თეგი: ტენდერები

საქართველოში რეგისტრირებული კომპანიები ევროკავშირის ქვეყნების სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობას შეძლებენ

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, წლის განმავლობაში, ევროკავშირში დაახლოებით 250,000-ზე მეტი საჯარო შემსყიდველი ორი ტრილიონი ევროს ღირებულების პროდუქციას იძენს, ასოცირების საბჭოს გადაწყვეტილებით, ქართულ კომპანიებს ამ ბაზარზე სრულფასოვანი წვდომის შესაძლებლობა გაუჩნდათ.  ქართული კომპანიებისთვის ევროკავშირის ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების მიერ საქონლის შესყიდვების ბაზარი გაიხსნა. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს გადაწყვეტილება ამ სიახლის შესახებ ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა. ვიცე-პრემიერის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება საქართველოს მიერ ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული ვალდებულების სრულყოფილად შესრულების შედეგია. „ვფიქრობთ, რომ ქართული კომპანიებისთვის ეს იქნება  ახალი სტიმული. ამავე დროს, ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროპულ ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის კუთხით,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. აღსანიშნავია, რომ ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტმა 2021 წლის 8 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ევროკომისიის მიერ დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი პირველი ეტაპის ვალდებულებების წარმატებით შესრულება საჯარო შესყიდვების სფეროში. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოში რეგისტრირებულ ნებისმიერ ბიზნესს უფლება ექნება, მიიღოს მონაწილეობა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების მიერ გამოცხადებულ შესყიდვებში და ამ  ბაზარზე გაუწიონ ღია და სამართლიანი კონკურენცია მსოფლიოს სხვა მიმწოდებლებს. საგულისხმოა, რომ ყოველწლიურად დაახლოებით 250 ათასი ევროპელი შემსყიდველი საჯარო დაწესებულება და ორგანიზაცია ყიდულობს საქონელსა და მომსახურეობას 2 ტრილიონი ევროს ჯამური თანხის ოდენობით. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების მიერ გამოცხადებული ტენდერების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  https://ted.europa.eu/TED/browse/browseByMap.do    

მთავრობის ინციატივით, 80 ახალი სკოლის მშენებლობასა და 320 სკოლის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მასშტაბური პროექტის განხორციელება იწყება - 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პირველი ეტაპი მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში დაიწყება და ტენდერი 80 ახალი სკოლის მშენებლობასა და 320 სკოლის რეაბილიტაციაზე გამოცხადდება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.  ამ საკითხზე, მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერის ხელმძღვანელობით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ლევან სუხიტაშვილმა მთავრობის მეთაურთან ერთად პროექტის დეტალები განიხილეს. „პროექტის თანახმად, დარჩენილი 400 სკოლის რეაბილიტაციის ტენდერი 2023-2024 წლებში გამოცხადდება და 2026 წლის ბოლოსთვის, ჯამში, 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება. პროექტი საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და მათ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს და მისი განხორციელებით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს. შედეგად, 2026 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება. აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაციისა და ახალი სკოლების მშენებლობის დროს გათვალისწინებულია მათი აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. კერძოდ, მოეწყობა თანამედროვე ლაბორატორიები, გაიმართება სპორტული ინფრასტრუქტურა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიმართულებით. ყველა სკოლა მთლიანად ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. როგორც სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა აღნიშნა,  განათლებაზე ზრუნვა მთავრობის სტრატეგიული პრიორიტეტია. პროექტის ღირებულება 1 მლრდ ლარს შეადგენს“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში .

კახა კალაძე: გვაქვს გარკვეული პრობლემები მეტროსადგურების რეაბილიტაციის თვალსაზრისით

ჩვენს მიერ გამოცხადებული ტენდერებით გვაქვს გარკვეული პრობლემები მეტროსადგურების რეაბილიტაციის თვალსაზრისით, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ქართული კომპანიები ვერ იღებენ პასუხისმგებლობას სამუშაოს ხარისხიანად ჩატარებაზე. „ყველა ქართული კომპანია ერიდება ამ პროექტებში მონაწილეობას, შესაბამისად, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ჩართულობით, მათი მხარდაჭერით მოხდება ტენდერების გამოცხადება 11 მეტროსადგურის რეაბილიტაციაზე და შესაძლებლობა ექნება საერთაშორისო, უცხოურ კომპანიებს მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში,“ - განაცხადა კალაძემ.