საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, შვედეთი, ფინეთი, იტალია, ლიტვა, ესტონეთი, აღარ გავაგრძელებ, სუროგაცია მთლიანად, სრულად არის აკრძალული. არსებობენ ქვეყნები, სადაც ეს ჰიბრიდული მოდელი ნაწილობრივ არსებობს, დაშვებულია ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის ბელგია, გაერთიანებული სამეფო, დანია, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია. ჩვენ ამის თაობაზე მსჯელობა გვქონდა. ახალი კანონპროექტის მიხედვით, ჩვენი სურვილია, რომ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იყოს დაშვებული ანუ უცხოეთის მოქალაქე ვეღარ შეუკვეთს, უხეშად არ მინდა ვთქვა, მაგრამ ხდება პირდაპირ შეკვეთის განთავსება. ეს ონლაინაც ხდება, ძალიან ბევრი რეკლამაც ვრცელდება და ვფიქრობთ, ძალიან შემაშფოთებელია ამ საკითხის რეგულირების გარეშე დატოვება. ამას წინათ, ჩვენ მთავრობის სხდომაზე გვქონდა მსჯელობა ამასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი რეკლამა ვრცელდება და ჩვენ მოქალაქეებს, ქალბატონებს სთავაზობენ ე.წ. სარფიან ბიზნესს. შემდეგ არავინ იცის, აქ დაბადებული ბავშვი ვის გაჰყავს, საერთოდ რომელ წყვილს... არსებობს ინფორმაციები, რომ შეიძლება ერთსქესიან წყვილებს გაჰყავთ აქ დაბადებული ბავშვები და უამრავი პრობლემა შეიძლება იყოს. სხვა სირთულეებსაც გადააწყდა ჩვენი უწყება, ჯანდაცვის სამინისტრო. ამიტომ, ამას სჭირდება რეგულირება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. მისივე განმარტებით,აღნიშნულის თაობაზე დამატებით ინფორმაცია საზოგადოებას ჯანდაცვის სამინისტრო მოახსენებს. „შესაბამისი კანონპროექტი გაიგზავნა პარლამენტში და იმედი მაქვს, პარლამენტი მხარს დაუჭერს ჩვენ ამ ინიციატივას. აუცილებელია დარეგულირდეს. ვიმეორებ, ეს მხოლოდ დაშვებული იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის. მე ვიცი, ბევრი მსურველია, ვისაც შვილი არ უჩნდება, ამიტომ მიმართავენ სუროგაციის მეთოდს და რა თქმა უნდა, მათთვის ეს უნდა იყოს დაშვებული, საქართველოს მოქალაქეებისთვის საქართველოში. რა თქმა უნდა, ეს დაეხმარება დემოგრაფიას და ზოგადად, ვფიქრობ, ეს შესაძლებლობა უნდა დავუტოვოთ ჩვენ მოქალაქეებს“.  

უცხოეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში, სუროგაციის გარდა, ინ ვიტრო განაყოფიერების აკრძალვაც იგეგმება

მთავრობის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული, ინ ვიტრო განაყოფიერებასაც შეეხება. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, შესაძლოა, აღნიშნული ინიციატივა იყოს ერთ-ერთი შესაძლებლობა ქვეყანაში დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესების კუთხითაც. სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული - კანონპროექტი „2024 წლის პირველი იანვრიდან არასაქართველოს მოქალაქეებისთვის იზღუდება სხვადასხვა რეპროდუქტიული მეთოდით როგორც ინ ვიტრო განაყოფიერება, ისე სუროგაცია. მოგეხსენებათ, დემოგრაფიულ პრობლემასთან დაკავშირებით, ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებას მივმართავთ. ეს შეიძლება, იყოს ერთ-ერთი შესაძლებლობა, საშუალება დემოგრაფიული მიმართულებით. მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვტოვებთ როგორც ინ ვიტრო განაყოფიერებას, ისე, სუროგაციას. კანონპროექტი პარლამენტს მიმდინარე კვირაში გაეგზავნება, ვფიქრობთ, შემოდგომაზე უკვე დამტკიცდება, ხოლო 2024 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში და პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.  

