თეგი: ტექნიკური მარილი
უამინდობის გამო, თბილისის მასშტაბით, 160 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა
დედაქალაქში მოსული ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამუშაოები გვიან ღამით დაიწყო და თბილისის მასშტაბით, დაახლოებით, 160 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა. სამუშაოებში ჩართული იყო კომპანიის 150 თანამშრომელი და 27 ერთეული ტექნიკა. „ამ ეტაპზე, ტექნიკური მარილი დაყრილია აღმაშენებლის ხეივანში, ქოშიგორას დასახლებაში, მუხათგვერდის სასაფლაოსთან; კახეთის გზატკეცილზე და ლილოს დასახლებაში; ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე, ზაჰესის ხიდზე, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიასა და სოფელ გიორგიწმინდაში. ტექნიკური მარილი დაიყარა ნუცუბიძის პლატოებზეც. მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა გზები თბილისს შემოერთებულ ტერიტორიებზე: შინდისში, წავკისში, კოჯორში, ტაბახმელაში, სამადლოში, ახალბაში, კიკეთში, წყნეთში, ბეთანიაში, თხინვალაში, დიდგორსა და თელოვანში. სამუშაოები საჭიროებიდან გამომდინარე, კვლავ გაგრძელდება, რათა ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად იყოს შესაძლებელი. პრობლემის არსებობის შემთხვევაში, დარეკეთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თბილისის მერია: დედაქალაქის ქუჩებში ტექნიკური მარილი ინტენსიურად იყრება
დედაქალაქის ქუჩებში ტექნიკური მარილი ინტენსიურად იყრება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ყინვისა და ნალექის გამო, დედაქალაქის ზოგიერთ დასახლებაში ტრანსპორტის გადაადგილების კუთხით პრობლემა შეიქმნა. „შპს „თბილსერვის ჯგუფი“ 200-მდე თანამშრომლითა და სამი ათეული სპეციალური ტექნიკით 24 საათის განმავლობაში განაგრძობს მუშაობას. ინტენსიურად იყრება ტექნიკური მარილი და იწმინდება როგორც ქალაქის ქუჩები, ისე შემოერთებული ტერიტორიები. მოსახლეობას მივმართავთ თხოვნით, თუ თქვენს ავტომობილს არ აქვს ზამთრის სეზონის საბურავები, თავი შეიკავოთ ავტომანქანით გადაადგილებისგან. პრობლემის არსებობის შემთხვევაში, მოქმედებს „თბილსერვის ჯგუფისა“ და თბილისის მერიის ცხელი ხაზი – 2 61 90 50, 2 72 22 22“, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.