თეგი: ტინი კოქსი
სალომე ზურაბიშვილმა და ტინი კოქსმა, დემოკრატიული რეფორმების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სტრასბურგში ვიზიტისას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ტინი კოქსს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრისას ასამბლეის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა და საუბარი შეეხო რეიკიავიკში, 2023 წლის მაისში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მთავრობებისა და სახელმწიფო მეთაურების სამიტის ჩატარების მნიშვნელობას. საქართველოს პრეზიდენტი მიესალმა რეიკიავიკის ფორუმს, ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის კონტექსტში და იმედი გამოთქვა, რომ ამ ფორუმზე აღნიშნული საკითხი აქტიურად იქნება განხილული. შეხვედრაზე ისაუბრეს დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერის მიმართულებით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისა და განვითარების საკითხზე. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ამ კუთხით თვითმმართველობების დონეზე თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობას. ხაზი გაესვა ქვეყნის შემდგომი წინსვლისათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხისა და ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირების დაძლევის მნიშვნელობას, ასამბლეის პრეზიდენტმა ამ პროცესის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი დესპინა შაცივასილიუ, რომელიც საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ერთად შეხვედრას ესწრებოდა, თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე მოიწვია, რომელიც მისი ინიციატივით დაფუძნდა და თბილისში მომავალ წელს მეორედ ჩატარდება. პრეზიდენტმა სტრასბურგში სამუშაო ვიზიტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, ტინი კოქსთან შეხვედრით დაასრულა.