სურაგატობის ან დონორობის მსურველი საქართველოს მოქალაქე ვალდებული იქნება, „უანგარობის პრინციპით“ იმოქმედოს - ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან, სუროგატობის და დონორობის მსურველებს კომპენსაციის მხოლოდ იმ ოდენობის აღება შეეძლებათ, რომელიც ორსულობასა და მშობიარობასთან აუცილებელ ხარჯებთანაა დაკავშირებული. სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული - კანონპროექტი მისივე თმით, კანონში შესატანი ცვლილებები „უანგარობის პრინციპის“ დარეგულირებასაც მოიცავს. „მნიშვნელოვანი და პრინციპული, რაც ამ კანონით რეგულირდება, არის უანგარობის პრინციპი. საქართველოს მოქალაქე, ვისაც სურს იყოს დონორი ან სუროგატი, უნდა მოქმედებდეს უანგარობის პრინციპიდან გამომდინარე და მხოლოდ და მხოლოდ ის კომპენსაცია მიიღოს, რაც ამ პროცესთან დაკავშირებით უხერხულობას შეიძლება ახლდეს თან, ან სამედიცინო გამოკვლევებს, ან მშობიარობასთან დაკავშირებულ ხარჯებს“, - განაცხადა მინისტრმა.  

თამარ გაბუნია: სუროგაცია, დონაცია უნდა იყოს მხოლოდ უანგარო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოში, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის სწრაფი განვითარების ფონზე, ამ დარგს შესაბამისი რეგულაციები არ მოჰყოლია, რაც თამარ გაბუნიას შეფასებით, გარკვეული რისკებს მოიცავს. მისივე თანახმად, ეს სერვისი დანერგვის ადრეული ეტაპებიდან, მედიცინაში, ყველაზე კომერციალიზებულ მიმართულებად იქცა, რაც ადამიანის უფლებების დარღვევის, მის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენისა და სხვა რისკებს შეიცავს. თამარ გაბუნია ხაზს უსვამს, რომ საქართველოში, მედიცინის დახმარებით რეპროდუქცია, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, სხვა ფაქტორებთან ერთად, რეგულაციების არარსებობის გამო აღმოჩნდა მიმზიდველი ქვეყანა, მაშინ, როდესაც, ევროპის ბევრი ქვეყანა სუროგაციას საერთოდ კრძალავს. „ზოგ ქვეყანას აქვს მთელი რიგი მოთხოვნები, უანგარო, ალტრუისტული დონაცია, ალტრუისტული სუროგაცია. ამასთან, ევროდირექტივა ითვალისწინებს მხოლოდ უხერხულობასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვას. ჩვენ, ევროასოცირების შეთანხმებით, პირდაპირ გვაქვს ვალდებულება, რომ დარგი იყოს რეგულირებული. რეგულაციების არ არსებობის შემთხვევაში, ძალიან დიდი რისკები ჩნდება, როგორც ეთიკური, ისე - სამართლებრივი და სამედიცინო მომსახურების ხარისხის კუთხით", - განაცხადა თამარ გაბუნიამ, რომლის კომენტარს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.  როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციით დაბადებული ბავშვი საქართველოს ტოვებს, ქვეყანა მასზე პასუხისმგებლობას ვეღარ იღებს, რაც საერთაშორისო დონეზე, შესაძლოა, გარკვეულ რეპუტაციულ რისკებსაც აჩენდეს. თამარ გაბუნიამ იმ ცვლილებებზეც ისაუბრა, რასაც ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს. „დღეს, სოციალურ ქსელში, უამრავ პოსტს ვნახავთ, რომ სუროგატის მომსახურებაში გადაიხდიან, მაგალითად, 25 000$-ს. არც დონაცია და არც სუროგაცია არ შეიძლება, ანაზღაურებადი იყოს. გარდა ამისა, დაწესებულებები დაექვემდებარება ლიცენზირებას, შესაბამისი სერვისის მიწოდებისთვის. მოწესრიგდება კლინიკური საკითხებიც. ცალსახად აიკრძალება რეკლამა, სამინისტრო იღებს ცენტრალური მაკოორდინებელი ორგანოს ფუნქციას, რომ ინფორმაცია მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის სერვისების შესახებ გავრცელდება სამინისტროს მიერ", - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, როდესაც მოთხოვნა არის, სფერო ვითარდება, შესაბამისად არ გაქრება, მისი შავ ბაზარზე გადანაცვლების რისკს კი სჭირდება კონტროლი, როგორც ამას ევროპის ქვეყნები ახორციელებენ. „სწორედ ამიტომ არის მკაცრი სასჯელი გათვალისწინებული იმ შემთხვევაში, თუ ეს არალეგალურ სახეს მიიღებს. სახელმწიფო, რეგულირების გაუმჯობესებით, ხარისხის უზრუნველყოფით და მთელი რიგი, მეტად ეთიკურად გამართული პრაქტიკის განვითარებით, საქართველოს მეტ მოქალაქეს მისცემს შესაძლებლობას, აღნიშნული სერვისი უსაფრთხოდ მიიღოს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. პრემიერ-მინისტრმა 12 ივნისს განაცხადა, რომ 2024 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში აიკრძალება უცხოელი წყვილებისთვის სუროგაცია და ამ მომსახურეობის მიღება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული. კანონპროექტის მიხედვით, კანონით დარეგულირდება სუროგატი დედის ანაზღაურების საკითხიც, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, „მხოლოდ უანგარობის პრინციპს“ დაეფუძნება. მისი თქმით, სუროგატ დედას საშუალება ექნება მიიღოს „ის კომპენსაცია, რაც ამ პროცესთან დაკავშირებით უხერხულობას შეიძლება ახლდეს თან, ან სამედიცინო გამოკვლევებს, ან მერე მშობიარობას და აი, ამ ხარჯებთან დაკავშირებულს“. ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ასოციაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს. ასოციაციის განცხადებით, პრემიერის მიერ დაანონსებული აკრძალვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერების, მათ შორის, სუროგაციისა და დონაციის სერვისის მიღებასთან დაკავშირებით, საფრთხის შემცველია როგორც დარგის, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის არსებობისთვის, ისე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. სფეროში მომუშავე 20-მდე კლინიკის წარმომადგენლები ითხოვენ მოლაპარაკებების დაწყებას ხელისუფლებასთან, რათა აკრძალვის ნაცვლად შემუშავდეს რეგულაციები, რომლებიც ქვეყანაში დონაცია-სიროგაციის საკითხებს დაარეგულირებს. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის აგვისტოში, მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გამოსცა ბრძანება და ამ ბრძანებით ცვლილება შევიდა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ კანონში. ცვლილების თანახმად, ექსტრაკორპორული (რაც ინ ვიტროს ნიშნავს) გზით დაბადებული ბავშვის აღზრდა შეუძლია ქალსა და კაცს, თუკი ისინი იმყოფებიან ქორწინებაში და ქორწინებიდან გასულია, სულ მცირე, ერთი წელი. ან იმყოფებიან ფაქტობრივ თანაცხოვრებაში, ასევე სულ მცირე, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში. სუროგაციას საქართველოში 1997 წლიდან არეგულირებს კანონმდებლობა. ის რამდენიმე ნორმატიული აქტისა და ბრძანების საშუალებით რეგულირდება. მაგალითად, კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“, კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“, კანონი „სამოქალაქო აქტების შესახებ“, ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“, კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“. სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის ქვეყნიდან გაყვანის პროცედურებს არეგულირებს საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის ერთობლივი ბრძანება. თუკი ირკვევა, რომ ბავშვი, რომელიც პირველად ტოვებს საქართველოს ტერიტორიას, არის საქართველოში ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) გზით დაბადებული და მისი დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ორივე მშობელი მითითებული არ არის, ან მის სახელზე არ არის რეგისტრირებული დაბადების სამოქალაქო აქტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია, მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის საქართველოდან გაყვანაზე (საზღვრის გადაკვეთაზე) უარის თქმის შესახებ.  

