თეგი: უკრაინის ჯარი

უკრაინამ მსოფლიოს უძლიერესი არმიების რეიტინგში შედეგი გააუმჯობესა - Global Firepower

უკრაინა, რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის ფონზე, მსოფლიოს უძლიერესი არმიების რეიტინგში მე-15 ადგილზეა. ერთი წლის წინ უკრაინის არმია 22-ე ადგილზე იყო. ამას მოწმობს საერთაშორისო კომპანია Global Firepower-ის რეიტინგი, რომელიც ყოველწლიურად  მსოფლიოს საუკეთესო არმიებს ასახელებს.  2023 წელს უკრაინის სიმძლავრის ინდექსი იყო 0,2516. „იდეალური“ ქულაა 0.0000. „რადგან უკრაინა განაგრძობს თავის დაცვას რუსეთისგან, მან გაზარდა თავისი ინდექსი მიმდინარე წლისთვის [აგრესიაზე, - რედ.], დასავლეთის ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერისა და ახალი საკვანძო კატეგორიების დანერგვის გამო, რაც ხელს უწყობს სიაში საერთო პოზიციას“, - განმარტავენ ორგანიზაციაში.  Global Firepower-ის თანახმად, 2023 წელი შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს რუსეთ-უკრაინის ომში. „გახანგრძლივებული ომის სტრესი და მოთხოვნები, მსხვილ მეზობელ სახელმწიფოზე საბოლოოდ აისახება“, - ნათქვამია Global Firepower-ის ანგარიშში. მსოფლიოს უძლიერესი არმიების რეიტინგში, უკრაინის მეზობლები არიან ეგვიპტე (14 ადგილი) და ავსტრალია (16). Global Firepower-ის თანახმად, მსოფლიოს უძლიერესი არმიების ათეულშია აშშ, რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, დიდი ბრიტანეთი, სამხრეთ კორეა, პაკისტანი, იაპონია, საფრანგეთი და იტალია.