თეგი: უკანონო შემოსავალი

პროკურატურამ ნახევარი მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ჩატარებული კომპლექსური გამოძიების შედეგად, ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა და 500 000 ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ორი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ. პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ავსტრიის მოქალაქემ, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, სამედიცინო ნიღბების შეძენის მსურველი ჩეხური კომპანიის წარმომადგენლები და გერმანიაში მცხოვრები მოქალაქეები საჭირო საქონლის მიწოდებაში დაარწმუნა. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, ბრალდებულის საკუთრებაში არსებული კომპანიის საზღვარგარეთ გახსნილ საბანკო ანგარიშზე, 2020 წლის მარტში, ჩეხურმა კომპანიამ 1 120 000 ევრო, ხოლო 2020 წლის მაისში, გერმანიაში მცხოვრებმა მოქალაქეებმა - 180 000 ევრო გადარიცხეს. წინასწარი განზრახვის შესაბამისად, ბრალდებულმა დამკვეთებს არ მიაწოდა შეკვეთილი საქონელი, ხოლო საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულ თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა, რითაც დაზარალებულებს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგათ. „ბრალდებულმა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულის გათეთრების მიზნით, კომპანიის ანგარიშზე აკუმულირებული უკანონო შემოსავალი, ფიქტიური დანიშნულებით და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, საქართველოში, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი საქართველოს მოქალაქის კუთვნილი საწარმოს საბანკო ანგარიშზე გადმორიცხა. შემდგომში, კომპანიის ანგარიშიდან განაღდებული თანხა, საქართველოს მოქალაქის სარგებლის გამოკლებით, ბრალდებულს და ამ უკანასკნელთან დაკავშირებულ პირებს გადაერიცხათ. აღნიშნული ქმედებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მოახდინეს დაახლოებით 500 000 ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია“, - განმარტავს პროკურატურა. ბრალდებული ფიზიკური პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დაიწყო (ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რეზიდენტი იურიდიული პირის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირდა (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება), რაც სასჯელის სახედ ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევასა და ჯარიმას ითვალისწინებს. ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. „საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით“, - აცხადებენ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში.