თეგი: ტასმანია

ტასმანია ავსტრალიის პირველი შტატია, სადაც ნაცისტური მისალმება და სიმბოლიკა აკრძალეს

ტასმანიის შტატის მთავრობის ცნობით, ტასმანია ავსტრალიის პირველი შტატი გახდა, სადაც ნაცისტური მისალმება და სიმბოლიკა აკრძალეს. შესაბამის ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. კანონმდებლობა მოიცავს სვასტიკების გამოყენებისა და ნაცისტური მისალმების აკრძალვას. კანონდარღვევის პირველ შემთხვევაში სამი თვით თავისუფლების აღკვეთაა განსაზღვრული.  „ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ სიძულვილის ნებისმიერ გამოვლენას ჩვენს საზოგადოებაში და მოხარული ვარ, რომ პირადად ვუძღვებოდი ამ მნიშვნელოვან რეფორმას, რაც დაგვეხმარება უფრო უსაფრთხო და მზრუნველი საზოგადოების შექმნაში,“ - განაცხადა ტასმანიის გენერალურმა პროკურორმა და იუსტიციის მინისტრმა ელის არჩერმა. კანონი სავარაუდოდ ამ წლის ბოლოს შევა ძალაში. ტასმანიის კანონპროექტი პირველია ავსტრალიაში, რომელიც ნაცისტურ მისალმებას კრძალავს, მაგრამ სვასტიკა შარშან აიკრძალა ვიქტორიას შტატში. ფედერალური მთავრობა ასევე განიხილავს კანონს, რომელიც ნაცისტური სიმბოლოების და ატრიბუტების გაყიდვასა და საჯარო ჩვენებას აკრძალავს. ავსტრალიური მაუწყებლის, ABC-ის ცნობით, ავსტრალიაში  ექსტრემისტული ულტრამემარჯვენე სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან ძალადობის შემცველი მუქარები გაზრდილია LGBTQ თემის მისამართით.