თეგი: ტაჯიკეთი
ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გააფორმეს
ყირგიზეთის და ტაჯიკეთის ოფიციალურმა პირებმა 28 იანვარს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გააფორმეს. დოკუმენტის გაფორმებას წინ უძღოდა ქვეყნების უსაფრთხოების ძალებს შორის საზღვართან შეტაკებები, რომლებსაც სულ მცირე ორი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაჭრილებიც. ოფიციალური ცნობით, მათ შორის უსაფრთხოების ძალების ექვსი წევრი და ოთხი სამოქალაქო პირია. მსგავს დაპირისპირებას გასულ წელს ათობით ადამიანი შეეწირა. შეთანხმების თანახმად, საზღვრიდან ორივე მხარე დამატებით ძალებს და შეიარაღებას გაიყვანს, გახსნის გზატკეცილს და საზღვარზე ერთობლივ პატრულირებას დაიწყებს. დაძაბულობას იწვევს ყირგიზეთ-ტაჯიკეთის 970-კილომეტრიანი საზღვრის დაახლოებით ნახევარი, რომელიც დემარკაციას უნდა დაექვემდებაროს.
ტაჯიკეთში საპროტესტო აქციას მსხვერპლი მოჰყვა
ტაჯიკეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 16 მაისს, გორნო-ბადახშანის ავტონომიურ ოლქში, მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის შეტაკების დროს სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა. რადიო თავისუფლების ტაჯიკური სამსახურის ცნობით, ახალგაზრდების დიდმა ჯგუფმა რეგიონის დედაქალაქ ხოროგში მსვლელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ოლქის მესვეურებმა უარი განაცხადეს, განეხილათ რეგიონის ხელმძღვანელის, ალიშერ მირზონაბოტის, ხოროგის მერის და სხვა ოფიციალური პირების გადადგომის მოთხოვნა. შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის განცხადებაში წერს, რომ საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ლიდერი დაიჭრა და საავადმყოფოში გარდაიცვალა. ეს კი იმ დროს მოხდა, როცა უსაფრთხოების ძალებმა შეიარაღებული შეტევა მოიგერიეს და დემონსტრანტები რეგიონული ადმინისტრაციის შენობებისკენ გადაადგილდებოდნენ. რამდენიმე წყარო ამბობს, რომ ზამირ ნაზრიშოევი სხვა გარემოებებში გარდაიცვალა. სხვა დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
ტაჯიკეთი ოქროს ექსპორტს ზრდის
2022 წლის იანვარ-მაისში, ტაჯიკეთმა ექსპორტზე $308 მილიონის ღირებულების ოქრო გაიტანა. ამის შესახებ მედია, ტაჯიკეთის საბაჟო სამსახურზე დაყრდნობით წერს. საანგარიშო პერიოდში ტაჯიკეთმა ასევე ექსპორტზე $54 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს ფხვნილი გაიტანა. დღეს ტაჯიკეთში 18 ოქროს მომპოვებელი კომპანია მუშაობს, რომლებიც წარმოების მოცულობას ყოველწლიურად ზრდიან. ოქროს მოპოვების ერთ-ერთი უდიდესი საწარმოა ტაჯიკური-ჩინური ერთობლივი საწარმო „ზარაფშონი“, რომელზეც ტაჯიკეთში მთლიანი ოქროს წარმოების 70 პროცენტი მოდის. „აღსანიშნავია, რომ 2022 წლის აპრილში ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონმა TALCO Gold CJSC-ის სამთო და გადამამუშავებელი საწარმო ექსპლუატაციაში ჩაუშვა და სუგდის რეგიონში ახალ მეტალურგიულ ქარხანასა და ოქროს გადამამუშავებელ საწარმოს საფუძველი ჩაუყარა“, - წერს მედია.
ტაჯიკეთი ყაზახეთში სპილენძის მადნის ექსპორტს ზრდის
ტაჯიკეთმა 2022 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, ყაზახეთში სპილენძის მადნის ექსპორტი გაზარდა. იტყობინება ტაჯიკეთის საბაჟო სამსახური. სტატისტიკური მონაცემებით, ტაჯიკური სპილენძის მადნის ექსპორტმა ყაზახეთში 2022 წლის პირველ ნახევარში 87,2 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექვსჯერ მეტია (14 მილიონი აშშ დოლარი). ამავდროულად, ტაჯიკეთის ექსპორტის მთლიანმა ღირებულებამ ყაზახეთში მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 245,1 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 51,3 პროცენტით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (161,6 მილიონი აშშ დოლარი).
