თეგი: ტოდ ბოული

ამერიკელი მილიარდერის კონსორციუმი „ლუკოილის“ საერთაშორისო აქტივებს შეიძენს — რა კავშირი აქვს გარიგებას შუა დერეფნის სტრატეგიულ მნიშვნელობასთან

ამერიკელმა მილიარდერმა ტოდ ბოულიმ რუსულ „ლუკოილთან“ შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვითაც აშშ-ის მთავრობის მონაწილეობით შექმნილი კონსორციუმი კომპანიის საერთაშორისო აქტივებს 10 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციების სანაცვლოდ შეიძენს. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. „ლუკოილის“ უცხოური აქტივები დაახლოებით 40 ქვეყანაში ოპერაციებს მოიცავს, მათ შორის ნავთობის საბადოებს აზერბაიჯანსა და ყაზახეთში, ასევე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ბენზინგასამართ სადგურებს. შეთანხმებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტისა და OFAC-ის (უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი) თანხმობა სჭირდება. გარიგების შედეგად, აშშ მომავალ მოგებაშიც მიიღებს წილს. გარიგების დასრულებას შესაძლოა, ერთი წელი დასჭირდეს. როგორც სააგენტო წერს, ბოულის ჯგუფმა წარმოადგინა გარიგების სქემა, რომლის მიხედვითაც, „ლუკოილის“ საერთაშორისო აქტივები აქციების სანაცვლოდ უნდა შეეძინათ. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ეს შეთავაზება თავდაპირველად უარყო. მოგვიანებით კი ამ სქემას მხარი დაუჭირა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა. „ლუკოილის“ აქციებს ბევრი საერთაშორისო ინვესტორი ფლობდა, რადგან კომპანია მსხვილ განვითარებადი ბაზრების საფონდო ინდექსებში იყო წარმოდგენილი. 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ეს აქციები გაიყინა და მათი ღირებულება ჩამოიწერა. „ფაქტობრივად, ჩვენ, ამერიკელებისთვის უსარგებლო აქციებს ნაღდ ფულში ვცვლით, რომელიც მათვე უბრუნდებათ,“ — განაცხადა ტოდ ბოულიმ Reuters-თან საუბრისას. ბოული Eldridge-ის აღმასრულებელი დირექტორი და მფლობელია. ეს აქტივების მართვისა და სადაზღვევო ჰოლდინგური კომპანიაა, რომლის მართვაშიც 75 მილიარდი დოლარის აქტივებია. ბოულის თქმით, აქციები გადაიცვლება რეალურ აქტივებში, რომლებიც სტრატეგიულად მნიშვნელოვან შუა დერეფანშია განლაგებული.  „ეს აქციები შემდეგ გადაიცვლება რეალურ აქტივებში, რომლებიც უაღრესად მნიშვნელოვან შუა დერეფანსა და მის მიმდებარე რეგიონებშია განლაგებული. დერეფანი ცენტრალურ აზიას ევროპასთან აკავშირებს, რუსეთის სამხრეთით და ირანის ჩრდილოეთით გადის,“ — განაცხადა ბოულიმ. გარიგების ფარგლებში გაცვლილი აქციები პირდაპირ „ლუკოილს“ არ გადაეცემა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში არსებულ ესქრო ანგარიშზე განთავსდება. გარიგების პირობებთან დაახლოებული პირის განმარტებით, ეს აუცილებელია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის თანხმობის მისაღებად, რადგან უწყებამ რუსული კომპანიისთვის ნებისმიერი დამატებითი ფინანსური სარგებლის მიღება აკრძალა. ბოულის განცხადებით, გარიგების დასრულებას შესაძლოა, ერთი წელი დასჭირდეს. მისივე თქმით, ერთობლივ საწარმოს სახელი შეეცვლება. თუმცა მან არ დააკონკრეტა, რა წილს მიიღებს კონსორციუმის ოთხი პარტნიორიდან თითოეული. მათ შორის არიან ამერიკული საინვესტიციო კომპანია Xtellus Partners და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაფუძნებული Catena Investment Holding. კონსორციუმი გასულ კვირას ორმა პარტნიორმა დატოვა: სირიელ-კატარულმა ძმებმა ალ-ხაიატებმა და აბუ დაბიში დაფუძნებულმა International Holding Company-მ. ამის შესახებ Reuters-ს საკითხთან დაახლოებულმა ორმა პირმა განუცხადა. საკითხზე ინფორმირებული კიდევ ორი პირის ინფორმაციით, გასულ კვირას კონსორციუმი დატოვა კიდევ ორმა პარტნიორმა: სირიელ-კატარელმა ძმებმა ალ-ხაიატებმა და აბუ-დაბიში ბაზირებულმა International Holding Company-მ (IHC). ამ ნაბიჯით, „სქემას“ ჩამოშორდნენ ისეთი ინვესტორები, რომელთა კომერციულმა კავშირებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძესთან, ჯარედ კუშნერთან, შესაძლოა, იმ დემოკრატების ყურადღება მიეპყრო, რომლებიც მომავალ წელს კონგრესს გააკონტროლებენ. DFC-მ ცოტა ხნის წინ ასევე დისტანცირება მოახდინა ტრამპის შვილებთან დაკავშირებული სხვა გარიგებებისგან. ინფორმირებულმა პირმა დაადასტურა, რომ ძმები ალ-ხაიატები გარიგების მონაწილეები ყოფილან. IHC-ში კომენტარი არ გააკეთეს. კითხვას, თუ რატომ დატოვეს კონსორციუმი პარტნიორებმა, ბოულიმ უპასუხა, რომ ჯგუფის შემადგენლობა ცვლილებებს განიცდის, თუმცა ამჟამად ჩამოყალიბებული გუნდი გარიგების წინ წაწევას განაგრძობს. აშშ-ის ერთ-ერთი ოფიციალური პირის განცხადებით, DFC „ლუკოილის“ აქტივების შესაძლო შესყიდვის თაობაზე სხვადასხვა მხარეს ესაუბრა, მათ შორის ნავთობკომპანია Chevron-ს, სავაჭრო და სამთომოპოვებით კომპანია Glencore-სა და საინვესტიციო ჯგუფ Carlyle Group-ს. მისი თქმით, კერძო სექტორის წარმომადგენელ ჯგუფებს გარიგებაში აშშ-ის მთავრობის პარტნიორად ჩართვა სურდათ, რათა მისგან დამატებითი გარანტიები მიეღოთ. მანამდე სხვა პრეტენდენტებმაც გააფორმეს „ლუკოილთან“ შეთანხმებები მისი საერთაშორისო აქტივების პორტფელის შესაძენად, თუმცა გარიგების დასრულება ვერცერთმა შეძლო. კომპანია Gunvor-მა, რომელსაც მოგვიანებით Centalion ეწოდა, 2025 წელს განაცხადა, რომ „ლუკოილმა“ მისი შეთავაზება მიიღო. თუმცა კომპანიამ წინადადება უკან გაიწვია მას შემდეგ, რაც აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა მას „კრემლის მარიონეტი“ უწოდა. რაც შეეხება Carlyle Group-ს, კომპანიამ იანვარში განაცხადა, რომ „ლუკოილთან“ შეთანხმებას მიაღწია, თუმცა აშშ-ის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისისგან (OFAC) გარიგების განსახორციელებლად საჭირო ლიცენზია ვერ მიიღო. ვინ არის ტოდ ბოული    ის ფლობს წილებს საკალათბურთო კლუბ Los Angeles Lakers-სა და ბეისბოლის გუნდ Los Angeles Dodgers-ში. ბოლო დრომდე მას ასევე ჰქონდა მცირე წილი საფეხბურთო კლუბ „ჩელსიში.“ აშშ-ის ფედერალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, გასულ წელს ბოულიმ დონალდ ტრამპთან დაკავშირებულ პოლიტიკურ კომიტეტს MAGA Inc.-ს 1 მილიონი დოლარი შესწირა. მიმდინარე წელს მან ასევე შედარებით მცირე შემოწირულობები გაიღო რესპუბლიკელი კანდიდატების ოთხი საარჩევნო კამპანიისთვის. წარსულში მას დემოკრატი კანდიდატებისთვისაც გაუწევია ფინანსური მხარდაჭერა, თუმცა შედარებით – მცირე ოდენობით. ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC) საქმიანობა სულ უფრო მეტად გაამახვილა ენერგეტიკის, კრიტიკული მინერალებისა და ტელეკომუნიკაციების სექტორებზე. როგორც Reuters-ი წერს, სააგენტოს მონაწილეობა „ლუკოილის“ აქტივების შეძენის პროცესში, ასახავს ტრამპის ადმინისტრაციის მიდგომას, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო უშუალოდ მონაწილეობს კაპიტალისტურ საქმიანობაში და სტრატეგიულად მნიშვნელოვან კომპანიებში წილებს იძენს. DFC-მ წილობრივი ინვესტიციები ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდშიც განახორციელა.