თეგი: უკრაინელი ლტოლვილები

უკრაინელი ლტოლვილების დახმარების პროგრამასთან დაკავშირებით, თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

უკრაინელი ლტოლვილების დახმარების პროგრამასთან დაკავშირებით, თბილისის მერია განმარტებას ავრცელებს. „საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა გამოვეხმაუროთ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას უკრაინელი ხალხის დახმარების პროგრამასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ინფორმაცია ვრცელდება არასწორად და მიზნად ისახავს საზოგადოების დეზინფორმირებას. როგორც იცით, თბილისის მერიამ რუსეთ-უკრაინის ომის პირველივე დღეებში აამოქმედა სპეციალური პროგრამა - საქართველოში შემოსულ უკრაინის მოქალაქეებს, ვინც მოგვმართავს საცხოვრებლით უზრუნველყოფის თხოვნით, დედაქალაქის მერია ათავსებს სხვადასხვა სასტუმროში, სამჯერადი კვებით. პროგრამის ფარგლებში, თბილისმა უკვე უმასპინძლა 5 100-ზე მეტ ადამიანს, რომელთაგან 2 300 ადამიანზე მეტი დღესაც, დედაქალაქის 40-მდე სასტუმროში გვყავს დაბინავებული. ამ მიზნით, ბიუჯეტიდან ჯამურად დაიხარჯა 11 მლნ. ლარი, ხოლო თვის ბოლოს თანხა მიაღწევს, დაახლოებით, 14 მლნ ლარს. აღნიშნული პროგრამა თბილისის მერიამ მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და პირველი აგვისტომდე გაგრძელდება. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 13 ივლისის #1254 განკარგულების შესაბამისად, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეები ამა წლის 15 ივლისიდან მიიღებენ ფულად დახმარებას - ოჯახზე 300 ლარს და დამატებით სულზე 45 ლარს. ამას გარდა, საერთაშორისო ორგანიზაციები (World Vision და UNHCR) განიხილავენ სულზე 235 ლარიან დახმარების პაკეტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2022 წლის 31 ივლისს, თბილისის მერია მიმდინარე პროგრამას შეწყვეტს“, - აღნიშნულია მერიის განცხადებაში. მანამდე, რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ცნობა, რომ „თბილისის მერია უკრაინელ ლტოლვილებს საცხოვრებლების გარეშე ტოვებს და საკვებისთვის ერთ ადამიანზე თვეში 45 ლარი გამოყვეს“.

თბილისის მერიამ უკრაინელი მოქალაქეების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამა დაასრულა

თბილისის მერიის განცხადებით, უკრაინელი მოქალაქეების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამა დასრულდა. მისივე ცნობით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 15 ივლისიდან საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეთათვის სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა ამოქმედდა, რომლის ფარგლებში, ოჯახზე თვეში 300 ლარი, ხოლო ოჯახის თითოეულ წევრზე - 45 ლარი გაიცემა „თბილისის მერიამ დაასრულა თბილისში მცხოვრები უკრაინელი მოქალაქეების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც წინასწარ დაანონსებული ერთი თვის ნაცვლად, ოთხ თვეზე მეტხანს გაგრძელდა. ამ მიზნით, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი დაიხარჯა. რაც შეეხება თბილისში მყოფი უკრაინელი დევნილებისთვის არსებულ უფასო მუნიციპალურ სერვისებს, კვლავ ძალაში რჩება საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობა, მუნიციპალური საბავშვო ბაღების, სახელოვნებო და სპორტული სკოლების მომსახურება. თბილისში მცხოვრებ უკრაინელ მოქალაქეებს უფასო მომსახურებას უწევს შემდეგი მუნიციპალური ცენტრები: მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, თბილისის მერიის ფეხბურთის სპორტული ცენტრი „იმედი“, თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი და მისი სტრუქტურული ერთეულები: აკრობატიკის ცენტრი, ტანვარჯიშის ცენტრი, წყნეთის სპორტული კომპლექსი; თბილისის მერიის მ. ცერცვაძის სახელობის ფიგურული სრიალის სპორტული ცენტრი, თბილისის მერიის ვ. კაჭარავას სახელობის ფრენბურთის ოლიმპიური მზადების სპორტული ცენტრი, გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრი და მისი სტრუქტურული ერთეულები: გლდანის საცურაო აუზი, კულა გლდანელის სახელობის ჭიდაობის დარბაზი, მუხიანის სარაგბო კომპლექსი, ნაძალადევის სპორტული კომპლექსი; ა(ა)იპ „ჩოგბურთის განვითარება“, ისანი-სამგორის კომპლექსური სპორტული ცენტრი და მისი სტრუქტურული ერთეულები: ლილოს სპორტული ცენტრი, ვაზისუბნის სარაგბო მოედანი, ჩოგბურთის კორტები, ვარკეთილის ჭიდაობის დარბაზი, ლილოს საცურაო აუზი; მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი, თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი, თბილისის გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმი, თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმი, თბილისის კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური ბინა-მუზეუმი, თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრი, პანტომიმის სახელმწიფო თეატრი, თბილისის თეატრი „გლობუსი“, სამეფო უბნის თეატრი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება და მისი ფილიალები; თბილისის მერიის ა. მიზანდარის სახელობის N1 ხელოვნების სკოლა; თბილისის მერიის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის N2 ხელოვნების სკოლა, თბილისის მერიის მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვის სახელობის N6 ხელოვნების სკოლა, თბილისის მერიის კოტე ფოცხვერაშვილის სახელობის N7 ხელოვნების სკოლა, თბილისის მერიის მ. კოსტავას სახელობის N8 ხელოვნების სკოლა, თბილისის არამ ხაჩატურიანის სახელობის N10 ხელოვნების სკოლა, თბილისის მერიის ანასტასია ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზია, თბილისის მერიის დავით ანდღულაძის სახელობის N14 ხელოვნების სკოლა, თბილისის მერიის სოლიკო ვირსალაძის სახელობის N1 სამხატვრო ხელოვნების სკოლა, თბილისის მერიის ი. სუხიშვილის სახ. ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფიული სკოლა-სტუდია, თბილისის მერიის სერგო ზაქარიაძის სახელობის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების კოლეჯი“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