შევეცდებით, რომ სუროგაციასა და ინ ვიტრო განაყოფიერებასთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული ტემპით განიხილოს - აზარაშვილი

შევეცდებით, რომ სუროგაციასა და ინ ვიტრო განაყოფიერებასთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული ტემპით განიხილოს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული - კანონპროექტი „კანონი მხოლოდ სუროგაციას არ ეხება. ის მოიცავს რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს, მათ შორის, ინ ვიტრო განაყოფიერებასაც. მოგეხსენებათ, მთავრობის გადაწყვეტილებით, კანონი მომზადებულია ისე, რომ ინ ვიტრო განაყოფიერებისა და სუროგაციის შესაძლებლობა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დემოგრაფიული პრობლემები გადაიჭრას. ის მანკიერი პრაქტიკა, რაც ქვეყანაში სამწუხაროდ გვქონდა, უნდა შეიცვალოს. მიუხედავად ყველაფრისა, არსებობს არაერთი შესაძლებლობა იმის, რომ ბავშვი დაბადებამდე ქვეყნის გარეთ მოხვდეს და დაიბადოს სხვა ქვეყანაში, სადაც ამ ბავშვის გასხვისების პოტენციური მოლოდინი აქვთ. აქედან გამომდინარე, მომდევნო წლის პირველი იანვრიდან ეს შეიზღუდება და დაშვებული მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება. იქიდან გამომდინარე, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი მითქმა-მოთქმაა, შევეცდებით, რომ კანონი პარლამენტში დაჩქარებული ტემპით განიხილონ. ამ სფეროს წარმომადგენლებთან მრავალთვიანი განხილვები გვქონდა და ის კრიტერიუმები, რომლითაც პარლამენტში ამ კანონს განიხილავენ, ჩვენს რეალობაზე მორგებულია. ამ კანონის მიხედვით, ყველა რისკი, რაც შეიძლება არსებობდეს, დაზღვეულია“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა. სურაგატობის ან დონორობის მსურველი საქართველოს მოქალაქე ვალდებული იქნება, „უანგარობის პრინციპით“ იმოქმედოს - ჯანდაცვის მინისტრი  

სამინისტრო: სუროგაციის, ინ ვიტრო განაყოფიერებისა და ინსემინაციის მონაცემები ერთიან რეესტრში იანვრიდან აისახება

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 2024 წლის იანვრიდან, სუროგაციასთან, ინვიტრო განაყოფიერებასა და ინსემინაციასთან დაკავშირებული მონაცემები ერთიან რეესტრში აისახება. ახალი წლიდან ყველა სამედიცინო დაწესებულება, სადაც რეპროდუქციული პროცედურები ტარდება, ვალდებული ხდება, გამოყენებული ქსოვილების, უჯრედების, ემბრიონების, ასევე კონტაქტში მყოფი მასალების თუ პირების შესახებ, ინფორმაცია, ერთიან ეროვნულ რეესტრში განათავსოს. „ცვლილების მიზანი მომსახურების ხარისხის, პროცესის ზედამხედველობა, ასევე - აღნიშნული მასალებისა და მათთან კავშირში მყოფი პირების მიკვლევადობაა. რეესტრში ყველა ინფორმაცია განთავსდება პირადი მონაცემების დაცვით და იქნება კონფიდენციალური. დღეის მდგომარეობით, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით სერვისს 19 დაწესებულება ახორციელებს," - წერია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში. 2023 წლის ივნისში პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობის ინიციატივით, 2024 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში აიკრძალება უცხოელი წყვილებისთვის სუროგაცია და ამ მომსახურების მიღება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული. მათივე ინიციატივით, კანონით უნდა დარეგულირებულიყო სუროგატი დედის ანაზღაურების საკითხიც, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, „მხოლოდ უანგარობის პრინციპს“ დაეფუძნება. მისი თქმით, სუროგატ დედას საშუალება ექნება მიიღოს „ის კომპენსაცია, რაც ამ პროცესთან დაკავშირებით უხერხულობას შეიძლება ახლდეს თან - ან სამედიცინო გამოკვლევებს, ან მერე მშობიარობას და აი, ამ ხარჯებთან დაკავშირებულს.“