თეგი: ტვირთები
მედია: ყაზახეთის ახალ საექსპორტო მარშრუტში საქართველოც მოხვდა
ყაზახეთის ხელისუფლებამ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე საექსპორტო სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვისთვის ალტერნატიული მარშრუტები შეიმუშავა. ამის შესახებ რუსული მედია ყაზახეთის ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ კაირბეკ უსკენბაევზე დაყრდნობით წერს. „ჩვენ შევიმუშავეთ ალტერნატიული მარშრუტები და კორიდორები საექსპორტო და ტრანზიტული ტვირთებისთვის. სამინისტრომ მიიღო ოპერატიული ზომები, იმისთვის, რომ ტვირთების მოწოდების ლოჯისტიკური ჯაჭვის წყვეტა აღკვეთოს“, - განაცხადა კაირბეკ უსკენბაევმა. მისი თქმით, საექსპორტო ტვირთების ახალი მარშრუტი ლატვიის პორტებსა და ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე (TITR) იქნება ორიენტირებული. „TITR-ის ფარგლებში შეთანხმება უკვე მიღწეულია აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის მთავრობებთან გადაზიდვების უზრუნველსაყოფად ერთობლივი საწარმოს შექმნაზე“,- განაცხადა ყაზახეთის ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა კაირბეკ უსკენბაევმა.
გაჩნდა მზარდი ინტერესი, რომ ჩინეთიდან წამოსული ტვირთები შუა დერეფნის გავლით გადაიზიდოს - APM Terminals
ფოთის პორტში ტვირთბრუნვა საგრძნობლად გაიზარდა, - ამის შესახებ იან როულინსონი, APM Terminals ფოთის კომერციული დირექტორი აცხადებს. მისი თქმით, მეზობელი ქვეყნების მხრიდან შუა დერეფანთან მიმართებით, ინტერესი გაიზარდა. საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა იზრდება „დღეს ჩვენ ვხედავთ ინტერესს, მეზობელი კავკასიის ქვეყნებიდან, ასევე ინტერესი გაჩნდა კასპიის ზღვის აუზის ქვეყნების მხრიდან და ცენტრალური აზიიდან. მათი ინტერესის სფეროა შუა დერეფანი. გაჩნდა მზარდი ინტერესი, რომ ჩინეთიდან წამოსული ტვირთები შუა დერეფნით გადაზიდონ. მანამდე ამ ტვირთების გადაზიდვა რუსეთის მარშრუტზე ხდებოდა. ბოლო დროს კი ვხედავთ, რომ ეს ტვირთები ყაზახეთიდან აზერბაიჯანში კასპიის ზღვით ხვდება, შემდეგ კი ფოთის პორტში, რათა ზღვით ევროპაში გადაიზიდოს“, - ამბობს როულენსონი. მისი თქმით, დღეს ფოთის პორტის წლიური გამტარუნარიანობა 500-550 000 TEU (კონტეინერი) შეადგენს. გასულ წელს ეს მოცულობა 300 000 TEU -იყო, სრული სიმძლავრის 60%. „კომპანია თანამშრომლობს რეგიონულ პარტნიორებთან, რათა სიმძლავრე კავშირები გააუმჯობესოს და ტვირთბრუნვა გაზარდოს“, - აცხადებს APM Terminals ფოთის კომერციული დირექტორი. APM Terminals -ი ფოთის პორტის ოპერატორი კომპანიაა, რომლის შტაბ-ბინაც ნიდერლანდებში მდებარეობს, რომელიც დანიის გადამზიდავი კომპანია Maersk-ის სატრანსპორტო და ლოგისტიკის განყოფილებას წარმოადგენს.