ჯანდაცვის მინისტრი: უკრაინელ ლტოლვილებთან დაკავშირებით პოლიტიკოსებმა სპეკულაციებს თავი უნდა დაანებონ, უკრაინელ ლტოლვილებს სახელმწიფო უყურადღებოდ არ ტოვებს

"უკრაინელ ლტოლვილებს სახელმწიფო უყურადღებოდ არ ტოვებს და თითოეულ ოჯახს დახმარების სახით ყოველთვიურად 300 ლარს ურიცხავს. პოლიტიკოსებმა სპეკულაციებს თავი უნდა დაანებონ, დევნილების უდიდეს ნაწილს შესაბამისი დახმარებები უკვე დაერიცხათ, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. აზარაშვილის თქმით, რომ ყველა სპეკულაცია და ამ საკითხის „პოლიტიკურ თემებში“ გადაყვანა მიზანშეუწონელია. "მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საჭიროებისა და მათი მოთხოვნის შემთხვევაში სახელმწიფო თითოეულ ოჯახს ეხმარება 300 ლარით და თითოეულ ადამიანს, თუ ამის საჭიროება აქვს, 45 ლარით. მოკლედ მსურს განვმარტო, თუ საიდან მივედით ამ თანხებამდე და როგორი პრაქტიკაა დღეისათვის ეს. მოგეხსენებათ, უკრაინელი ლტოლვილები არიან სხვადასხვა ქვეყნებში გადანაწილებული და ყველა ამ ქვეყნის პრაქტიკა და მაგალითები ვნახეთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში გვყავს 300 000-მდე ჩვენი დევნილი თანამემამულე. ასევე ახლოს ყოფილიყო მათი დახმარების პაკეტთან და აქედან გამომდინარე ჩვენ ავიღეთ ის მაქსიმუმი, რასაც ვაკეთებთ ჩვენი თანამემამულე დევნილებისთვის. აქედან გამომდინარე, ყველა სპეკულაცია და ამ საკითხის პოლიტიკურ თემებში გადაყვანა მიზანშეუწონელია და მოვუწოდებ იმ პოლიტიკოსებს, თითქოს ჩვენზე მეტად შესტკივათ გული ამ პრობლემის მიმართ, თავი დაანებონ პროვოკაციებს", - განაცხადა აზარაშვილმა. ცნობისთვის, გონიოში, ერთ-ერთ სასტუმროში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეები მთავრობას დახმარებას სთხოვენ. მათი განცხადებით 300 ლარი საკმარისი არ არის. უკრაინის მოქალაქეებთან, „ლელო“ აჭარის ორგანიზაციის წევრები მივიდნენ და მხარდაჭერა გამოუცხადეს.    

უცხოური მედია: გერმანიაში უკრაინელი ლტოლვილების საბავშვო ბაღის დაწვა სცადეს

გერმანიაში, ლაიფციგში უკრაინელი ლტოლვილების საბავშვო ბაღის დაწვა სცადეს. შემთხვევის შედეგად სერიოზული ხანძარი არ გაჩენილა, თუმცა ბაღის შესასვლელი კარი დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამმი, დამნაშავემ საბავშვო ბაღის შესასვლელში აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლი წაუკიდა. სამართალდამცავები არ გამორიცხავენ, რომ მომხდარს პოლიტიკური მოტივი ჰქონდეს, მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები უცნობია.