ყირგიზეთის და ტაჯიკეთის მესაზღვრეებს შორის შეტაკება მოხდა
ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე დღეს, მესაზღვრეებს შორის შეტაკება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია პირველმა, ყირგიზეთის ეროვნული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის სასაზღვრო სამსახურმა გაავრცელა. ინციდენტი ყირგიზეთის ბატკენის რეგიონის, ბულაკ-ბაშის რაიონში მოხდა. მხარეები, მომხდარ ინციდენტში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ამის შესახებ სააგენტო „ფერგანა“ წერს. რაც შეეხება ორივე მხრიდან დაშავებულებსა და დაჭრილებს, ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. იმავდროულად, Asia-Plus-ის Telegram არხი ვორუხ ჯამოათის საავადმყოფოს თანამშრომლებზე დაყრდნობით, ერთი ტაჯიკი მესაზღვრის გარდაცვალებას იტყობინება. 5 მედია გამოცემა კი წერს, რომ მესაზღვრე დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ტაჯიკეთსა და ყირგიზეთს შორის საზღვრის სიგრძე 976 კმ-ია, საიდანაც მხოლოდ 600 კმ-ია შემოსაზღვრული. სასაზღვრო ზონის მოსახლეობას შორის, სადავო ტერიტორიების გამო კონფლიქქები ზშირად ხდება. ერთ-ერთი ასეთი კონფლიქტი, რომელიც გასული წლის 28 აპრილს დაიწყო, შეიარაღებულ შეტაკებაში გადაიზარდა, რომელშიც ორი ქვეყნის მესაზღვრეები მონაწილეობდნენ. ყირგიზეთის მხარეს ოთხდღიანი დაპირისპირების დროს 189 ადამიანი დაშავდა, 36 დაიღუპა. ტაჯიკეთიდან შეტაკებას ემსხვერპლა 19 მოქალაქე, დაშავდა 87. ბოლო თვეების განმავლობაში, საზღვრის არამარკირებულ მონაკვეთებზე რეგულარულად იმართება შეტაკებები ორი ქვეყნის მესაზღვრეებს შორის, სადაც მხარეები ერთმანეთს კონფლიქტების დაწყებაში ადანაშაულებენ.
ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა სამშვიდობო ოქმს მოაწერეს ხელი
ყირგიზეთის და ტაჯიკეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელებმა, ქვეყნებს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ სამშვიდო ოქმს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელმა კამჩიბეკ ტაშიევმა განაცხადა. მან დოკუმენტის ხელმოწერა, მშვიდობისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად შეაფასა. ტაშიევმა ასევე დასძინა, რომ ყირგიზეთ-ტაჯიკის საზღვარზე ბოლო შეიარაღებული თავდასხმის გამოსაძიებლად ორი მხარის მიერ შექმნილი ერთობლივი კომისია მუშაობას, 20 სექტემბერს გააგრძელებს. დღეს, 19 სექტემბერს, ყირგიზეთმა ყირგიზეთ-ტაჯიკის საზღვარზე დაღუპულ მოქალაქეებს ეროვნული გლოვა გამოაცხადა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, 14-17 სექტემბერს სულ მცირე 59 ყირგიზელი დაიღუპა, მათ შორის 40 სამხედრო მოსამსახურე. დაშავდა 164 ადამიანი. ყირგიზეთის საზღვრისპირა სოფლებიდან უსაფრთხო ადგილებზე 140 000-ზე მეტი ადამიანი დროებით გადაასახლეს. ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მისი 41 მოქალაქის დაღუპვისა და 100-ზე მეტი დაჭრილის შესახებ, ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა. ვითარება ორი ქვეყნის საზღვარზე 14 სექტემბერს მკვეთრად გაუარესდა. მხარეები დაპირისპირების მორიგი რაუნდში ერთმანეთს ადანაშაულებენ. 16 სექტემბერს მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა, 17 სექტემბერს მხარეებმა საზღვარზე სროლის განახლების შესახებ განაცხადეს.
ტაჯიკეთის პრეზიდენტი: რუსეთის ფედერაცია არ უნდა მოექცეს შუა აზიის ქვეყნებს ისე, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის დროს ექცეოდა
ტაჯიკეთი არის რესურსებით მდიდარი ქვეყანა, რომელსაც აქვს ისტორია, რომელიც იმსახურებს პატივისცემას რუსეთისგან, როგორც მთავარი სტრატეგიული პარტნიორისგან. რუსეთის ფედერაცია არ უნდა მოექცეს შუა აზიის ქვეყნებს ისე, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის დროს ექცეოდა. ეს განცხადებები ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონმა, „შუა აზია-რუსეთის“ სამიტზე გააკეთა. „რაღაც უბადრუკ ფორუმზე ტაჯიკეთში გეხვეწებით, რომ მინისტრების დონეზე მაინც მიიღოთ მონაწილეობა. არა, თქვენ მონაწილეობთ მინისტრების მოადგილეების დონეზე. რატომ არ დავიმსახურეთ ეს, როგორც რუსეთის სტრატეგიულმა პარტნიორმა. ჩვენთან 2,5 მილიონი მოსწავლე სკოლებში რუსულ ენას სწავლობს, თუმცა ჩვენს მიმართ არის ისეთი დამოკიდებულება, რომ მცირე ერი ვართ. არ ვართ 100-200 მილიონი, თუმცა ჩვენ გვაქვს ისტორია. გვინდა, რომ პატივს გვცემდნენ“, - განაცხადა რაჰმონმა.
