თეგი: უკრაინის პირველი ლედი
ოლენა ზელენსკა: ომმა ყველა გააერთიანა, ეს იყო ტირანის საბედისწერო შეცდომა. პირველ რიგში, ჩვენ უკრაინელები ვართ...
უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ ბრიტანულ ჟურნალ Vogue-ს ინტერვიუ მისცა. სადაც იხსენებს, თუ რა გააკეთა ომის დაწყების დღეს. ამავდროულად მოგვითხრობს, როგორ ცხოვრობს ხალხი უკრაინის ქალაქებში ბლოკადის დროს და მოითხოვს უკრაინის თავზე ცის დახურვას. ოლენა ზელენსკა: - იმ დღეს ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო. საღამოს ბავშვები სკოლიდან ბრუნდებოდნენ, ჩვეული საოჯახო საქმეებისთვის ვემზადებოდი. დაძაბულები ვიყავით, ყველგან საუბრობდნენ უკრაინაში რუსეთის მხრიდან შესაძლო შემოჭრაზე, მაგრამ ბოლო წუთამდე შეუძლებელი იყო რომ ეს მოხდებოდა... 21 საუკუნეში? თანამედროვე სამყაროში? დილის 4-დან 5 საათამდე პერიოდში რაღაც ხმამ გამაღვიძა. მაშინვე ვერ მივხვდი, რომ ეს აფეთქების ხმა იყო. ჩემი ქმარი საწოლში არ იწვა, მაშინვე ავდექი და დავინახე, უკვე ჩაცმული იყო, ჩვეულებისამბერ კოსტიუმში (და იმ დღეს უკანასკნელად ვნახე მე ის პიჯაკსა და თეთრ პერანგში). „დაიწყო“, - სულ ეს იყო რაც მან თქვა. „რა ვუყოთ ბავშვებს?“ „მოიცადე, მე შეგატყობინებ. ყოველი შემთხვევისთვის შეაგროვეთ აუცილებელი ნივთები და საბუთები“, - მითხრა მან და სახლიდან გავიდა. ბავშვებისთვის არაფრის ახსნა აღარ იყო საჭირო, ისინი ყველაფერს ხედავენ, ისე როგორც ყველა ბავშვი უკრაინაში. რა თქმა უნდა, ეს ის არ არის, რაც ბავშვებმა უნდა ნახონ - მაგრამ ბავშვები ხომ ძალიან გულწრფელები და პატიოსნები არიან, მათ ვერაფერს დაუმალავთ. ამიტომ, საუკეთესო სტრატეგია სიმართლის თქმაა. შევეცადე მათ კითხვებზე მეპასუხა. ომმა ყველა გააერთიანა. ეს იყო ტირანის საბედისწერო შეცდომა, რომელიც თავს დაგვესხა. პირველ რიგში, ჩვენ ყველანი უკრაინელები ვართ. მას ჩვენი გაყოფა, დანგრევა, შიდა დაპირისპირების პროვოცირება უნდოდა, მაგრამ უკრაინელებისთვის ამის გაკეთება შეუძლებელია. როდესაც ერთ-ერთ ჩვენგანს აწამებენ, აუპატიურებენ, ან კლავენ, ვგრძნობთ, რომ ყველას გვაწამებენ, გვაუპატიურებენ, გვკლავენ. სწორედ ეს პირადი ბრაზი და ტკივილია, რომელიც მყისიერად გვიბიძგებს მოქმედებისკენ, აგრესიის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმისკენ, კიდევ უფრო ამძაფრებს ჩვენი თავისუფლების დაცვის წყურვილს. ყველა იმას აკეთებს, რაც შეუძლია: ჯარისკაცები იარაღით ხელში, მასწავლებლები აგრძელებენ სწავლებას, ექიმები ატარებენ ურთულეს ოპერაციებს თავდასხმის ქვეშ. ყველა მოხალისე გახდა, მხატვრები, რესტავრატორები, - რადგან ბარბაროსები ჩვენი ქვეყნის დაპყრობას ცდილობენ. მე დავინახე, რომ ამ ყველაფერმა ჩვენს შვილებში ყველაზე ღრმა, პატრიოტული გრძნობები გამოიწვია. ისინი პატრიოტებად და სამშობლოს დამცველებად გაიზრდებიან. ომის დაწყების პირველ დღეებში ემოცეიბისთვის დრო არ იყო, საჭირო იყო ბავშვებზე და მათ ემოციურ მდგომარეობაზე მეზრუნა. ვცდილობდი თავდაჯერებული ვყოფილიყავი, ენერგიული, ღიმილიანი, ამეხსნა მათთვის, რომ სარდაფში ჩასვლა აუცილებელია და ამ დროს არ შეიძლება სინათლის ანთება. მეკითხებოდნენ, „როდის ვნახავთ მამას?