თეგი: ტელევიზიები
კომუნიკაციების კომისიამ „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ გააფრთხილა, „მთავარი არხი“ კი, წლიური შემოსავლის 1%-ით დააჯარიმა
კომუნიკაციების კომისიამ არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის ეთერში კანონდარღვევით განთავსების მოტივით, „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ წერილობით გააფრთხილა, „მთავარი არხი“ კი, მაუწყებლის წლიური შემოსავლის 1%-ით დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს და განმარტავს, რომ საქმე ეხება 23 და 24 ივნისს მაუწყებლების ეთერით გავრცელებულ ვიდეორგოლს, რომლის განთავსების უფლებაც ტელევიზიებს კანონმდებლობით არ ჰქონდათ. „რეკლამის სტატუსის განსაზღვრისთვის კომუნიკაციების კომისიამ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, სასამართლო პრაქტიკისა და ევროპული ქვეყნების პრაქტიკის შესაბამისად, ყურადღება როგორც სარეკლამო რგოლის შინაარსზე და კონტექსტზე, ასევე მის მიზანზე გაამახვილა. ვიდეორგოლის შესწავლისას კომისიამ დაადგინა, რომ აშკარაა მაუწყებლების ეთერში განთავსებული რეკლამის მიზანი ერთის მხრივ, იყო 24 ივნისს გასამართი მანიფესტაციის რეკლამირება, რომ მასში მაქსიმალურად მეტ მოქალაქეს მიეღო მონაწილეობა, ხოლო მეორეს მხრივ, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ და მათი ლიდერების უარყოფით კონტექსტში წარმოჩენა. შესაბამისად, აღნიშნული ვიდეორგოლი თავისი შინაარსიდან გამომდინარე წარმოადგენს პოლიტიკური პარტიის ლიდერებზე გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის, ემსახურება ამ პოლიტიკური პარტიის და მისი წევრების მიმართ უარყოფითი აზრის ფორმირებას და მათი არჩევის ხელშეშლას. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ თავად მანიფესტაცია პოლიტიკური კონტექსტის მატარებელი იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიამ მიიჩნია, რომ სადავო ვიდეორგოლი წარმოადგენს პოლიტიკურ რეკლამას. საქართველოს კანონმდებლობა მკაცრად არეგულირებს პოლიტიკური რეკლამის მაუწყებლის ეთერში განთავსების საკითხს. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, მაუწყებელი, როგორც რეკლამის გამავრცელებელი, ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული რეკლამის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა და არ უნდა დაუშვას არასათანადო რეკლამის ეთერში განთავსება. წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის განთავსება მაუწყებელს შეზღუდული აქვს თუ წინასაარჩევნო კამპანია არ მიმდინარეობს. წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის მაუწყებლის ეთერში განთავსება იკრძალება კენჭისყრამდე 50-ე დღემდე. კერძოდ, რეკლამის განთავსება უნდა დაიწყოს კენჭისყრამდე 50 დღით ადრე და დასრულდეს კენჭისყრამდე 8 საათით ადრე, ხოლო მეორე ტურის შემთხვევაში - მეორე ტურის დანიშვნის დღის მომდევნო ორშაბათიდან და უნდა დასრულდეს კენჭისყრამდე 8 საათით ადრე. ვინაიდან 2022 წლის 23 და 24 ივნისს არ მიმდინარეობდა წინასაარჩევნო კამპანია, მაუწყებლებს არ ჰქონდათ უფლება განეთავსებინათ პოლიტიკური რეკლამა. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით, არაწინასაარჩევნო პერიოდში წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის კანონდარღვევით განთავსების გამო, მაუწყებლების სანქცირების გადაწყვეტილება მიიღო. გამომდინარე იქიდან, რომ „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ აღნიშნული კანონდარღვევა ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ჩაუდენიათ და მათ მიმართ სანქციის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებლები წერილობით გააფრთხილა. „მთავარი არხი“ კი ანალოგიური სამართალდარღვევისთვის 2019, 2020 და 2021 წლებში სამართალდამრღვევად ცნობილი 4-ჯერ იყო, ამასთან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში „მთავარი არხის“ მიერ აღნიშნული კანონდარღვევა მეორედ განხორციელდა და მაუწყებელი უკვე იყო დაჯარიმებული. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ მას კანონით გათვალისწინებული სანქცია, წლიური შემოსავლის 1%-ის ოდენობის ჯარიმა, 118,688.67 ლარი დააკისრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში. ვიდეორგოლთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიას საჩივრით „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა. თავად ტელევიზიების წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ მხრიდან კრიტიკული მედიის ჩახშობის მცდელობაზე საუბრობენ.
კომუნიკაციების კომისია: “იმედის” და “რუსთავი 2-ის" შემოსავალი გაიზარდა, “მთავარი არხის” - შემცირდა
გასულ წელს ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები შემცირდა, რადგან მთავრობამ აზარტული თამაშების კომპანიებს სამაუწყებლო რეკლამა აუკრძალა. 2021 წელს აზარტული თამაშების კომპანიებისგან მაუწყებლებმა თითქმის 18 მლნ ლარი მიიღეს, 2022 წელს, ეს მაჩვენებელი 70%-ით, 5 მლნ ლარამდე შემცირდა. კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს. კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ტელევიზიებმა მესამე კვარტალში ჯამში 18 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღეს. 2023 წლის მესამე კვარტალში ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები გაზრდილია. მეტწილად - “იმედისა” და “რუსთავი 2-ის" ხარჯზე. განახლებული მონაცემები ივლის-სექტემბრის პერიოდს ასახავს. მონაცმეები გასული წლის იმავე პერიოდთან არის შედარებული. ტელევიზიებმა მესამე კვარტალში ჯამში 18 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღეს, აქედან 23% - 3,5 მილიონი ლარი - მატებაა წინა წელთან შედარებით. ტელეკომპანიების შემოსავლები: “იმედი” - გაიზარდა 1,4 მილიონი ლარით; “რუსთავი 2” - გაიზარდა 1,1 მილიონი ლარით; “მთავარი არხი” - შემცირდა 0,2 მილიონი ლარით; POS TV - გაიზარდა 0,5 მილიონი ლარით; “ფორმულა” - გაიზარდა 0,4 მილიონი ლარით; “TV პირველი” - გაიზარდა 0,1 მილიონი ლარით. ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით, ყველაზე მეტი რეკლამა შევიდა “იმედში”. ამ არხის შემოსავალი, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 29%-ით გაიზარდა და 6,3 მილიონი ლარი გახდა. მეორე ადგილზეა “რუსთავი 2”, რომლის შემოსავალი 73%-ით გაიზარდა და 2,6 მილიონი გახდა.