ბადრი რამიშვილი: შუა აზიიდან ტვირთების მოზიდვა უპირატესობას მისცემს საქართველოს ეკონომიკას. სატარიფო პოლიტიკა უნდა გადაიხედოს
საქართველოს მთავრობის ცენტრალური აზიის ქვეყნებში ტურნეს დროს, ერთი მთავარი საკითხი გამოიკვეთა: უზბეკეთის, თურქმენეთისა და ყაზახეთის ინტერესის სფეროა ტრანსკასპიური მარშრუტი (შუა დერეფანი), რომლის მნიშვნელოვანი მოთამაშეა საქართველო. სატრანზიტო ნაკადების გაზრდის მიზნით, ყაზახეთი და საქართველო ეკონომიკურ ურთიერთობებს აღრმავებენ. გაფორმდა შეთანხმება რკინიგზებს შორის Europetime-თან ინტერვიუში თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, ეკონომისტი ბადრი რამიშვილი ამბობს, რომ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანმა შეჭრამ, საქართველოსთვის ბევრი შესაძლებლობა გააჩინა. კერძოდ, ჩინეთი და ყაზახეთი უარს ამბობენ რუსულ მარშრუტებზე და საქართველომ ეს შანსი უნდა გამოიყენოს. „ყაზახეთის მთავრობა ეძებს ნავთობის გადასაზიდად რუსეთის მარშრუტის ალტერნატივას და ამ გზამ საქართველოზე უნდა გაიაროს. უზარმაზარი პერსპექტივები გვაქვს. საქართველოს მთავრობის ვიზიტი ცენტრალური აზიის ქვეყნებში დროული იყო. საგულისხმოა ისიც, რომ ჩინეთმა პროექტის - „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ფარგლებში უარი თქვა ევროპისკენ მიმავალი რუსული მარშრუტების დაფინანსებაზე მაშინ, როცა რუსეთი მისთვის ერთადერთი ქვეყანაა, რომლის მეშვეობითაც, ევროპის ნებისმიერ წერტილში შეუძლია ტვირთის მარტივად მიტანა. ამ ფონზე ტრანსკასპიური მარშრუტის მნიშვნელობა იზრდება“, - აცხადებს რამიშვილი. ასტანაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ალიჰან სამოილოვმა ღიად თქვა, რომ მისი ქვეყნისთვის ტრანსკასპიური მარშრუტი მნიშვნელოვანია და შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობისთვის აუცილებელია ინფრასტრუქტურული შეზღუდვების მოხსნა სარკინიგზო მონაკვეთებსა და საზღვაო პორტებში. ამასთან, საჭიროა მოქმედი ტარიფების გადახედვა. „ამ მარშრუტს აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნებისთვის. ყაზახეთი მხარს უჭერს ყველა ინიციატივას, რაც რეგიონის სატრანსპორტო-სატრანზიტო პოტენციალის განვითარებას დასჭირდება. რა თქმა უნდა, აქ დაინტერესებული მხარეების ინტერესებში ბალანსი უნდა იყოს დაცული. ამასთან, ტრანსკასპიური მარშრუტის პოტენციალის გასაზრდელად, მარშრუტის სხვა მონაწილეებს ვთავაზობთ საგზაო რუკის შემუშავებას, რომელიც მონაწილე ქვეყნების სინქრონული მოქმედებებით მარშრუტის მონაკვეთებზე არსებულ ხარვეზებს აღმოფხვრის. საგზაო რუკა 2022-2025 წლებს უნდა მოიცავდეს“, - განაცხადა ალიჰან სამოილოვმა. Europetime-თან ინტერვიუში ტრანსკასპიურ მარშრუტის სატარიფო პოლიტიკასა და არსებულ პრობლემებზე ბადრი რამიშვილიც აკეთებს აქცენტს. „საქმეს ართულებს ის, რომ საქართველოში ვიდრე შემოვა ტვირთი რამდენიმე ქვეყანა უნდა გაიაროს. ეს დიდი პრობლემაა კანონმდებლობის მხრივაც. ამავე დროს, ტვირთი ვიდრე საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს, რამდენჯერმე უნდა მოხდეს მისი რკინიგზიდან