თეგი: ტრანსანატოლიური გაზსადენი

თურქეთი, ტრანსანატოლიური გაზსადენის სიმძლავრის გაზრდას განიხილავს

ტრანსანატოლიის გაზსადენის (TANAP) სიმძლავრის გაზრდა მოითხოვს დაინტერესებულ მხარეებს შორის კონსენსუსს. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა ბრიფინგზე განაცხადა. ფატიჰ დონმეზმა იმედი გამოთქვა, რომ გაზსადენის გამტარუნარიანობა 16 მილიარდი კუბური მეტრიდან წელიწადში 32 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. „თურქეთი არა მხოლოდ დაფარავს საკუთარ ენერგეტიკულ საჭიროებებს, არამედ ხელს შეუწყობს ენერგორესურსების ტრანსპორტირებას ევროპაში, კერძოდ, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში“, - დასძინა მინისტრმა. დონმეზმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა თურქეთის ენერგოვაჭრობის ცენტრად გადაქცევა. აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში აზერბაიჯანმა ევროპაში 10,3 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაიტანა. თურქეთში გაზის ექსპორტმა 7,6 მილიარდი შეადგინა, საქართველოში - 2,2 მილიარდი კუბური მეტრი. გაზის ექსპორტი წელს 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19 პროცენტით გაიზარდა. ტრანსანატოლიური გაზსადენის (TANAP) გავლით თურქეთში გაზის მიწოდების მოცულობამ 2022 წლის საანგარიშო პერიოდში 5,2 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ საერთო ჯამში, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში აზერბაიჯანმა 20,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაატარა.