თეგი: ტრამპი
სენატმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ტრამპს კონგრესის ნებართვის გარეშე, ვენესუელაში სამხედრო ქმედებებს აუკრძალავს
აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა რეზოლუციის მიღებას, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კონგრესის ნებართვის გარეშე ვენესუელაში შემდგომი სამხედრო ქმედებების განხორციელებას აუკრძალავს. ხმის მიცემა ჩატარდა მას შემდეგ, რაც, აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შეერთებული შტატების ძალებმა ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო დააკავეს. კონგრესმენების ნაწილის განცხადებით, კონგრესს, და არა პრეზიდენტს, უნდა ჰქონდეს ომში ჯარების გაგზავნის უფლებამოსილება, როგორც ეს კონსტიტუციაშია მითითებული. საომარი უფლებამოსილებების შესახებ რეზოლუციას მხარი 52-მა სენატორმა დაუჭირა, 47 კი წინააღმდეგ წავიდა. აღსანიშნავია, რომ რეზოლუციას მხარი ტრამპის მომხრე ხუთმა რესპუბლიკელმა სენატორმაც დაუჭირა, ერთმა კი, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. Sky News-ის ცნობით, კანონპროექტის კანონად გადაქცევის არანაირი შანსი არ არსებობს, რადგან ამ შემთხვევაში, ის წარმომადგენელთა პალატამაც უნდა მიიღოს, სადაც „რესპუბლიკელები“ ურავლესობას წარმოადგენენ. პრეზიდენტმა ტრამპმა გააკრიტიკა რესპუბლიკელი სენატორები, რომლებმაც აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებას მხარი დაუჭირეს. „სიუზან კოლინზი, ლიზა მურკოვსკი, რენდ პოლი, ჯოშ ჰოული და ტოდ იანგი აღარასდროს უნდა აირჩიონ თანამდებობაზე“, - განაცხადა ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში. „„რესპუბლიკელებს“ უნდა რცხვენოდეთ იმ სენატორების, რომლებმაც „დემოკრატებთან“ ერთად მისცეს ხმა იმას, რომ წაერთმიათ ჩვენთვის უფლებამოსილება, ვიბრძოლოთ და დავიცვათ ამერიკის შეერთებული შტატები,“ - დაწერა ტრამპმა. 5 იანვარს, ვენესუელის ყოფილი ლიდერი, თანამდებობიდან გადაყენებული მადურო და მისი მეუღლე, სილია ფლორესი, პირველად წარდგნენ ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოში. ადრე გამოქვეყნდა ანგარიში, რომელშიც მადუროს, მის მეუღლეს და კიდევ ოთხ პირს წაუყენეს ოთხი ბრალდება, მათ შორის, „ნარკოტერორიზმსა“ და კოკაინის იმპორტის ორგანიზებაში. მესამე და მეოთხე ბრალდებები ეხება იარაღის გამოყენებას და შენახვას შეერთებული შტატებისთვის ზიანის მიყენების განზრახვით. მადურომ სასამართლოში თავი უდანაშაულოდ ცნო. კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას შეუძლია ახალი დარტყმის ბრძანება გასცეს, თუ ვენესუელა არ ითანამშრომლებს შეერთებულ შტატებთან. დელსი როდრიგესი, ნიკოლას მადუროს დიდი ხნის პოლიტიკური მოკავშირე, ვენესუელის დროებით პრეზიდენტად დაინიშნა.