ყირგიზეთი ტაჯიკეთთან საზღვარზე ОДКБ-ს კონტინგენტის განლაგების ინიციატივით გამოდის
ყირგიზეთის თავდაცვის მინისტრი, ტაჯიკეთთან საზღვარზე ОДКБ-ს კონტინგენტის განლაგების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „ტაჯიკეთთან საზღვარზე "არ იქნება მშვიდობა, ვიდრე ყირგიზებსა და ტაჯიკებს შორის შუამავალი არ იქნება. CSTO-ს მცირე კონტინგენტი შეიძლება, განლაგდეს სადავო მონაკვეთებზე, რათა გააკონტროლოს ტექნიკის გაყვანა და ცეცხლის შეწყვეტა“, - განაცხადა მინისტრმა. 18 სექტემბერს ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტაჯიკეთი შეიარაღებულ აგრესიაში დაადანაშაულა. იგივე ბრალდებებს უყენებდა ტაჯიკეთი ყირგიზეთს. ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სასაზღვრო კონფლიქტის შედეგად, 41 ადამიანი დაიღუპა. ამის შემდეგ ყირგიზეთის ხელისუფლებამ მოუწოდა CSTO-ს, აქტიური მონაწილეობა მიეღო დაძაბული სიტუაციის მოგვარებაში. ყირგიზეთმა ასევე მოუწოდა CSTO-ს, შეეცვალა ნორმატიული დოკუმენტები, რათა თავიდან ყოფილიყო აცილბეული შეიარაღებული თავდასხმები და სახელმწიფოებს შორის არსებული უთანხმოება მშვიდობიანი გზით გადაჭრილიყო. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (CSTO) სომხეთს, ბელორუსსს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, რუსეთს და ტაჯიკეთს აერთინებს.
ტაჯიკეთმა ევროპულ კომპანიებთან მრავალმილიონიანი ხელშეკრულებები გააფორმა
ტაჯიკეთმა გერმანულ და ევროპულ კომპანიებთან 600 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ხელშეკრულებებს და მემორანდუმებს მოაწერა ხელი, რაც მრეწველობის, წიაღისეულის დამუშავებისა და ახალი საწარმოების შესაქმნელად, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის სფეროში თანამშრომლობას გულისხმობს. ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროებში თანამშრომლობის გასაფართოებლად, ასევე, ეკონომიკაში მეტი გერმანული კაპიტალის მოსაზიდად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ტაჯიკეთი-გერმანიის შემდეგი ფორუმი 2023 წლის პირველ ნახევარში გაიმართება. ტაჯიკეთის მაღალი რანგის დელეგაცია ჰამბურგის სენატის ხელმძღვანელობამ მიიღო. საუბრისას მხარეებმა შემდგომი ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ინტერესი გამოხატეს. ქვეყნის დელეგაცია ტაჯიკეთის რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრემიერის ხელმძღვანელობით ეწვია ბერლინს, ჰამბურგსა და ლუბეკს. დელეგაციამ ტაჯიკეთ-გერმანიის ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ტაჯიკურმა მხარემ გერმანელ ინვესტორებს თანაშრომლობისკენ მოუწოდა.
ევროკავშირი მზადაა, ტაჯიკეთიდან პროდუქციის ექსპორტზე უბაჟო რეჟიმის შემოღება განიხილოს
ევროკავშირი მზადაა, ტაჯიკეთიდან პროდუქციის ექსპორტისთვის უბაჟო რეჟიმის შემოღების საკითხი განიხილოს. ამის შესახებ ინფორმაციას, ტაჯიკეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს პრესსამსახური, დუშანბეში დეპარტამენტის უფროსს ზავკა ზავქიზოდასა და ევროკავშირის სავაჭრო კომისიის გენერალური დირექტორის მრჩეველს ევა სინოვეცს შორის შეხვედრის შემდეგ ავრცელებს. „ევა სინოვეცმა გამოთქვა მზადყოფნა განიხილოს ტაჯიკეთის რესპუბლიკის მიერ წარმოებული საქონლისა და პროდუქციის საბაჟო გადასახადებისგან ცალმხრივი გათავისუფლების საკითხი ტაჯიკეთის მხარის მოთხოვნის საპასუხოდ, სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების, მხარდაჭერის მიზნით, რადგან შიდა მწარმოებლები შედიან ევროკავშირის ქვეყნების ბაზრებზე“, - აცხადებენ სამინისტროში. ტაჯიკური მხარის ინფორმაციით, 2022 წლის 10 თვის განმავლობაში ორმხრივი ვაჭრობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14,1%-ით გაიზარდა. ტაჯიკეთი ევროკავშირის ბაზარს ძირითადად ალუმინითა და ტექსტილით ამარაგებს. ევროკავშირის მონაცემებით, რესპუბლიკა ევროკავშირის ყველაზე პატარა სავაჭრო პარტნიორია ცენტრალურ აზიაში. პანდემიამდე, 2019 წელს ევროკავშირმა ტაჯიკეთში, 169 მილიონი ევროს პროდუქცია გაიტანა, იმპორტმა - 44 მილიონი ევრო შეადგინა.
ცნობილია სამი ვალუტა, რომლებიც აშშ დოლართან ყველაზე მეტად გამყარდა - Bloomberg
უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის ფონზე, რუსების ემიგრაციამ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ვალუტები მსოფლიო რეიტინგში წელს პირველ ადგილზე აიყვანა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. აშშ დოლართან მიმართებაში ყველაზე დიდი ზრდა ტაჯიკეთის, საქართველოსა და სომხეთის ეროვნულმა ვალუტამ აჩვენა. „რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ამ ქვეყნებში ათობით ათასი რუსეთის მოქალაქე ჩავიდა, რომელთაც სოლიდური ფულად სახსრები ჩაიტანეს. შესაბამისად დამან გამოიწვია ის რომ ქართული ლარი აშშ დოლართან 16%, ტაჯიკური სომონი 10%, ხოლო სომხური დრამი 22%-ით გამყარდა“, - წერს გამოცემა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოში რუსეთიდან ფულადი გზავნილები 60% არის გაზრდილი და $1,75 მილიარდი შეადგინა. სომხეთში, მიმდინარე 10 თვეში რუსეთის ფედერაციიდან $2,8 მილიარდი გადაირიცხა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 4-ჯერ მეტია. ტაჯიკეთში ფულადი გზავნილები 50%-ით გაიზარდა წლის პირველ ნახევარში, რამაც ქვეყნის ეკონომიკის ზრდა, (რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვს) 7%-ით გამოიწვია.
ტაჯიკეთსა და ჩინეთს შორის 2023 წელს ახალი საჰაერო მარშრუტი იხსნება
2023 წლის პირველ ნახევარში დასრულდება ტაჯიკეთსა და ჩინეთს შორის საჰაერო მარშრუტის გახსნის პროექტი. ამის შესახებ Trend სახელმწიფო უნიტარული საწარმო „ტაჯიკაერონავიგაციის“ პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. „ტაჯიკეთსა და ჩინეთს შორის ახალი საჰაერო მარშრუტის პროექტი გამოიყენებს PBN მარშრუტს RNP-4-ის სპეციფიკით. როგორც ცნობილია, ამჟამად მიმდინარეობს საჰაერო სანავიგაციო აღჭურვილობის მონტაჟი და 2022 წლის ბოლოსთვის ამ პროექტის ხაზისთვის ADS-B სისტემა აღიჭურვება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საჰაერო მოძრაობის მომსახურებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
მედია: ტაჯიკეთი გაზაფხულზე, აზერბაიჯანისა და საქართველოს მიმართულებით ფრენებს იწყებს
მიმდინარე წლის მაისში ტაჯიკეთი აზერბაიჯანთან პირდაპირი ფრენების გასახსნელად ემზადება. ამის შესახებ ტაჯიკეთის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა დილშოდ საფარზოდამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ახლა იმართება შეხვედრები, რათა შეთანხმდნენ ზოგიერთ დაკავშირებულ საკითხზე“, - განმარტა დილშოდ საფარზოდამ. მისი თქმით, ასევე იგეგმება საქართველოსთან საჰაერო კავშირების გახსნა. ეს შეიძლება მოხდეს აპრილში. იმის შესახებ, თუ რომელი ავიაკომპანია შეასრულებს ფრენებს და რა იქნება ბილეთების ღირებულება, ჯერჯერობით უცნობია.
ტაჯიკეთში ზვავის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა
ტაჯიკეთის აღმოსავლეთ ნაწილში ზვავს 15 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ცნობილია, ზვავი ჩამოწვა ტაჯიკეთის მთიანი ბადახშანის ავტონომიურ ოლქში, რომელიც ჩინეთსა და ავღანეთს ესაზღვრება. ამასთან, ზვავსაშიში ზონიდან 400-ზე მეტი ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა.
ტაჯიკეთში, ჩინეთის საზღვართან ახლოს, 7.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
ტაჯიკეთში, ჩინეთის საზღვართან ახლოს, 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ჩინეთის მიწისძვრის ქსელების ცენტრის ინფორმაციით, სტიქიური უბედურება ტაჯიკეთში ადგილობრივი დროით 08:37 საათზე დედამიწის ზედაპირიდან 10 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა. ამასთან, მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
მექსიკამ საპრეზიდენტო თვითმფრინავი ტაჯიკეთს მიჰყიდა
მექსიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საბოლოოდ მიჰყიდა არასასურველი საპრეზიდენტო თვითმფრინავი - ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას ტაჯიკეთს. პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა განმარტა, რომ ტაჯიკეთის მთავრობამ დაახლოებით 92 მილიონი დოლარი გადაიხადა Boeing 787 თვითმფრინავში. ლოპეს ობრადორმა თვითმფრინავის გამოყენებაზე 2018 წლის პირველ დეკემბერს, თანამდებობის დაკავების შემდეგ განაცხადა უარია და განმარტა, რომ ის ძალიან მდიდრული იყო. პრეზიდენტი ჩვეულებრივ კომერციული ფრენებით სარგებლობს. თვითმფრინავი 200 მილიონ დოლარად იყო შეძენილი და მას ობრადორის წინამორბედი, ენრიკე პენია ნიეტო იყენებდა. „თვითმფრინავის გაყიდვიდან მიღებული თანხის გამოყენებას ორი საავადმყოფოს ასაშენებლად ვაპირებთ“, - განაცხადა მექსიკის პრეზიდენტა.
