თეგი: სურსათი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი: სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქციის მარაგების მხრივ არანაირი დეფიციტი არ არსებობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია მსხვილი სავაჭრო ქსელების და სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქციის საქართველოში იმპორტის განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია, სამომხმარებლო ბაზარზე პროდუქციის სტაბილური მიწოდების შენარჩუნების პარალელურად, კომპანიებმა სოციალური პასუხისმგებლობით იმოქმედონ, რათა არ მოხდეს ფასების უსაფუძვლო მატება. „დღეს არსებულ ვითარებაში, მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფოს მხრიდან საჭირო მიმართულებების მხარდაჭერა, ასევე ბიზნესისგან განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. იმპორტიორებისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებისგან მივიღეთ ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ; სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მარაგების მხრივ არანაირი დეფიციტი არ არსებობს. შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ მაქსიმალურ კოორდინაციაში ვიმუშავებთ იმპორტიორებთან და მიმწოდებლებთან“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე: ქვეყანაში სასურსათო დეფიციტის ნიშნებიც კი არ შეინიშნება

ცალსახად და დაბეჯითებით შემიძლია ვუთხრა საქართველოს მოსახლეობას, რომ სასურსათო მარაგებთან დაკავშირებით არანაირი საფრთხე არ არის. მოვუწოდო მათ, ნუ ქმნიან ხელოვნურ აჟიოტაჟს. ამით ისინი აძვირებენ პროდუქციას, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. ხანიშვილის განცხადებით, ქვეყანაში სასურსათო დეფიციტის ნიშნებიც კი არ შეინიშნება. „მესმის, რომ გარკვეულწილად მათ მოლოდინები აქვთ, მაგრამ პროდუქციის დეფიციტზე ნამდვილად არ არის საუბარი. სასაწყობო მეურნეობები, ტვირთი გზაში, დადებული ხელშეკრულებები – ყველაფერი უზრუნველყოფს ქვეყნის ცალსახა და წარმატებულ მომარაგებას. ის ლოჯისტიკური პრობლემები, რომელიც შეიქმნა გუშინ დიდი პანიკის გამო, დღეს აღმოფხვრილია. დღევანდელი ემოციური ფონი შენარჩუნებულია, მაგრამ გუშინდელთან შედარებით სანახევროდაც არა. ვფიქრობ, ეს ხვალ და ზეგ საერთოდ გადაივლის და მიხვდებიან ადამიანები, რომ იყიდეს ტომრებით ფქვილი, მაგრამ რად უნდათ არ იციან, ტომრებით შაქარი, რად უნდათ არ იციან", - განაცხადა მან. ასევე წაიკითხეთ: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი: სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქციის მარაგების მხრივ არანაირი დეფიციტი არ არსებობს

