თეგი: ტრაგედია

ჭაში ჩავარდნილი მაროკოელი ბიჭის გარდაცვალების გამო მსოფლიო თანაგრძნობას გამოხატავს

მაროკოში, ქალაქ ტამოროთში, 5 წლის ბიჭი, რომელიც ჭაში 5 დღის წინ ჩავარდა, გარდაიცვალა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა რაიანის მამა ჭის შეკეთებას ცდილობდა. მან ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ ბავშვს რამდენიმე წამით მოაშორა თვალი, რა დროსაც ეს ტრაგედია მოხდა.  სამაშველო ოპერაცია რამდენჯერმე შეჩერდა, რათა ეკიპაჟებს შეემოწმებინათ, რომ ბორცვი დაცული იყო ჩამონგრევისგან. ამ პერიოდის განმავლობაში ადგილზე ასობით ადამიანი შეიკრიბა, რომ ოპერაციის მიმდინარეობისას სოლიდარობა გამოეხატა. მის ამოყვანას ადგილზე შეკრებილები სიხარულით შეხვდნენ. სოციალურ მედიაში გაჩნდა „ჰეშთეგი“ #SaveRayan, რომელიც პოპულარული იყო მაროკოსა და მთელ მსოფლიოში. მოგვიანებით, მაროკოს სამეფო სახლმა გაავრცელა ოფიციალური ცნობა, რომ 5 წლის რაიანა გარდაიცვალა. ჭაში ჩაშვებული კამერიდან ხუთშაბათს გადაღებულმა კადრებმა აჩვენა, რომ ბიჭი ცოცხალი იყო, მაგრამ მას შემდეგ მისი მდგომარეობის შესახებ სიახლე აღარ ყოფილა. მაშველები ცდილობდნენ ბიჭისთვის ჟანგბადის, საკვებისა და წყლის მიწოდებას, მაგრამ გაურკვეველი იყო, შეეძლო თუ არა რაიანს მისი გამოყენება. მაშველებმა ჭაბურღილის გვერდით უზარმაზარი თხრილის გასაჭრელად ბულდოზერები გამოიყენეს. ბავშვი 32 მეტრის სიღრმეში იყო. „დღეს მინდა ვუთხრა რაიანის მშობლებსა და მაროკოელ ხალხს, რომ ჩვენ ვიზიარებთ მათ ტკივილს“, - დაწერა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა Twitter-ზე. 5 წლის ბიჭის მშობლებმა, ხალედ ორამმა და ვასიმა ხერშეშმა მადლობა გადაუხადეს ყველას, ვინც დაუღალავად შრომობდა მათი შვილის გადასარჩენად. „ეს არის ღვთის ნება“. „მადლობას ვუხდი ყველას დახმარებისთვის“, - განუცხადა რაიანის დედამ სატელევიზიო მედიას.  რომის პაპმა ფრანცისკემ მწუხარების გამოხატვასთან ერთად, სამაშველო ოპერაციის დროს გამოვლენილ სოლიდარობას გაუსვა ხაზი. „ჩვენ ხშირად გვიწევს უბედური შემთხვევების, მკვლელობების შესახებ ამბების ნახვა ტელევიზიით... მაგრამ საოცარი იყო იმის დანახვა, თუ როგორ ეხმარებოდნენ მაროკოელები ერთმანეთს, როდესაც ისინი ცდილობდნენ რაიანის გადარჩენას“... საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ალჟირელმა ნახევარმცველმა ისმაელ ბენასერმა გამოაქვეყნა პოსტი, მას თან ახლდა სურათი, რომელზეც ცაში ბუშტთან ერთად აფრენილი ბიჭი, მაროკოს დროშის ფერებშია გამოსახული. „რაიანის გამბედაობა დარჩება ჩვენს მეხსიერებაში“, - დაწერა ფეხბურთელმა. მომზადებულია BBC-ის და Guardian-ის მიხედვით.