“ „მალე...“ თავიდან ვიმედოვნებდი, რომ ჩვენ შევძლებდით მის გვერდით ყოფნას, მაგრამ პრეზიდენტის ოფისი სამხედრო დაწესებულებად გადაიქცა და ჩვენ იქ ყოფნა აგვეკრძალა. გვიბრძანეს და უსაფრთხო ადგილას გადაგვიყვანეს, თუ შესაძლებელია ახლა უკრაინაში ახლა სადმე უსაფრთხო ადგილი იყოს. მას შემდეგ ვოლოდიმირს ტელეფონით ვუკავშირდებით. უამრავი ისტორიის მოყოლა შემიძლია. მაგალითად, კიევის რეგიონის დეოკუპაციის შემდეგ გავიგეთ ბუჩაში დარჩენილი ექიმის, ირინა იაზოვას ამბავი, რომელმაც მეზობლები და უცნობები გადაარჩინა. მისი გამბედაობის ამბავი მეზობლებმა გვიამბეს. მოგიყვებით კიევში მცხოვრები დედის, ოლგას შესახებ, რომელიც ორი თვის შვილს გადაეფარა, როდესაც ბომბი მათ კორპუსს დაეცა. ჩერნიგოვის ბავშვთა სახლის მასწავლებელი ნატალია, რომელიც სარდაფში 30 ბავშვთან ერთად ცხოვრობდა, აჭმევდა და უვლიდა მათ, შემდეგ კი იპოვა მანქანა და ცეცხლის ქვეშ თუმცა მაინც შეძლო ბავშვები უსაფრთხო ადგილას გადაეყვანა. პირველივე დღეებიდან, როდესაც რუსულმა რაკეტებმა დაიწყეს სხვადასხვა ქალაქებისა და საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვა, ცხადი გახდა, რომ რუსეთი არ ზოგავდა მშვიდობიან მოსახლეობას. ათასობით ქალს მოუწია მშობიარობა თავშესაფრებში, რადგან ჩვენ დავინახეთ, რა შეიძლება დაემართოს სამშობიარო სახლებს - მსგავსი, რაც მოხდა მარიუპოლში. ახლა, როდესაც ზოგიერთი ქალაქი გათავისუფლდა რუსული არმიისგან, ჩვენ მეტი ვიცით იმის შესახებ, თუ რის წინაშე დგანან უკრაინელი ქალები: სრული დაუცველობა, ძალადობის საფრთხე. ამ მოვლენებზე საერთაშორისო გამოძიება უნდა ჩატარდეს. და რამდენი ქალი დარჩა ჯერ კიდევ ოკუპირებულ ხერსონში, მელიტოპოლში, ბერდიანსკში? ახლობლებსაც კი ვერ უყვებიან რა ხდება, რადგან იქ არანაირი კავშირი არ არსებობს. ათიათასობით ბავშვიანი ქალი ახლა დანგრეულ მარიუპოლში იმყოფება. წარმოიდგინეთ, რა კოშმარს განიცდიან, იძულებულები არიან, ცეცხლის ქვეშ ეძებონ საკვები უკვე ერთი თვეა, რადგან ჰუმანიტარულ დახმარებას არ უშვებენ. დაახლოებით ოთხი მილიონი ქალი და ბავშვი გადავიდა სხვა ქვეყნებში. მიგრანტად ყოფნა რთულია როგორც მორალურად, ისე ფიზიკურად - იმიტომ რომ ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყონ. ოკუპირებული, დანგრეული მარიუპოლი ჩვენი ტკივილია. კიევის რეგიონი საშინელება გახდა - ეს ვნახეთ, როდესაც რუსული არმიამ უკან დაიხია. მსოფლიომ შეიტყო ბუჩას შესახებ - მაგრამ იგივე საშინელება შეიძლება ნახოთ რეგიონის ათეულობით სოფელსა და ქალაქში. ქუჩაში ხალხს კლავენ. სამხედროებს კი არა - მშვიდობიანი მოქალაქეებს. საფლავები სათამაშო მოედნების მახლობლად. ამას ვერ აღვწერ...