თეგი: ტრანსპორტი
რიკოთის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კილომეტრზე (რიკოთის უღელტეხილი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ცნობისთვის, აღნიშნულ მონაკვეთზე დღეს, 07:00 საათიდან უსაფრთხოების მიზნით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.
ავლაბრის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სატრანსპორტო გადაადგილება დროებით შეიზღუდება
ავლაბრის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე, 9 აგვისტოს 00:00 საათიდან სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. კერძოდ, ტრანსპორტი ბარათაშვილის აღმართიდან წურწუმიას ქუჩის მიმართულებით, მხოლოდ ირბახის ქუჩის გავლით იმოძრავებს; წურწუმიას ქუჩიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება დასაშვები იქნება, ირბახის ქუჩის გავლით, ბარათაშვილის აღმართის მიმართულებით; მესხიშვილის ქუჩიდან ავტომობილები იმოძრავებენ არმაზის ქუჩის გავლით, ბარათაშვილის აღმართისა და ირბახის ქუჩის მიმართულებით. ასევე, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შეიზღუდება ქეთევან დედოფლის გამზირზე, თელავის ქუჩის კვეთიდან ავლაბრის მოედნამდე, ხოლო თელავისა და ბოჭორმის ქუჩების კვეთიდან ავლაბრის მოედნის მიმართულებით, გადაადგილება შესაძლებელი იქნება თელავის, წურწუმიასა და ირბახის ქუჩების გავლით. აღნიშნული სამუშაოების პერიოდში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით: ქეთევან დედოფლის გამზირზე მოძრავი ავტობუსები: N305, N309, N325, N333, N393 იმოძრავებენ კაჩინსკის ქუჩის გადაკვეთამდე, ხოლო ავტობუსი N337 კაჩინსკის ქუჩას გაივლის ბოლომდე. ავტობუსები მოძრაობას განაგრძობენ ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩების მიმართულებით, რის შემდეგაც, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსა და 300 არაგველის ხიდის გავლით, დაუკავშირდებიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და ევროპის მოედანს, კვლავ ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს და ბარათაშვილის ხიდის გავლით, მგზავრებს ბარათაშვილის ქუჩაზე მიიყვანენ. უკუმიმართულებით გადაადგილებისას, ავტობუსები ბარათაშვილის ქუჩიდან იმოძრავებენ გორგასალის ქუჩისკენ და 300 არაგველის ხიდის, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს, იალბუზისა და ბოჭორმის ქუჩების გავლით, კაჩინსკის ქუჩას და ქეთევან დედოფლის გამზირს დაუკავშირდებიან. შემდეგ ავტობუსები იმოძრავებენ დადგენილი სქემით. მიკროავტობუსები: N462, N472, N528, N534, N540 ქეთევან დედოფლის გამზირიდან მარჯვნივ მოხვევით, კაჩინსკის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ, შემდეგ, ზურაბაშვილის, წურწუმიასა და ირბახის ქუჩების გავლით, მეტროსადგურ „ავლაბართან“ მოხვდებიან და სვლას დადგენილი სქემით განაგრძობენ. უკუმიმართულებისას, ავლაბრის მოედნიდან მოძრაობას წურწუმიას, ზურაბაშვილისა და კაჩინსკის ქუჩების მიმართულებით შეძლებენ, საიდანაც ქეთევან დედოფლის გამზირს დაუკავშირდებიან და ისნის მიმართულებით, დადგენილი სქემით იმოძრავებენ.