აშშ-ის საელჩო გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნისას დაღუპულების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

აშშ-ის საელჩო საქართველოში, გუდაურში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.  „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სამძიმარს უცხადებს ტრაგიკულად დაღუპული მესაზღვრეების, საგანგებო სიტუაციების მართვის და პირველადი რეაგირების პერსონალის ოჯახებს და მეგობრებს მათი ტრაგიკული დაღუპვის გამო. ამერიკის შეერთებული შტატების მთელი გუნდი პატივს მიაგებს მათ მიერ აღებული ვალდებულებისადმი ერთგულებას, დაიცვან საქართველოს უსაფრთხოება“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.  დღეს 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას, 2 პირი კლდეს დაეჯახა და დაშავდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. შსს-ს ინფორმაციით ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა.  გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.  გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდება

გუდაურთან დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების სამოქალაქო პანაშვიდი სამების ტაძარში გაიმართება

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გუდაურთან დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების სამოქალაქო პანაშვიდი თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდება. სამოქალაქო პანაშვიდი სამშაბათს, 2 აგვისტოს 11:00-დან 14:00 საათამდე გაიმართება. პანაშვიდის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავებს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებს სხვადასხვა ლოკაციაზე, საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენებენ და სამხედრო პატივით დაკრძალავენ. 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას, 2 პირი კლდეს დაეჯახა. ტურისტი დაიღუპა, პარაპლანის ინსტრუქტორი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა.  გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.   

ექსკურსიაზე, ლაგოდეხის ნაკრძალში მოზარდის გარდაცვალების საქმეზე სასამართლომ კლასის დამრიგებელი დამნაშავედ ცნო

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 2019 წელს, ლაგოდეხის ნაკრძალში 16 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე განაჩენი გამოიტანა. ბრალდებული ორი პედაგოგიდან ერთი - კლასის დამრიგებელი დამნაშავედ ცნო, ხოლო სპორტის მასწავლებელი - უდანაშაულოდ. შესაბამის ინფორმაციას დაღუპული მოზარდის სოფიო ნიკოლეიშვილის და, სალომე ნიკოლეიშვილი ავრცელებს. მისი თქმით, გურჯაანის სასამართლომ (მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი) გამოაცხადა გადაწყვეტილება სოფის საქმეზე, წარდგენილი ბრალი იყო სსკ 220-ე მუხლის მეორე ნაწილი, გულგრილობა, რომელმაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია: სპორტის მასწავლებელი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ. დამრიგებელი ცნობილი იქნა დამნაშავედ, და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა სამი წლით, რომელიც განესაზღვრა პირობითი სასჯელით. ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 26 მაისს, სკოლის დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე, სკოლა „ალბიონის” XI კლასის მოსწავლეები, აღმზრდელის ნ.ს-ს ხელმძღვანელობით და სხვა პედაგოგების შემადგენლობით, სკოლის კუთვნილი მიკროავტობუსით გაემართნენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში მდებარე ნაკრძალში, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მოსანახულებლად. სკოლის დირექტორის ბრძანების მიხედვით, ექსკურსიის ორგანიზება და მასზე პასუხისმგებლობა დაევალა ნ.ს-ს. დანიშნულების ადგილზე ჩასვლისას, პედაგოგებისთვის, მათ შორის ნ.ს-სთვის და ვ.ქ.-სთვის ცნობილი გახდა, რომ მეტეოროლოგიური პირობების გამო მდინარე იყო ადიდებული, სწრაფი დინებით გამოირჩეოდა და ჩანჩქერზე არსებობდა სახიფათო მდგომარეობა. პედაგოგებისთვის ასევე ცნობილი იყო, რომ მოსწავლე სოფიო ნიკოლეიშვილი აპირებდა საბანაოდ ჩანჩქერში შესვლას. მიუხედავად ამისა, ნ.ს. მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა, გამოიჩინა გულგრილობა და მოსწავლეებს ნება დართო სვლა გაეგრძელებინათ ,,ნინოსხევის“ ჩანჩქერის მიმართულებით, თავად კი ჩანჩქერზე არ ავიდა, ხოლო პედაგოგმა ვ.ქ.-მ ნაკრძალის რეინჯერის უშუალო გაფრთხილების მიუხედავად, რომ საფრთხე არსებობდა, იმ საფუძვლით, რომ კარგად იცნობდა მიმდებარე ტერიტორიას და არაერთხელ იყო ნამყოფი, თავად აიღო პასუხისმგებლობა გაძღოლოდა მოსწავლეთა ჯგუფს და აეყვანა ჩანჩქერზე. ჩანჩქერზე ასვლის შემდეგ, პედაგოგების მიერ გამოჩენილი გულგრილობის და წინდახედულობის ნორმების უგულებელყოფის შედეგად უმეთვალყურეოდ დარჩენილი სოფიო ნიკოლეიშვილი ჩანჩქერის სწრაფ დინებაში შევიდა და ვეღარ მოახერხა ნაპირზე დაბრუნება, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.