მედია: ლავროვის ვიზიტის შემდეგ, ტაჯიკეთმა რუსეთთან ეკონომიკურ კავშირში გაერთიანებაზე უარი განაცხადა
ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჩოხინ სამადიმ განაცხადა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ქვეყნის გაწევრიანება არ განიხილება. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მას შემდეგ გააკეთა, რაც სერგეი ლავროვი ტაჯიკეთს ორდღიანი ვიზიტით სტუმრობდა. ინფორმაციას რუსული სააგენტოები ავრცელებენ. "ვედომოსტის" ცნობით, ორშაბათს ლავროვმა დუშანბეში ვიზიტისას განაცხადა, რომ "იმედოვნებს ტაჯიკეთის გაწევრიანებას" ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში. ამ დროისთვის ორგანიზაციაში შედის რუსეთი, ყაზახეთი, ბელორუსი, სომხეთი და ყირგიზეთი. თუმცა, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა სამადიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს თემა არც ტაჯიკეთის ხელმძღვანელთან ემომალი რაჰმონთან რუსი მინისტრის შეხვედრისას და არც სამინისტროების მეშვეობით მოლაპარაკებების დროს არ განიხილება მიუხედავას იმისა, რომ დღის წესრიგში დადგა ქვეყნებს შორის „თანამშრომლობის გაღრმავება“. რუსული მედია (Moscow Times) აღნიშნავს, რომ 2015 წლიდან რუსეთი ამაოდ ცდილობს, დაარწმუნოს ტაჯიკეთი ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებაში. ტაჯიკეთი კვლავ რჩება რუსეთის მთავარ სავაჭრო პარტნიორად, თუმცა დუშანბე ზრდის ვაჭრობას ჩინეთთან, რომელიც თანდათან მოიპოვებს რუსეთზე უპირატესობას რეგიონში.
მედია: კაცი, რომელმაც მოლდოვის აეროპორტში ორი ადამიანი მოკლა, კლინიკაში გარდაიცვალა
ტაჯიკეთის მოქალაქე რუსტამ აშუროვი, რომელმაც კიშინიოვის აეროპორტში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი და დაცვის თანამშრომელი მოკლა, დაკავებისას მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. მანამდე, თურქეთიდან რეისით ჩამოსულ ტაჯიკეთის მოქალაქეს ქვეყანაში შესვლაზე უარი ეთქვა. სროლა კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტში 30 ივნისს მოხდა. ტაჯიკეთის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ თავდამსხმელი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი იყო და მოლდოვაში გაიქცა მის წინააღმდეგ საქმის აღძვრის შემდეგ. თავდაპირველად, მოლდოვამ სისხლის სამართლის საქმე ტერორისტულ აქტზე აღძრა, თუმცა მოგვიანებით, დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობად გადააკვალიფიცირა.
ტაჯიკეთმა საქართველოდან ავტომობილების იმპორტი გაზარდა
2023 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით ტაჯიკეთმა საქართველოდან 1435 ავტომობილი მიიღო, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, (603 მანქანა) 2,3-ჯერ მეტია. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ამ ავტომობილების ექსპორტის ღირებულებამ 15,842 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის პირველი ნახევრის მონაცემებს (3,894 მლნ აშშ დოლარი), 4-ჯერ აღემატება. 2023 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, ტაჯიკეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვამ 19,599 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2022 წლის პირველ ნახევრთან შედარებით, (6,096 აშშ დოლარი) 3,2-ჯერ მეტია. თუმცა, ტაჯიკეთის ექსპორტმა საქართველოში პირველი ექვსი თვის განმავლობაში 36 030 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4,7-ჯერ ნაკლებია 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით (170 660 აშშ დოლარი). ტაჯიკეთის სავაჭრო ბრუნვამ 2023 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით 3,42 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2,8 პროცენტით ან 98,2 მილიონი დოლარით ნაკლებია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
სასაზღვრო დავის მოგვარების მიზნით, ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა პროტოკოლი გააფორმეს
ყირგიზეთის და ტაჯიკეთის ოფიციალური პირები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის სადავო სასაზღვრო ტერიტორიების დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხების განხილვის მიზნით შეხვდნენ, განაცხადეს, რომ პროტოკოლს მოაწერეს ხელი. მათ პროგრესზე მიანიშნეს, თუმცა დეტალები არ გახმაურებულა. ტაჯიკეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ, საიმუმინ იატიმოვმა განაცხადა, რომ შეთანხმება 2 ოქტომბერს გაფორმდა ყირგიზეთის ქალაქ ბატკენში. ცენტრალური აზიის ორი ქვეყანა თვეების განმავლობაში განიხილავდა სასაზღვრო დავების გადაჭრის მცდელობებს. „კონფლიქტები უფრო ნაკლებად უნდა მოხდეს, ამიტომ მოვაწერეთ ხელი #44 ოქმს", - განაცხადა იატიმოვმა. „ჩვენ გულმოდგინედ და კონსტრუქციულად განვახორციელებთ მას ეტაპობრივად, რათა მივაღწიოთ ყოვლისმომცველ და ფუნდამენტურ შეთანხმებას უმოკლეს დროში,“ - აღნიშნა იატიმოვმა. ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, კამჩიბეკ ტაშიევმა განაცხადა, რომ პროტოკოლი „საფუძველს იძლევა ყველა სასაზღვრო საკითხის გადასაჭრელად.“ „ღმერთმა ქნას, მალე მივიღებთ გადაწყვეტილებას სახელმწიფო საზღვრების განსაზღვრის შესახებ. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი კომისიები უწყვეტად იმუშავებენ [ამ საკითხზე]. ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება გამოიწვევს მშვიდობასა და სტაბილურობას საზღვარზე,“ - აღნიშნა ტაშიევმა. ორ ქვეყანას შორის ყველაზე სადავო ტერიტორიებია ვორუხის მიმდებარე ტერიტორია, ტაჯიკეთის ტერიტორიის ანკლავი ყირგიზეთში. ბიშკეკი ამტკიცებს, რომ ანკლავისკენ მიმავალი გზა, ტორტ-კოჩო, ყირგიზეთის ნაწილია - როგორც ეს საერთაშორისოდ არის აღიარებული, მაშინ, როცა დუშანბე მას საკუთარ ნაწილად მიიჩნევს. ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის საზღვარი დაახლოებით 975 კილომეტრია. დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი 2002 წელს დაიწყო და 2020 წლის მონაცემებით, დაახლოებით 519 კილომეტრი იყო განსაზღვრული. მას შემდეგ მიღწეული პროგრესის საჩვენებლად, გასულ წელს ყირგიზეთის პრეზიდენტის, სადირ ჯაფაროვისა და ტაჯიკეთის კოლეგას, ემომალი რაჰმონს შორის გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განაცხადეს, რომ საზღვრის დაახლოებით 664 კილომეტრი იყო განსაზღვრული. მაგრამ ეს ჯამი წინააღმდეგობაში მოდის ტაჯიკეთის პრეზიდენტის ნათქვამთან, როდესაც იანვარში განაცხადა, რომ საზღვრის 63 პროცენტი - დაახლოებით 614 კილომეტრი - იყო დემარკირებული, რადგან დარჩენილ საზღვარზე სამუშაო მიმდინარეობდა. თითოეული ქვეყნიდან სპეციალური კომისიები აგრძელებენ მოლაპარაკებას. 2022 წლის სექტემბერში ყირგიზეთ-ტაჯიკის სასაზღვრო შეტაკებისას ყირგიზეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მისი 63 მოქალაქე დაიღუპა, ხოლო ტაჯიკეთმა 41 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა. შეტაკების დროს დაღუპულთა ნათესავებთან და მეგობრებთან საუბრის შემდეგ, რადიო თავისუფლების ტაჯიკური სამსახური იტყობინებოდა, რომ ტაჯიკეთის 81 მოქალაქე დაიღუპა. ყირგიზეთის და ტაჯიკეთის ხელისუფლებამ ერთმანეთი აგრესიაში დაადანაშაულეს მას შემდეგ, რაც მხარეებმა შეტაკებებში მძიმე არტილერია და ნაღმტყორცნები გამოიყენეს. ცნობისთვის, ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა სამშვიდობო ოქმს გასული წლის სექტემბერში მოაწერეს ხელი.