ქეთევან დედოფლის გამზირზე, ტრანსპორტის გადაადგილების სქემა იცვლება
თბილისის მერიის ცნობით, ქეთევან დედოფლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 22 ოქტომბრის 00:00 საათიდან ბოჭორმის ქუჩის მონაკვეთზე - იალბუზის ქუჩიდან მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმართულებით, მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება და გადაადგილების სქემა შეიცვლება. აღნიშნული ცვლილებების გამო, გადაადგილება შესაძლებელი იქნება შემდეგი მიმართულებით: მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბოჭორმის ქუჩის მიმართულებით. ასევე, წინანდლის ქუჩიდან, ახმეტის, თელავის, ზურაბაშვილის, აწყურისა და ოდისეი დიმიტრიადის ქუჩების გავლით, მოსკოვის გამზირის მიმართულებით; მოსკოვის გამზირიდან მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმართულებით ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ჩაჩავას, აწყურის, ქეთევან დედოფლის გამზირის (ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე), ლეხ კაჩინსკის, ჯორჯ ბუშის, ზურაბაშვილისა და წურწუმიას ქუჩების გამოყენებით; სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში, ბოჭორმის ქუჩის მონაკვეთი - ქეთევან დედოფლის გამზირიდან იალბუზის ქუჩის მიმართულებით, ცალმხრივი გახდება. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ოქტომბრის 00:00 საათიდან სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებამდე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს შემდეგი მარშრუტით: ავტობუსები: N305, N309, N325, N333, N393 ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ ლეხ კაჩინსკის, ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩებით მტკვრის მარცხენა სანაპირომდე, შემდეგ 300 არაგველის ხიდით დაუკავშირდებიან მარჯვენა სანაპიროს, მეტეხის ხიდისა და მარცხენა სანაპიროს გავლით, გადავლენ ბარათაშვილის ქუჩაზე და იმოძრავებენ დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას, ავტობუსები ბარათაშვილის ქუჩიდან ავლაბრის მოედნისკენ იმოძრავებენ, ქეთევან დედოფლის გამზირის გავლით დაუკავშირდებიან ბოჭორმისა და ლეხ კაჩინსკის ქუჩებს, ხოლო ქეთევან დედოფლის გამზირიდან სვლას დადგენილი სქემით განაგრძობენ. ავტობუსი N337 ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩების მიმართულებით იმოძრავებს, რის შემდეგაც, მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და 300 არაგველის ხიდის გავლით, დაუკავშირდება მარჯვენა სანაპიროს და მეტეხის ხიდს, შემდეგ კვლავ მარცხენა სანაპიროზე გადავა და ბარათაშვილის ქუჩიდან იმოძრავებს დადგენილი სქემით. უკუმიმართულებით მოძრაობისას, ბარათაშვილის ქუჩიდან მოძრაობას ავლაბრის მოედნისკენ შეძლებს, ავლაბრის მოედნიდან დაუკავშირდება ქეთევან დედოფლის გამზირს, შემდეგ კი ბოჭორმისა და ლეხ კაჩინსკის ქუჩებს და გააგრძელებს მოძრაობას დადგენილი სქემით. რაც შეეხება მიკროავტობუსებს, N462, N472, N528, N534, N540 მეტროსადგური „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ავლაბრის მოედნისკენ იმოძრავებენ ქეთევან დედოფლის გამზირის, ლეხ კაჩინსკისა და აწყურის ქუჩების გავლით, რის შემდეგაც, კასპის, ძმები ყურაშვილების, წინანდლისა და ახმეტის ქუჩების გავლით, თელავის ქუჩაზე გადავლენ, საიდანაც წურწუმიასა და ირბახის ქუჩების საშუალებით, მოხვდებიან ავლაბრის მოედანზე და სვლას დადგენილი სქემით განაგრძობენ. უკუმიმართულებით მოძრაობისას, მიკროავტობუსები ავლაბრის მოედნიდან გადაადგილდებიან ქეთევან დედოფლის გამზირის, ბოჭორმისა და ლეხ კაჩინსკის ქუჩების გავლით, საიდანაც ისევ ქეთევან დედოფლის გამზირს დაუკავშირდებიან და დადგენილი სქემით იმოძრავებენ.
ლევან დავითაშვილი: ჩვენ გარდავქმნით საქართველოს სატრანზიტო დერეფნად და ლოგისტიკურ ჰაბად
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ცენტრალური აზიის რეგიონული თანამშრომლობის ორგანიზაციის (CAREC) 21-ე მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. კონფერენცია ონლაინ რეჟიმში გაიმართა და CAREC – 2030 პროგრამის მიზნების რეალიზებას მიეძღვნა. სიტყვით გამოსვლისას, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა პოსტპანდემიურ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე. „საქართველო დაზარალდა პანდემიით, თუმცა, ჩვენ შევძელით სწრაფად დაგვებრუნებინა ეკონომიკა განვითარების ძველ გზაზე, შეგვექმნა ძლიერი ეკონომიკური საფუძვლები აღდგენისათვის. მოხარული ვარ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა კიდევ უფრო გაზარდეს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები. საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, საქართველო უზრუნველყოფს უსწრაფეს ეკონომიკურ ზრდას საშუალოვადიან პერსპექტივაში (2022 - 2027 წწ.) რეგიონულ და ევროპულ ქვეყნებს შორის, 5,6% - ის ოდენობით ინფრასტრუქტურული ხარჯებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებითა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით სტრუქტურული რეფორმებით,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. ლევან დავითაშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება CAREC-ის პოსტ-პანდემიის ახალ ჩარჩო დოკუმენტზე, რომელიც ეკონომიკის „მწვანე“, მდგრად და ინკლუზიურ აღდგენას ითვალისწინებს. „ეს არის ჩარჩო, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გავაძლიეროთ თანამშრომლობა და პროდუქტიულობა რეგიონის მასშტაბით დიგიტალიზაციის, ინოვაციებისა და ინვესტიციების გზით. ეს მოგვცემს საშუალებას გვქონდეს მდგრადობა მომავალი გამოწვევების მიმართ, აღვადგინოთ ვაჭრობა და გავხდეთ უფრო ძლიერი, უფრო დაკავშირებული და უფრო ინკლუზიური“. ვიცე-პრემიერის განცხადებით, CAREC 2030 არის ძალიან ამბიციური და ყოვლისმომცველი დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ყველა სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროს, რომელიც ასახულია სპეციალურ ოპერაციულ კლასტერებში. მისი თქმით, საქართველო მხარს უჭერს CAREC-ის ინტეგრირებული სავაჭრო დღის წესრიგის მიზნებს სტრატეგია 2030-ის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს დაეხმაროს CAREC-ის წევრებს გლობალურ ეკონომიკაში უკეთ ინტეგრირებაში, საბოლოო ჯამში მათი ზრდის პოტენციალის გაძლიერებასა და რეგიონში მცხოვრებთა ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში. „ნება მომეცით, ხაზი გავუსვა CAREC-ის ტრანსპორტის სტრატეგიის მნიშვნელობას, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონული კავშირის გაძლიერებას CAREC-ის რეგიონში ერთობლივი მდგრადი ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მთავრობის მიერ დასახულ უმთავრეს პრიორიტეტებს შორისაა, რადგან ჩვენ ვაპირებთ საქართველოს გარდაქმნას სატრანზიტო დერეფნად და ლოგისტიკურ ჰაბად - რეგიონულ ცენტრად, რომელიც სწრაფ ტრანსპორტირებასა და კომუნიკაციას ხელმისაწვდომს გახდის ბიზნესისთვის ორ კონტინენტზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სექტორის განვითარება. მჯერა, რომ CAREC-ის ენერგეტიკული სტრატეგიით დასახული მიზნები 2030 ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტურობის უფრო მაღალი წილის მიღწევას და, ასევე, რეგიონულ თანამშრომლობასთან ერთად, გაზრდის წევრი ქვეყნების ენერგეტიკულ უსაფრთხოებას,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ტრანსპორტი დღეში 1500-მდე ბრუნს ვერ აკეთებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ასი ათასამდე მგზავრი სათანადო მომსახურებას ვერ იღებს - კალაძე
ტრანსპორტი დღეში 1500-მდე ბრუნს ვერ აკეთებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ასი ათასამდე მგზავრი სათანადო მომსახურებას ვერ იღებს , - დედაქალაქის მერი, კახა კალაძე განმარტავს, რა ახდენს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართულ ფუნქციონირებაზე გავლენას. „დედაქალაქში მდგრადი და კომფორტული გადაადგილებისთვის მნიშვნელოვანია არა მარტო საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელი, გამართული ავტობუსების რაოდენობა, ან თუნდაც გზების რეაბილიტაცია, არამედ ასევე უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქუჩების დიზაინს. ქუჩის ახალი დიზაინი, რომელსაც ვნერგავთ, ორიენტირებულია უსაფრთხო გადაადგილებაზე. პრიორიტეტი ენიჭება ტროტუარების გაფართოებას, ქვეითთა პანდუსების ადაპტირებული გადასასვლელების მოწყობას, პარალელურად მიმდინარეობს ახლომდებარე არსებული რეკრეაციული და საჯარო სივრცეების მოწესრიგება. ამჟამად დედაქალაქში 12 პრობლემური კვანძი გვაქვს, რაც დიდ პრობლემას წარმოადგენს საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, რომელსაც ყველაზე მეტი ადამიანი გადაჰყავს დღის განმავლობაში. არსებული კვანძები უნდა მოწესრიგდეს, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაახლოებით 1500-მდე ბრუნს ვერ აკეთებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ასი ათასამდე მგზავრი სათანადო მომსახურებას ვერ იღებს. როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ეს კვანძები, ქუჩების და გამზირების მოუწესრიგებლობა, გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს. კარგი მაგალითია მელიქიშვილის გამზირისა და ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია. ამ დროს როგორი პრობლემები იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით - ეს ორი ქუჩა ჩაკეტილი იყო, ქალაქში გადაადგილება ჭირდა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი საცობში იდგა. როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ერთ კონკრეტულ გაჩერებაზე აგვიანებს, ამას ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება და ტრანსპორტი ადამიანების გარკვეულ რაოდენობას ვერ ემსახურება. ამას საზოგადოების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვება, რომ თითქოს ავტობუსების რაოდენობა არაა საკმარისი. არადა მარტივია, ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზი ისაა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სწრაფ გადაადგილებას ვერ ახერხებს - როდესაც 1500 ბრუნს ვერ აკეთებს ავტობუსი, ასი ათასამდე მგზავრი მომსახურების გარეშე რჩება, ეს დიდი პრობლემაა. ამიტომ გვაქვს წარმოდგენილი პრობლემური კვანძები, რომელიც მდებარეობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის 10 ძირითად დერეფანზე და გავლენას ახდენს ავტობუსის მარშრუტების გამართულ ფუნქციონირებაზე“,- განაცხადა კახა კალაძემ.
2023 წლის იანვარ-თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა 43%-ით არის გაზრდილი - კალაძე
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 2023 წლის იანვარ-თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა 43%-ით არის გაზრდილი. "გვახსოვს ყველას წლების წინ თუ როგორი ტრანსპორტი ემსახურებოდა თბილისის მოსახლეობას. ასევე, მიმდინარეობს და დაგეგმილია მეტროსადგურების რეაბილიტაცია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წელს და მომავალ წელს ქალაქს ეყოლება 18-მეტრიანი ავტობუსები. ჩვენ ყოველდღიურად ვაკვირდებით თუ რა ხდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა გადაყვანის თვალსაზრისით. ძალიან მიხარია, ის, რომ რეფორმა მიმდინარეობს წარმატებით. საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების თვალსაზრისით რეკორდული მაჩვენებელი იქნა დაფიქსირებული. 1 360 795 მგზავრობა, რაც ძალიან კარგია. მხოლოდ ავტობუსებმა გადაიყვანეს 580 816 მგზავრი. მგზავრთა ნაკადის ზრდა გვაქვს მეტროშიც. 23 დეკემბერში მეტროში დაფიქსირდა 527 636 მგზავრ-მომსახურება. 2022 წლის იანვართან და თებერვალთან შედარებით მიმდინარე წლის შესაბამის თვეებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა გაზრდილია 43%-ით. ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ ყველაზე სწრაფი, ყველასთვის ხელმისაწვდომი და ყველასთვის კომფორტული. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გავხადოთ ყველაზე პოპულარული. ეს მონაცემი არის იმის მაჩვენებელი, რომ რეფორმა სწორი მიმართულებით მიდის“, - განაცხადა კალაძემ.
რიკოთზე ტრანსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგა
რიკოთზე ტრანსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-ზე (რიკოთის უღელტეხილი) არსებულ გზასთან განვითარებული მეწყრული პროცესის კვლევის წინასწარი შედეგების ანალიზის საფუძველზე, სპეციალისტების რეკომენდაციით, რიკოთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა დასაშვებია სპეციალური რეჟიმის პირობებში. „ვინაიდან რეკომენდაციად კვლავ რჩება მეწყრულ უბანზე მუდმივი მკაცრი მონიტორინგი, შაბათს, 8 აპრილს, 07:00 საათიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა რიკოთის მონაკვეთზე აღდგება შემდეგი რეჟიმით: 07:00 საათიდან 19:00 საათამდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 114-ე კმ-დან (ახალსოფლის კვანძი) 194-ე კმ-მდე (ზესტაფონი) გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის. 21:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე ამავე მონაკვეთზე გადაადგილდებიან მხოლოდ სატვირთო ავტომანქანები. სატვირთო ავტომანქანები გადაადგილდებიან პატრულის მკაცრი ზედამხედველობით, ინტერვალებით, გაუჩერებლად და რევერსულად ანუ ცალმხრივად, მიმართულების შეცვლით. ამასთან, რიკოთის გვირაბი-სოფელი ხევის მონაკვეთზე ნებისმიერი ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა უნდა განხორციელდეს გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. მსუბუქ ავტოტრანსპორტს გომი-საჩხერეს-ჭიათურა-ზესტაფონის 109 კმ-იანი მარშრუტით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ დროს. კვლევითი სამუშაოები მეწყრულ უბანზე გრძელდება. დაწყებულია შესაბამისი საპროექტო გადაწყვეტების დამუშავების პროცესი. პრევენციული სამუშაოების დასაწყებად კი, მიმდინარეობს მისასვლელი გზების მოწყობა”, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
29 აპრილს, დევდორაკის გვირაბში 00:00 საათიდან 06:00 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა დაწესდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ132-კმ135 მონაკვეთზე მდებარე დევდორაკის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2023 წლის 29 აპრილს 00:00 საათიდან 06:00 საათამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. „საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დევდორაკის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.
რა ცვლილებები ამოქმედდა დღეიდან რიგ სფეროებში
დედაქალაქის საზღვრებში, დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტის მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი ადგილის ან დროის დარღვევით მოძრაობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გამკაცრდა, არსებული ჯარიმები კი გაიზრდა. 2024 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა კანონი რომლის თანახმად, თბილისში, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე, M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული ადგილის ან დროის დარღვევით მოძრაობა პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების და ყოველ შემდეგ შემთხვევაში - 3000 ლარის ოდენობით.ანალოგიურ შემთხვევებში, ამავე ოდენობით გაზრდილი ჯარიმა დაეკისრება პირს, რომელიც დიდი გაბარიტების სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ეკონომიკური საქმიანობას ახორციელებს.აქამდე აღნიშნულ დარღვევებზე ჯარიმის ოდენობა 100-100 ლარის ოდენობით იყო განსაზღვრული. ამასთან, აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება: - საჯარო დაწესებულების სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც ამ დაწესებულების საქმიანობის მიზნებისთვის გადაადგილდებიან; იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც ლურჯი და წითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალის გამოყენების უფლება აქვთ; მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე, აგრეთვე იმ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებსაც გადაჰყავთ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დასაქმებულები, მოსწავლეები, სტუდენტები ან აღსაზრდელები; ასევე იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი წესითა და მის მიერვე განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ გაიცემა თანხმობა. ასევე ძალაში შევიდა კანონი, რომლითაც სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულო გახდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული და პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი საკანონმდებლო ცვლილებებით, რომელიც 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე პერიოდში, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით. ამასთან, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ შესაძლოა დაწესდეს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა. შს სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობამ დადგენილებით ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის სათანადო მახასიათებლები და აღნიშნულ მახასიათებლებთან მათი შესაბამისობის დადგენის წესი დაამტკიცა. ასევე დამტკიცდა იმ ადგილებისა და გზის მონაკვეთების ჩამონათვალი, სადაც ზამთრის პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვით. შს სამინისტროს ცნობით, ზამთრის საბურავი შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს: საბურავზე დატანილი უნდა იყოს სიმბოლო − ფიფქი.საბურავის პროტექტორის სიღრმე უნდა იყოს:- არანაკლებ 3 მმ. − მსუბუქი ავტომობილებისთვის (M1) და სატვირთოებისთვის (N1, N2, N3);- არანაკლებ 4 მმ. − მიკროავტობუსისთვის (M2) და ავტობუსისთვის (M3);საბურავის დამზადებიდან არ უნდა იყოს გასული 10 წელი;საბურავზე შესაძლებელი უნდა იყოს დამზადების თარიღის წაკითხვა;ავტობუსისთვის (M3) და 3.5 ტონაზე მეტი სრული მასის მქონე სატვირთო სატრანსპორტო საშუალებისთვის (N2, N3) დასაშვებია იმგვარი ზამთრის საბურავით გადაადგილება, რომელზეც არ არის დატანილი სიმბოლო - ფიფქი. ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფი უფლებამოსილია ზემოაღნიშნული კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისთვის დააწესოს არანაკლებ ერთი წამყვანი ღერძის ყველა თვალზე სათანადო მახასიათებლების მქონე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა. მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი უნდა იყოს ქარხნული წესით დამზადებული, სატრანსპორტო საშუალების საბურავის ზომის შესაბამისი და თოვლით/ყინულით დაფარული გზის ზედაპირზე გამოსაყენებლად ვარგისი.მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ თოვლით ან/და ყინულით დაფარულ გზაზე.- თუ ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი დადგენილ მოთხოვნებს არ შეესაბამება, პოლიციელი უფლებამოსილი იქნება პირს დადგენილებით განსაზღვრულ ადგილას/გზის მონაკვეთზე შესვლა აუკრძალოს.- თუ ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს და ამ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, პირს შესაძლოა დროებით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალება და განთავსდეს დაცულ სადგომზე.ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება 100 ლარით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შეუმცირდება 5 ქულით. ასევე დღეიდან ახალი პენიტენციური კოდექსი ძალაშია. 2024 წლის პირველი იანვრიდან “პენიტენციური კოდექსი“ ამოქმედდა, რომლის საფუძველზეც ბრალდებულს ხანგრძლივი პაემნის უფლება ენიჭება. მას აგრეთვე სხვადასხვა სახის მხარდამჭერ პროგრამებში ჩართვის შესაძლებლობა ექნება. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს ვიდეოპაემნის უფლება ენიჭება. მსჯავრდებულს ენიჭება პაემნის გარე სამყაროსთან ურთიერთობის სხვა ფორმით ჩანაცვლების შესაძლებლობა (ხანმოკლე პაემანი – ვიდეოპაემანი, ხანგრძლივი პაემანი – ხანმოკლე პაემანი, ვიდეოპაემანი ან სატელეფონო საუბარი, საოჯახო პაემანი – ხანმოკლე პაემანი, ვიდეოპაემანი ან სატელეფონო საუბარი). ყველა სახის პაემანი სრულიად უფასო ხდება. ამჟამად დადგენილი სატელეფონო საუბრების მაქსიმალური რაოდენობა და ხანგრძლივობა მინიმალურ რაოდენობად/ხანგრძლივობად გარდაიქმნება. მინისტრი უფლებამოსილი იქნება სატელეფონო საუბრების რაოდენობა და ხანგრძლივობა გაზარდოს;განსაკუთრებული გარემოების არსებობისას (ოჯახის წევრის დაბადების დღე, შვილის დაბადება და სხვ.) ბრალდებულს და მსჯავრდებულს შესაძლებელია დამატებითი სატელეფონო საუბრის უფლება მიენიჭოთ. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ოჯახის წევრ ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს ენიჭებათ ერთმანეთთან სატელეფონო საუბრის უფლება. დასაშვები იქნება მათ შორის მიმოწერაც. ყველა მსჯავრდებულს ეძლევა უმაღლესი განათლების მიღების უფლება;თანაბრდება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობები;გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში შესაძლებელი იქნება ქალი მსჯავრდებულის განთავსებაც. ამ გზით მათზე გავრცელდება ის უფლებები, რომლებიც ამ დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს აქვს. პენიტენციური სამსახურის ყველა დანაყოფს სპეციალური სტატუსი ენიჭება, რაც თანამშრომელთა პირობებს ათანაბრებს და აუმჯობესებს. მოსამსახურეები თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გარდა, მიიღებენ წელთა ნამსახურობის დანამატს, ხოლო საამისო წინაპირობების არსებობისას – აგრეთვე სახელმწიფო კომპენსაციას.