პორტში და პორტიდან ტრაილერში გადატვირთვა, რაც ძალიან აძვირებს გადაზიდვას“. ყაზახეთში ვიზიტისას მხარეებმა სამ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი: 1. მხარეებმა უნდა შეიმუშაონ საგზაო რუკა, რომელიც საქართველოსა და ყაზახეთს შორის 2023-2026 წლებში ნომენკლატურულ ტვირთბრუნვას გააუმჯობესებს, 2. თანამშრომლობის მემორანდუმი ყაზახეთის რესპუბლიკის ციფრული განვითარების, ინოვაციების და საჰაერო კოსმოსური ინდუსტრიის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის; 3. შეთანხმება სს „ყაზახეთის თემირ ჟოლისა“ და სს „საქართველოს რკინიგზას“ შორის თანამშრომლობის შესახებ. რამიშვილის შეფასებით, სამივე ხელშეკრულება საკმაოდ მნიშვნელოვანია, მთავარია ხელისუფლებამ ამ მიმართულებაზე აქტიურად იმუშაოს. „შუა აზიის ქვეყნების ტვირთები რომ მოსაზიდია და სერიოზულ უპირატესობას მისცემს ქართულ ეკონომიკას ეს ფაქტია. თუნდაც ყაზახეთის ნავთობი და თურქმენეთის გაზი რომ წამოვიღოთ, მეტი არცაა საჭირო. ამასთან, უზბეკეთში ბამბაა და სხვა მნიშვნელოვანი ტვირთებია. შუა აზია თუ ავითვისეთ, ეს სრულად ეყოფა საქართველოს სატრანსპორტო პერსპექტივებს“. კიდევ ერთი საკითხია, ჩინეთის მარშრუტი, რომლის გამოყენებაც ყაზახეთმა საქართველოს შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაცია ყაზახეთის მთავრობის ვებგვერდზე იძებნება. საქმე ეხება ყაზახეთსა და ჩინეთს შორის არსებულ სარკინიგზო მარშრუტს, რომელიც გუანსი-ჩჟუანის ავტონომიურ რაიონს (ჩინეთის სამხრეთის ნაწილი) ყაზახეთის დედაქალაქთან აკავშირებს. მარშრუტი 2021 წელს ამოქმედდა და ორ ქვეყანას შორის დამაკავშირებელი რკინიგზით გადაზიდვები 45-დან 13 დღემდე შემცირდა. ამ მარშრუტის მიზანია ყაზახეთის გავლით ტვირთების ევროპაში გადაზიდვა. Europetime-თან ინტერვიუში ბადრი რამიშვილი ამბობს, რომ შესაძლოა, ჩინეთი საქართველოს პოტენციალით დაინტერესდეს და ტვირთები ამ მიმართულებიდან, შუა დერეფანში გადმოამისამართოს და საქართველოს რკინიგზის გავლით ბათუმისა და ფოთის პორტებით ევროპის ბაზარზე გაიტანოს. ჩინეთმა რუსეთში „ერთი სარტყელი ერთი გზის“ პროექტის ფარგლებში ინვესტიციები შეაჩერა „ახლახან ცნობილი გახდა, რომ ჩინეთი უარს ამბობს რუსეთში რიგი პროექტების განხორციელებაზე. მათ შორისაა, „ერთი სარტყელი ერთი გზა“. ამ პროექტზე რამდენიმე ტრილიონი დოლარის საინვესტიციო პროექტების პაკეტია მიბმული. რუსეთზე ამ პროექტის ფარგლებში რამდენიმე გზას უნდა გაევლო და ჩინეთის უარის გამო, პროექტები ჩაიშალა. ალბათ, ახლა ძალიან დიდი შესაძლებლობა გაჩნდა, რომ ამ პროექტმა საქართველოზეც გაიაროს და უზარმაზარი ტვირთების ნაკადი ჩვენკენ წამოვიდეს. ჩინეთი ალბათ თავად გამოიჩენს ინიციატივას. ყაზახეთი კი, მიხვდა, რომ რუსეთი არაა სანდო პარტნიორი და თანაც იქ, შესაძლოა, სამხედრო თვალსაზრისითაც აირიოს სიტუაცია. თუ რუსეთი არ შეეწირა უკრაინის კონფლიქტს, მისი შემდეგი სამიზნე ყაზახეთი იქნება. ამიტომ, ყაზახეთს ყველანაირად აწყობს რუსეთის გავლენებიდან გამოსვლა“, - აღნიშნა რამიშვილმა. ყაზახეთი რუსეთთან ომის შიშით თავდაცვას აძლიერებს - WSJ საქართველო და ყაზახეთი სავაჭრო ურთიერთობები ყაზახეთში ექსპორტი რეკორდულად იზრდება. საქსტატის მონაცემებით, წელს 6 თვეში საქართველოდან აღნიშნულ ქვეყანაში 79,208 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა, რაც თითქმის, 3-ჯერ (2,7-ჯერ) მეტია, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ექსპორტი ყაზახეთში - Top 10 პროდუქტი მსუბუქი ავტომობილები - $29,804 მლნ; სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან- $12,006 მლნ; პოლიაცეტალები, პოლიეთერები მარტივი სხვა და ფისები ეპოქსიდისა პირველადი ფორმებით - $10,290 მლნ; მინერალური და მტკნარი წყლები - $8,632 მლნ; ყურძნის ნატურალური ღვინოები - $4,252 მლნ; წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - $2,688 მლნ; მადნები და კონცენტრატები მანგანუმის - $1,480 მლნ; მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - $1,371 მლნ; ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - $1,001 მლნ; ღუმელები და კამერები სამრეწველი ან ლაბორატორიული - $896.2 მლნ. იმპორტი ყაზახეთიდან - Top 10 პროდუქტი ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი- $4,498 მლნ; კოქსი და ნახევარკოქსი ქვანახშირის, ლიგნიტის ან ტორფისაგან, ნახშირი რეტორტისა - $2,110 მლნ; ხორბალი და მესლინი - $1,269 მლნ; ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $1,128 მლნ; საპარსი საშუალებები, დეზოდორანტები - $749.7 ათასი; საწებლების მოსამზადებლად და მზა საწებლები, მდოგვი - $716.1 ათასი; მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან და მათი ნაწილები - $570.5 ათასი; ქვანახშირი, მყარი საწვავის სახეობები, მიღებული ქვანახშირისაგან - $525.7 ათასი; სატვირთო ავტომობილები - $439.6 ათასი; თევზი გაყინული - $382.2 ათასი. 2021 წლის იანვარ-ივნისში ექსპორტზე 28,719 მლნ აშშ დოლარის საქონელი გავიდა, ხოლო 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში - 17,994 მლნ აშშ დოლარის. რაც შეეხება იმპორტს, წელს 6 თვეში16,289 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი შემოვიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 9,323 მლნ აშშ დოლარის.
რა ტვირთებზეა გათვლილი და როდის განახორციელებს ყაზახეთი საქართველოში შიდა ქსელური ტერმინალების პროექტს
ყაზახეთი ნავთობპროდუქტებისა და გაზის ბაზრების დივერსიფიცირებასთან ერთად, გეგმავს, რომ შავი ზღვით მსოფლიო ბაზარზე, უფრო მეტი საკონტეინერო და სხვა ტიპის ტვირთი გაიტანოს. გასულ კვირას, ყაზახეთის ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა კაირბეკ უსკენბაევმა განაცხადა, რომ მთავრობა საქართველოს, ირანის, აზერბაიჯანისა და თურქეთის პორტებში შიდა ტერმინალური ქსელების შექმნის საკითხს განიხილავს. Europetime-თან ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ჯახუტაშვილი აცხადებს, რომ ამ პროექტის განხორციელება რეალურია. სამშენებლო ტენდერი 2023 წლის ბოლომდე გამოცხადდება, ხოლო ამ პროექტის სავარაუდო ჯამური ღირებულება $85 მილიონამდეა. საქართველოს, ირანის, აზერბაიჯანისა და თურქეთის პორტებში შიდა ტერმინალური ქსელების შექმნაზე განცხადება, ყაზახეთის ინფრასტრუქტურის მინისტრმა გააკეთა. ეს ყველაფერი ემსახურება ინფრასტრუქტურის გაძლიერებასა და შესაბამისობაში მოყვანას, რაც ყაზახეთიდან დასავლეთის მიმართულებით სატრანზიტო დერეფანში ტვირთების დივერსიფიკაციისთვისაა საჭირო. ვგულისხმობ ტრანსკასპიური დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდას, რაც დღეს პრობლემაა. ამ მხრივ ხარვეზებია ყაზახეთის ინფრასტრუქტურაშიც, ასევე პრობლემები აქვს საქართველოსა და აზერბაიჯანის ინფრასტრუქტურას. ET: რა უპირატესობა აქვს და როდის შეიძლება განახორციელოს ყაზახეთმა შიდა ტერმინალური ქსელების პროექტი? საუბარია ფოთის პორტზე, თუმცა პროექტის დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ, რადგან დიზაინი შემუშავების პროცესშია. თუმცა ყაზახეთისგან ამის გაცხადება, იმას ნიშნავს, რომ სურს პროცესის თანამმართველი იყოს. როგორც თავის დროზე ბათუმის ნავთობტერმინალი შეიძინეს და თავისი ნავთობის დივერსიფიკაციისთვის არხი შექმნეს, ამ ჭრილში სხვადასხვა ტვირთების დივერსიფიკაცია ერთიან ტერმინალში განიხილება. თუმცა ეს ჯერ იდეაა და მიმდინარეობს დაგეგმარების პროცესი. ამაზე კონკრეტიკა ახლა მიზანშეწონილი არ არის. ET: პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ აპირებს ყაზახეთის ნავთობპროდუქტებისა და გაზის ბაზრის დივერსიფიცირებასა და ევროპის ბაზარზე გასვლას. საუბარია ყაზახური ნავთობის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენში ჩატვირთვაზე. ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ შესაძლოა, ახალი ნავთობსადენიც აშენდეს. თუმცა ყაზახეთი საკმაოდ ფრთხილად ლაპარაკობს სამომავლო პროექტებზე. ყველაზე მთავარი რაც მოხდა ისაა, რომ ყაზახეთმა მტკიცე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. ამ ქვეყანას სატრანსპორტო დერეფნების დივერსიფიკაცია სჭირდება. ერთ-ერთია ტრანსკასპიური დერეფანი, სადაც აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან. ეს არის ყაზახეთის საკმაოდ თამამი ნაბიჯი. ET: თუ ფლობთ უფრო ახალ ინფორმაციას, ან თუ არის ცნობილი, უფრო აქტიურად ამ მიმართულებით როდის დაიძვრება პროცესი? როდის და როგორ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია, რადგან ინფრასტრუქტურა სასურველ გეგმებთან შეუსაბამოა. ამიტომ პატარა ნაბიჯებიც რომ გადაიდგას და 5-10 წელიწადში მოხდეს იმ ტვირთების მოცულობის გაორმაგება, რაც დღეს ტრანსკასპიურ დერეფანში მოძრაობს, ესეც სერიოზული ნაბიჯია. ET: რა შეუსაბამობაზეა საუბარი და რატომ არ გადაწყდა ეს პრობლემები ამ დრომდე? აქამდე ეს პრობლემები არ წყდებოდა, რადგან ყაზახეთის მხრიდან არ იყო პოლიტიკური ნება. ყაზახეთის როლი მნიშვნელოვანია, რადგან აქ ფორმირდება ტვირთები და ეს ქვეყანაა ჩინური ტვირთების გამტარიც. რადგან ეს გადაწყვეტილება მიღებულია, ჩვენი სურვილია, რომ საქართველოზე მეტმა ტვირთმა გაიაროს. იწყება სხვადასხვა პროექტები, იხსნება კერძო ტერმინალები. ასევე იგეგმება სახელმწიფო პროექტების განხორციელება ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულებით. ეს პროექტები უკვე ინტენსიურად არის ყაზახეთის მთავრობის ყურადღების ქვეშ. შესაბამისად ეს მიეხმარება საქართველოსაც და აზერბაიჯანსაც, რომ რიგი გადაწყვეტილებები ამ პროექტებთან მიმართებით უფრო სწრაფად მიიღონ, რადგან ნებისმიერ პროექტს სტაბილური მიწოდება და კონკრეტული რაოდენობის ტვირთი სჭირდება. ეს გადაწყვეტილება მიღებულია და მის აღსრულებაზე მიდის მუშაობა. საქართველოს პორტებშიც იგეგმება გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ქსელური ტერმინალი მხოლოდ ნაწილია. საგულისხმოა, რომ ეს პროექტები ადრე იყო ჩაფიქრებული თუმცა, მანამდე არ იყო ყაზახეთის პოლიტიკური ნება და შესაბამისად, რთული იყო მათი განხორციელება. ახლა კი გარკვეული პროექტები სწრაფად დაიწყება, ზოგი კი დაიგვიანებს. თუმცა ჯამში, პროცესი დაძრულია. პოლიტიკური ნება ყველა ქვეყანას აქვს და უმოკლეს დროში, ამ მიმართულებით ნაბიჯები გადაიდგმება. ET: ქსელური ტერმინალების პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ამ ტერმინალით რა ტვირთები გადაიზიდება? ამ შემთხვევაში არ არის საუბარი ნავთობტერმინალზე, არამედ აქ სხვა ტვირთები გაივლის. თუმცა, მომავალში არ გამოვრიცხავ, რომ ამ მიმართულებითაც გაკეთდეს აქცენტი. ეს ტერმინალი, რა პროექტზეც ახლა ყაზახეთი საუბრობს, საკონტეინერო და სხვა ტიპის ტვირთებს მოემსახურება, რომლის გადაზიდვის ინფრასტრუქტურა დღეს არ არსებობს. ტვირთები ფოთის პორტის ყაზახურ ტერმინალში კასპიის ზღვით და შემდეგ შუა დერეფნის გავლით მოხვდება. სამიზნეა შავი ზღვით გავლით მსოფლიო ბაზარზე წვდომა. ET: სატრანზიტო ფუნქციის გარდა, კიდევ რა მიმართულებით არის საქართველო ყაზახეთისთვის მიმზიდველი? ყაზახეთისთვის ამ შემთხვევაში ყველაზე კრიტიკულია მსოფლიო ბაზრებზე ტვირთების გატანა. დანარჩენი უკვე კომერციული ნაწილია... ტურიზმი და ა.შ. საქართველო ყაზახეთისთვის დიდი ბაზარი არ არის და ამ კუთხით ვერ დავაინტერესებთ, თუმცა გარკვეული პროდუქციის დივერსიფიკაციისთვის, მაგალითად როგორიცაა სასმელი წყალი ეს მნიშვნელოვანია. თუ გამოვყოფთ მთავარ საკითხს, ყაზახეთისთვის საქართველო მსოფლიო ბაზარზე ტვირთების წვდომისთვისაა მნიშვნელოვანი და აქ მთავარი ტრანსკასპიური დერეფანია.
TRACECA-ს სატრანსპორტო დერეფანში ტვირთბრუნვა იზრდება
ევროპა-კავკასია-აზიის (TRACECA) სატრანსპორტო დერეფნის აზერბაიჯანული მონაკვეთით, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში 42, 424,6 ათასი ტონა ტვირთი გადაიზიდა, ტვირთბრუნვამ კი 10,518,6 მლნ ტ-კმ შეადგინა. ინფორმაციას აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტი ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ტვირთების გადაზიდვა) 26.9%-ით და (ტვირთბრუნვა) 32.6%-ით მეტია. 10 თვის განმავლობაში საავტომობილო ტრანსპორტით 22 918.6 ათასი ტონა ანუ ტვირთის 54%, რკინიგზით 13 896.2 ათასი ტონა ანუ 32.8%, წყლის ტრანსპორტით 5 609.8 ათასი ტონა ანუ 13.2% გადაიზიდა. დერეფნის გასწვრივ გადაზიდული სატრანზიტო ტვირთის წილმა 27,1%, ანუ 11,498,4 ათასი ტონა შეადგინა.
თურქეთი და სომხეთი, ტვირთების პირდაპირ საჰაერო გადაზიდვას იწყებენ
2023 წლის პირველი იანვრიდან სომხეთსა და თურქეთს შორის პირდაპირი საჰაერო ტვირთების გადაზიდვა ნებადართულია. ამის შესახებ ანკარაში დიპლომატიური წყაროები იტყობინება. წყაროების ცნობით, გადაწყვეტილება ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების შედეგად მიიღეს. გადაწყვეტილების შესახებ თურქეთის ექსპორტიორთა ასოციაციას ქვეყნის ვაჭრობის სამინისტროს მეშვეობით აცნობეს.
სანქცირებული ტვირთების გადაადგილების მკაცრი კონტროლი დაიწყო - ხუციშვილი
სანქცირებული საქონლისა და პირების სიების დამტკიცებისთანავე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა დაიწყო სანქცირებული ტვირთების გადაადგილების მკაცრი კონტროლი ქვეყნის საბაჟო ტერიტორიაზე, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო რისკების მართვის სამმართველოში, შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ახორციელებს აღნიშნული სანქციების აღსრულების ცენტრალიზებულ კონტროლს. „აღნიშნულ პერიოდში შეიქმნა 14 რისკის პროფილი, რომლის საფუძველზეც ოპერატიულად იდენტიფიცირდება და კონტროლდება, როგორც სანქცირებული ფიზიკური პირების, კომპანიების დანიშნულებით მიმავალი, ისე სანქცირებული ფიზიკური პირებიდან და კომპანიებიდან მომავალი აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება, აგრეთვე, ტრანზიტის, ექსპორტისა და რეექსპორტის პროცედურები. ამასთან, საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგზე“ დამატებით განთავსდა საბაჟო კონტროლის განხორციელებისთვის საჭირო შესაბამისი აღჭურვილობა, მათ შორის, რენტგენო-სკანერები. ასევე, გაძლიერდა სხვა გამშვები პუნქტების შესაძლებლობები შესაბამისი კონტროლის განხორციელების მიზნით. სანქციების დაწესების პირველ დღეებიდანვე, საერთაშორისო სანქციების სათანადო ადმინისტრირებისთვის საჭირო ტექნიკური დახმარების თაობაზე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან განხორციელდა არაერთი კომუნიკაცია“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. მან ამ მიმართულებით ქვეყნისთვის გაწეული მხარდაჭერისათვის პარტნიორებს მადლობა გადაუხადა. როგორც მან აღნიშნა, აშშ-ის საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და დაკავშირებული სასაზღვრო უსაფრთხოების პროგრამის, ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) დახმარებით, ორგანიზებულ იქნა რამდენიმე დისტანციური და ფიზიკური შეხვედრა, საქართველოს ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების, საბანკო სექტორისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ჩართულობით.
აზერბაიჯანი პაკისტანსა და დიდ ბრიტანეთში, სახმელეთო გზით ტვირთების ტრანსპორტირებას იწყებს
მიმდინარე წლიდან, აზერბაიჯანიდან პაკისტანსა და დიდ ბრიტანეთში, საავტომობილო გზით, საერთაშორისო ტვირთების ტრანსპორტირება გახდება შესაძლებელი. ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიას ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროს აზერბაიჯანის სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში (AYNA) განუცხადეს. ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ ქვეყნებთან ნებართვის ფორმები ორმხრივად უკვე გაცვალეს. ამრიგად, ქვეყნების რაოდენობამ, სადაც აზერბაიჯანი საერთაშორისო ტვირთებს გადაზიდავს საავტომობილო ტრანსპორტით, 50-ს მიაღწია.