თეგი: ტრანსპლანტაცია
საქართველო ტრანსპლანტაციის სერვისისთვის ახალ კანონმდებლობას შეიმუშავებს
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც დღეს მთავრობის სხდომაზე იყო გამოტანილი და დადებითი გადაწყვეტილებაა მიღებული, არის ახალი კანონმდებლობა ტრანსპლანტაციის სერვისისთვის, ორგანოთა გადანერგვის და ასევე ქსოვილებისა და უჯრედების გადანერგვისთვის“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ ახალი კანონპროექტი ევროდირექტივების შესაბამისად მომზადდა და უახლოეს პერიოდში, საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარედგინება. „დღეს არსებული კანონმდებლობა 2000 წელს არის შემუშავებული. ქვეყანაში ყოველწლიურად დაახლოებით 30 ტრანსპლანტაცია ტარდება, მაშინ როცა ევროპის ქვეყნებში, დაახლოებით 80-მდე ტრანსპლანტაცია ტარდება ერთ მილიონ მოსახლეზე, რაც ქმნის მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას. გამომდინარე აქედან, ახალი საკანონმდებლო ჩარჩო, აყალიბებს სრულყოფილ სისტემას, იმისთვის რომ ჩვენ მოვახერხოთ დონორების რეგისტრაცია, ორგანოების შემოწმება, მიკვლევადობა, დროული რეაგირება, ხარისხის უზრუნველყოფა, ლიცენზირება, როგორც დონაციის განმახორციელებელი დაწესებულების, ასევე იმ დაწესებულების სადაც განხორციელდება ტრანსპლანტაცია და სხვა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.