თეგი: ტრანზაქცია
რატომ გაუფასურდა აშშ დოლართან ლარი ერთბაშად 8 თეთრით - მიზეზები
ეროვნული ვალუტა 15 აგვისტოს აშშ დოლართან მიმართებით, ერთბაშად თითქმის 8 თეთრით გაუფასურდა. 2022 წლის მარტიდან ლარის აღმავალი ტრენდი 15 აგვისტოს შეჩერდა. ლარის კურსის დინამიკა 2022 წლის იანვრიდან 12 აგვისტოს ჩათვლით. ეროვნული ბანკი. დღეს Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.8000 ლარად ივაჭრებოდა. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.8000 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 15 აგვისტოს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.7877 ლარია, ერთი ევრო კი 2.8426 ლარი ღირს. „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე Europetime-თან ამბობს, რომ შესაძლოა, ლარის ნახტომისებური გაუფასურება გარკვეულწილად, გასულ კვირას ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ბაზარზე განხორციელებულ ინტერვენციას უკავშირდება. „ბოლო პერიოდში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზრიდან $70 მილიონი ამოიღო, რასაც შესაძლოა, ეს გაუფასურება უკავშირდებოდეს. სებ-ის ამ გადაწყვეტილებამ სავალუტო ბაზარზე ლარის გაუფასურების გარკვეული მოლოდინი შეიქმნა“, - ამბობს კეპულაძე. ეროვნული ბანკის მონაცემებით, აგვისტოში სებ-მა $70 მილიონი ეტაპობრივად შეისყიდა. პირველ აგვისტოს ბაზრიდან $10 მილიონი ამოიღო, 5 აგვისტოს -$20 მილიონი, ხოლო 10 აგვისტოს ერთბაშად $40 მილიონი შეისყიდა. ივლისში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზრიდან $110 მილიონი შეისყიდა. „ეროვნული ბანკის სავალუტო ინტერვენციები, დოლარის ყიდვა ან გაყიდვა, როგორც წესი გრძელვადიან და საშუალოვადიან კურსზე, განსაკუთრებულ ეფექტს ვერ ახდენს. ლარის კურსი იქნება ისეთი, როგორც განსაზღვრავს ბაზარი. ის რომ ეროვნული ვალუტა საგრძნობლად გამყარდა, ამის მიზეზია გაზრდილი ფულადი შემოსულობები. ფულადი გზავნილების 2022 წლის მონაცემებმა. 2019 წლის ივლისის (პანდემიამდე პერიოდი) მაჩვენებლებსაც კი აჯობა“, - ამბობს კეპულაძე. სებ-ის მონაცემებით, ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ $306 მლნ (871.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 46.8%-ით (97.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ფულადი გზავნილები 2022 წლის ივლისი TOP 5 ქვეყანა: რუსეთი - $100,59 მლნ; იტალია - $35,96 მლნ; აშშ - $28,56 მლნ; საბერძნეთი - $19,17მლნ; ისრაელი - $16,72 მლნ; „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე Europetime-თან ამბობს, რომ გამოითქვა ექსპერტული მოსაზრებები, რომ ლარი უფრო მეტად იყო გამყარებული, ვიდრე ამის საფუძველს ქმნის ეკონომიკა. „ეროვნული ბანკი დოლარს ყიდულობს ზაფხულში და ზამთარში, როცა კრიზისული პერიოდია ყიდის. ეს ყოველთვის ასეა, რადგან ზაფხულში სავალუტო შემოდინებები უფრო აქტიურია“, - აღნიშნავს გიორგი კეპულაძე. აშშ დოლართან მიმართებით, ლარის ნახტომისებურ, ერთბაშად 8 თეთრიან გაუფასურებაზე, ეროვნულ ბანკს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ამ დრომდე, საკითხზე შეფასება, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა გააკეთა. მისი თქმით, საშუალოვადიან პერიოდში ლარი აშშ დოლართან მიმართებით სტაბილურობას შეინარჩუნებს და ამას ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება უზრუნველყოფს. „ბოლო პერიოდში ლარი გამყარებულია. როცა უკრაინაში საომარი მოქმედებები დაიწყო, ლარი 3.40-ის ფარგლებში იყო დოლართან მიმართებით. შემდგომ სტაბილურად დაახლოებით 3.05 ფარგლებში იყო და დღეს ბოლო ვაჭრობის შედეგად 2.80-ის ფარგლებშია. ყველა ის ფაქტორი, რაც ქვეყანაში ფულადი ნაკადების შემოდინებას განსაზღვავს, იქნება ეს ექსპორტის მზარდი მაჩვენებელი, ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელი თუ ფულადი გადმორიცხვების მზარდი მონაცემები, უზრუნველყოფს იმას, რომ საშუალოვადიან პერიოდში ლარი სტაბილურობას შეინარჩუნებს. ყოველდღიურად შესაძლოა ლარის კურსი მერყეობდეს, თუმცა საშუალოვადიან პერიოდში ლარი სტაბილური იქნება და ამას ის ეკონომიკური აქტივობა უზრუნველყოფს, რომელიც დღეს ქვეყანაშია. ომის დაწყების შემდეგ, ლარის დაახლოებით 60-თეთრიანი გამყარება გვაქვს, რაზეც ვერ იტყვით რომ არ არის მნიშვნელოვანი”, - აცხადებს ლაშა ხუციშვილი.