სასაზღვრო დავის მოგვარების მიზნით, ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა კიდევ ერთ შეთანხმებას მიაღწიეს
ყირგიზეთი და ტაჯიკეთი სახელმწიფო საზღვრის კიდევ 24 კილომეტრზე შეთანხმდნენ, იუწყება ყირგიზეთის მედია. ყირგიზეთის მინისტრთა კაბინეტმა აღნიშნა, რომ ტაჯიკეთის სუგდის რეგიონის ქალაქ ბუსტონში ტოპოგრაფიული და სამუშაო ჯგუფების ბოლო ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხარეები გააგრძელებენ მუშაობას დარჩენილი ტერიტორიების განსაზღვრაზე მომავალ შეხვედრაზე, რომელიც ყირგიზეთში გაიმართება. როგორც მედია წერს, ბოლო შეხვედრაზე ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, ყირგიზეთს ექნება წვდომა იმ ობიექტებზე, რომლებსაც ის იყენებს ტაჯიკეთის ტერიტორიაზე, მაგრამ მიწები ამ ქვეყანას რჩება. ამავდროულად, ტაჯიკეთს ექნება წვდომა იმ ობიექტებზე, რომლებსაც ის იყენებს ყირგიზეთის ტერიტორიაზე, მიწები კი, ამ უკანასკნელს დარჩება. ტაჯიკეთის უშიშროების სამსახურის უფროსმა დეტალებზე დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ ყირგიზეთი და ტაჯიკეთი შეთანხმდნენ, რომ ორივე ქვეყანა ისარგებლებს „მუდმივი და უწყვეტი“ წვდომით მათ კუთვნილ, მაგრამ მეორე ქვეყნის საზღვრებში მდებარე მიწებზე. მოლაპარაკებების შემდეგ, დეტალებზე არც ყირგიზეთის ეროვნული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელი კამჩიბეკ ტაშიევი საუბრობს, თუმცა აღნიშნა: „ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ყველა საკითხის მოგვარებასთან.“ ორ ქვეყანას შორის ყველაზე სადავო ტერიტორიებია ვორუხის მიმდებარე ტერიტორია, ტაჯიკეთის ტერიტორიის ანკლავი ყირგიზეთში. ბიშკეკი ამტკიცებს, რომ ანკლავისკენ მიმავალი გზა, ტორტ-კოჩო, ყირგიზეთის ნაწილია - როგორც ეს საერთაშორისოდ არის აღიარებული, მაშინ, როცა დუშანბე მას საკუთარ ნაწილად მიიჩნევს. ტაშიევმა ახლა მიანიშნა, რომ მიღწეულია შეთანხმება, თუ როგორ მართონ მონაკვეთი, რომელიც კვეთს ყირგიზეთის ტერიტორიას და აკავშირებს ტაჯიკეთის მატერიკს მჭიდროდ დასახლებულ ვორუხთან. ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის საზღვარი დაახლოებით 975 კილომეტრია. დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი 2002 წელს დაიწყო და 2020 წლის მონაცემებით, დაახლოებით 519 კილომეტრი იყო განსაზღვრული. მას შემდეგ მიღწეული პროგრესის საჩვენებლად, გასულ წელს ყირგიზეთის პრეზიდენტის, სადირ ჯაფაროვისა და ტაჯიკეთის კოლეგას, ემომალი რაჰმონს შორის გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განაცხადეს, რომ საზღვრის დაახლოებით 664 კილომეტრი იყო განსაზღვრული. მაგრამ ეს ჯამი წინააღმდეგობაში მოდის ტაჯიკეთის პრეზიდენტის ნათქვამთან, როდესაც იანვარში განაცხადა, რომ საზღვრის 63 პროცენტი - დაახლოებით 614 კილომეტრი - იყო დემარკირებული, რადგან დარჩენილ საზღვარზე სამუშაო მიმდინარეობდა. თითოეული ქვეყნიდან სპეციალური კომისიები აგრძელებენ მოლაპარაკებას. 2022 წლის სექტემბერში ყირგიზეთ-ტაჯიკის სასაზღვრო შეტაკებისას ყირგიზეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მისი 63 მოქალაქე დაიღუპა, ხოლო ტაჯიკეთმა 41 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა. შეტაკების დროს დაღუპულთა ნათესავებთან და მეგობრებთან საუბრის შემდეგ, რადიო თავისუფლების ტაჯიკური სამსახური იტყობინებოდა, რომ ტაჯიკეთის 81 მოქალაქე დაიღუპა. ყირგიზეთის და ტაჯიკეთის ხელისუფლებამ ერთმანეთი აგრესიაში დაადანაშაულეს მას შემდეგ, რაც მხარეებმა შეტაკებებში მძიმე არტილერია და ნაღმტყორცნები გამოიყენეს. სასაზღვრო დავის მოგვარების მიზნით, ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა მიმდინარე წლის აპრილში პროტოკოლი გააფორმეს.
რუსეთიდან უცხოელებს ასახლებენ
რუსეთის ხელისუფლების მტკიცებით, მიგრაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევის გამო, სანქტ-პეტერბურგში 400-ზე მეტი მიგრანტის დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღეს. ინფორმაციას ქალაქის სასამართლოების პრესსამსახური ავრცელებს. კვირის განმავლობაში, რუსეთის სამართალდამცავი სტრუქტურები მიგრანტების აღმოსაჩენად მასობრივ რეიდებს აწყობდნენ, როგორც სანქტ-პეტერბურგში, ასევე ქვეყნის სხვა ქალაქებში. ბოლო 5 დღის განმავლობაში, ქალაქის სასამართლოებში, თითქმის 600 პირის საქმე შევიდა. 418 პირთან დაკავშირებით, ჯარიმის დაწესებასთან ერთად, მიღებულია დეპორტაციის გადაწყვეტილებაც. კიდევ 50 უცხოელს ქვეყნის დამოუკიდებლად დატოვება დაევალა. "Фонтанка"-ს ცნობით, დეპორტაციის წინ, 418 პირი უცხო ქვეყნების მოქალაქეების დროებითი განთავსების ცენტრში გადაიყვანეს. მანამდე გავრცელებული ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ხსენებული ცენტრი მხოლოდ 336 ადამიანს იტევს. რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ტასს-ი იტყობინება, რომ ტერაქტის დროს 551 ადამიანი დაშავდა. AP-ის თანახმად, ადრე გამოცხადებული რიცხვი მნიშვნელოვნად დაბალი იყო და ეს განსხვავება ჯერ აუხსნელია. თავდასხმის დროს 144 ადამიანი მოკლეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მსოფლიოში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთმა განშტოებამ (ხორასანი) აიღო. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ცნობით, დაკავებულია 11 პირი, მათ შორის, თავდასხმის 4 უშუალო მონაწილე, რომლებიც ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან. რამდენიმე პირი დააკავეს ასევე ტაჯიკეთში. 24, 25 და 26 მარტს, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა 8 ბრალდებულს. ოთხს ტერაქტში უშუალო მონაწილეობაში ადანაშაულებენ, დანარჩენებს კი - მათ დახმარებაში.
აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი ერთობლივ წვრთნებს გამართავენ
აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის ხელმოწერილი ერთობლივი გეგმის მიხედვით, ყაზახეთში, ქალაქ აქტაუში, ოპერატიულ-ტაქტიკური სამეთაურო-საშტაბო სწავლება „Бірлестик (ერთობა) - 2024“-ის დაგეგმვის კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდა აზერბაიჯანის დელეგაცია, განიხილეს სწავლების მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები და შესასრულებელი ამოცანები. 2024 წლის ივლისში, ყაზახეთის რესპუბლიკის ოიმაშის საწვრთნელ მოედანზე, ასევე ტოკმაკის კონცხზე კასპიის ზღვის აკვატორიაში გასამართი სწავლების ფარგლებში დაგეგმილია აქტივობები: „საბრძოლო წვრთნის ამოცანების შესრულება შეიარაღებული კონფლიქტების ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებისთვის.“
ტაჯიკეთში, შენობებში მზის ენერგიის გამოყენება სავალდებულო გახდა
ტაჯიკეთის არქიტექტურისა და მშენებლობის კომიტეტმა, მშენებლობასა და რეკონსტრუქციაში მზის ელექტრო სისტემების სავალდებულო გამოყენება დაამტკიცა. როგორც Asia Plus-ი იუწყება, ამიერიდან, გარდა რეგულარული ელექტრო ქსელისა, შენობები აღჭურვილი უნდა იყოს მზის პანელებით, ღამის ენერგიის შესანახად. ეს ნაბიჯი მწვანე ეკონომიკის განვითარების სტრატეგიისა და სამშენებლო ინდუსტრიის განვითარების სტრატეგიის ნაწილია. „ბრძანება მოიცავს სხვადასხვა ტიპის შენობებს, მათ შორის, საგანმანათლებლო, სამედიცინო, კულტურულ, ტურისტულ, ადმინისტრაციულ, საზოგადოებრივ, სპორტულ კომპლექსებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საწარმოებს, სავაჭრო და სერვის ცენტრებს, კვების ობიექტებსა და გასართობ პარკებსაც კი, გზებსა და ქუჩებს,“ წერს გამოცემა. სამთავრობო უწყებები ამ კანონის შესრულებას, პროექტების განხილვისას, ასევე, შენობების მშენებლობისა და ექსპლუატაციაში მიღებისას მონიტორინგს გაუწევენ. ასევე მიიღება ზომები მზის ენერგიის სისტემების მასალებისა და აღჭურვილობის ფასების დასარეგულირებლად.
აშშ შუა დერეფანში ტაჯიკეთის მონაწილეობას მხარს უჭერს
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შუა დერეფნის პროექტში ტაჯიკეთის ჩართვაზე თავისი მხარდაჭერა დააფიქსირა. აშშ-ის ელჩმა დუშანბეში მანუელ მიკალერმა ასევე ხაზი გაუსვა თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალს „C5+1“ დიპლომატიური პლატფორმის მეშვეობით, რომელიც აერთიანებს შეერთებულ შტატებსა და მის ხუთ პარტნიორს ცენტრალურ აზიაში. „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დავეხმარებით ამ პარტნიორებს უფრო მჭიდრო თანამშრომლობის მიღწევაში და მსოფლიო ბაზრებზე წვდომაში „C5+1“ პლატფორმის მეშვეობით,“ - აღნიშნა ელჩმა. ამავე ინტერვიუში ელჩმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მჭიდროდ თანამშრომლობს ტაჯიკეთის მთავრობასთან, რათა მიაღწიოს ქვეყანაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დეკლარირებულ მიზანს და იპოვნოს ბალანსი სამოქალაქო საზოგადოების შექმნის გზით. ტრანსკასპიის დერეფანში სტრატეგიული პროექტების „ხელშესახები წინსვლისთვის“, აშშ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებისთვის პოტენციურ სფეროებს აფასებს