სურსათის ეროვნული სააგენტო სურსათში ტყვიის შემცველობაზე განცხადებას ავრცელებს

ტყვიის შემცველობაზე გამოკვლეული სურსათის 614 ნიმუშიდან დარღვევა მხოლოდ სუნელ-სანელებლების 4 ნიმუშში გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. "რაც შეეხება მცენარეული წარმოშობის სურსათს, სააგენტოს ინფორმაციით, აღებული 197 ნიმუშიდან, დასაშვებ ნორმას ტყვიის შემცველობა სუნელ-სანელებლების 4 შემთხვევაში აღემატებოდა: • წითელი წიწაკა დაღერღილი, ყვითელი ყვავილი (2 ნიმუში) - რეალიზატორი - ფიზიკური პირი - ნიმუშის აღების ადგილი - თბილისი, წინამძღვრიშვილის ქ.135 (ე.წ. დეზერტირების ბაზრის მესამე სართული-დახლთან მოვაჭრე);• მშრალი აჯიკა მეგრული (1 ნიმუში) - შპს „ნთკ 2016“ – ნიმუშის აღების ადგილი - ბათუმი, მაიაკოვსკის ქ 4. ბაზრის მიმდებარე ტერიტორია;• წითელი წიწაკა (1 ნიმუში) - ფიზიკური პირი - ნიმუშის აღების ადგილი - ქობულეთი, თავისუფლების ქ. 15 (აგრარული ბაზრის ტერიტორია).აღნიშნულთან დაკავშირებით, სააგენტომ გაატარა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.მიმდინარე წელს, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ტყვიის შემცველობის განსაზღვრის მიზნით, დაგეგმილია როგორც ცხოველური (544), ასევე მცენარეული წარმოშობის (374) 918 ნიმუშის, სასმელი წყლის 402 და ალკოჰოლიანი სასმლის 75 ნიმუშის/სინჯის აღება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მათ მიერ გატარებული კომპლექსური ღონისძიებების, ბიზნესოპერატორებთან რეგულარული კომუნიკაციისა და გააქტიურებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად, სურსათში ტყვიის გადაჭარბებული შემცველობის შემთხვევები ყოველწლიურად მცირდება. 2017 წელს, სხვადასხვა დასახელების სურსათის 712 ნიმუშიდან, ნორმასთან შეუსაბამობა 97 შემთხვევაში აღინიშნა, ხოლო 2021 წელს გამოკვლეულ 500-მდე ნიმუშში, ტყვიის შემცველობა დასაშვებ ზღვარს არცერთ შემთხვევაში არ აღემატებოდა. „ტყვია არის მძიმე ლითონი, რომელიც შესაძლოა ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმში საკვებისა და წყლის გზით მოხვდეს. ჭარბი რაოდენობით იგი ჯანმრთელობისთვის საზიანოა და იწვევს სხვადასხვა გართულებას. სწორედ ამიტომ, ტყვიის შემცველობა სურსათსა და წყალში დასაშვებ ზღვარს არ უნდა აღემატებოდეს“, - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.  

FAO: სურსათის იმპორტის ხარჯები მსოფლიოში, რეკორდულ $1,94 ტრილიონამდე გაიზრდება

2022 წელს სურსათის იმპორტის გლობალური ხარჯები 10%-ით გაიზრდება და რეკორდულ $1,94 ტრილიონ შეადგენს. ეს ზეწოლას მოახდენს მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებზე, რომლებიც, სავარაუდოდ, ბევრად ნაკლები პროდუქტის ყიდვას შეძლებენ. FAO-ს თანახმად, ზრდა არაპროპორციულად მოქმედებს ეკონომიკურად დაუცველ ქვეყნებზე. ეს პროცესი მოსალოდნელია მომავალ წელსაც გაგრძელდეს, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანი სოფლის მეურნეობის მიწოდების მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდება. „ეს გამაფრთხილებელი ნიშნებია სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით “, - ნათქვამია FAO-ს პროგნოზში. FAO-მ აღნიშნა, რომ სურსათის იმპორტი დაბალ შემოსავლიან ქვეყნებში 10%-ით შემცირდება. „იმპორტიორებს უჭირთ მზარდი საერთაშორისო ხარჯების დაფინანსება, რამაც შესაძლოა, მათი მდგრადობა მაღალი საერთაშორისო ფასების მიმართ შეასუსტოს“, - ნათქვამია FAO-ს პროგნოზში. სურსათის მსოფლიო ფასებმა რეკორდულ დონეს 2022 წლის მარტში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ ფასები გარკვეულწილად შემცირდა, 2021 წლის ნიშნულზე მაღალია.  

ირაკლი ღარიბაშვილი მინისტრებს: დაიბარეთ სურსათის ყველა მსხვილი იმპორტიორი და მოახდინოთ გაზრდილ ფასებზე რეაგირება

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ხალხს უწევს თითქმის 100%-იანი ფასნამატით შეძენა, რაც რა თქმა უნდა კატეგორიულად მიუღებელია.  მაქსიმუმ ორ კვირაში უნდა მქონდეს მაგიდაზე სრული სურათი, შესაბამისი გამოსავლის გზებით „ვახსენე ინფლაცია და მინდა, ჩვენი საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ გარკვეული განმარტება გავაკეთო. მე რამდენიმე კვირის წინ დავავალე კონკურენციის სააგენტოს, სურსათის პროდუქტების ფასების შესწავლა, მაინტერესებდა, რამდენად კეთილსინდისიერად მუშაობენ იმპორტიორები და რამდენად გონივრული ასე ვიტყოდი მარჟებით, მოგებით მუშაობენ იმპორტიორები. შედეგი მართლაც იყო შემაშფოთებელი და მე მინდა, საზოგადოებას წარვუდგინო ეს პირველადი მოკვლევის ანალიზის შედეგები. ძირითადი პროდუქტები დავამუშავებინე და აღმოჩნდა, რომ მაგალითად ბრინჯი იქნება ეს თუ წიწიბურა, მაკარონი, შაქარი, მარილი, ზეთი, საბითუმო ფასებზე დამატებულია, ვგულისხმობ ჯერ გასაყიდ ფასს არ ვამბობ, 50-60-70-80 % არის ფასნამატი, საბითუმო ფასებზე. ამას ემატება რა თქმა უნდა შემდეგ უკვე საცალო ფასები, ფასნამატი, მინიმუმ 25-30% და გამოდის, რომ ჯამში ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს უწევს თითქმის 100%-იანი ფასნამატით შეძენა. რაც რა თქმა უნდა კატეგორიულად მიუღებელია, - განაცხადა ღარიბაშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამისი სფეროს მინისტრებს სურსათის იმპორტიორებთან შეხვედრა და პროდუქტების მაღალ ფასებთან დაკავშირებით გამოსავლის გზების მოძებნა დაავალა. „ჩვენი მხრივ მთავრობა, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ვითარება, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს არის მიღწეული და შენარჩუნებული, ამ დროს ასეთი დამოკიდებულება იმპორტიორების მხრიდან არის აბსოლუტურად მიუღებელი. ამიტომ, მე მინდა დავავალო დღეს მთავრობის სხდომაზე ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს, რომ სასწრაფოდ გააკეთოთ სამუშაო ჯგუფი, დაიბაროთ ყველა ის მსხვილი იმპორტიორი, დაიწყოთ ამ საკითხების შესწავლა და მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება. მე მაქსიმუმ ორ კვირაში უნდა მქონდეს მაგიდაზე სრული სურათი, შესაბამისი გამოსავლის გზებით. ეს რა თქმა უნდა არის მიუღებელი, ამხელა მოგებით გვახსოვს ძალიან კარგად მუშაობდნენ წამლების იმპორტიორები, მედიკამენტების შემომტანები. გახსოვთ, რამხელა აჟიოტაჟი მოყვა მაშინ ამ ამბავს, როცა ეს თემა გავხსენით, მაგრამ შედეგიც სახეზე იყო. გავხსენით თურქეთის ბაზარი და ახლა უკვე არის რეფერენტული ფასები, რამაც 60-70-80 პროცენტით შეამცირა მედიკამენტებზე ფასები და ჯამში ჩვენმა მოსახლეობამ 200 მლნ ლარის ეკონომია გააკეთა, ანუ საკუთარი ჯიბიდან დანახარჯები შემცირდა 200 მლნ ლარით. ამიტომ, მე ვხედავ აქ ძალიან დიდ პოტენციალს, ვხედავ რომ აქ სამწუხაროდ არ არის სწორი მიდგომა იმპორტიორების მხრიდან, ამიტომ საჭიროა მათთან საუბარი, მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს ამ მოწოდებას და ამ მიმართვას ანგარიშს გაუწევენ და გაითვალისწინებენ, არ შეიძლება ხალხის ხარჯზე ასეთი გამდიდრება, ეს არის არასწორი საქციელი“, - აღნიშნა პრემიერმა.