თეგი: უკრაინის ჰიმნი

როგორ იქმნებოდა უკრაინის ჰიმნი - ისტორია

უკრაინის ჰიმნის შინაარსი განსაკუთრებით აქტუალური მთელ მსოფლიოში ამ ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გახდა. ჰიმნი ყველგან ჟღერს, სადაც უკრაინას რუსეთთან ომში სოლიდარობას უცხადებენ.  როგორ იქმნებოდა უკრაინის ჰიმნი უკრაინის ჰიმნის ტექსტის ავტორი გამოჩენილი კიეველი ეთნოგრაფი - პავლო ჩუბინსკია. 1863 წელს ჩუბინსკის ტექსტზე მუსიკა დაწერა დასავლეთ უკრაინელმა კომპოზიტორმა და უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის მღვდელმა, მიხაილო ვერბიცკიმ. ნაწარმოების პირველი საგუნდო შესრულება ლვივის თეატრ „უკრაინაში“, 1864 წელს შედგა. საბჭოთა კავშირის შექმნისას გადაწყდა, რომ კავშირში შემავალ ყველა სახელმწიფოს საკუთარი ჰიმნის უნდა ჰქონოდა, თუმცა, ჩუბინსკის ლექსი დაიბლოკა, რადგან არ წარმოადგენდა უკრაინას როგორც ,,თანასწორ მოძმე რესპუბლიკას'' და მეტად ახალისებდა ნაციონალურ გრძნობებს. უკრაინის დამოუკიდებლობის შემდეგ, 1992 წლის 15 იანვარს უკრაინის უმაღლესმა რადამ დაამტკიცა სახელმწიფო ჰიმნის მუსიკა, ხოლო უფრო მოგვიანებით, 2003 წელს რადამ მიიღო კანონი სახელმწიფო ჰიმნის შესახებ.  კანონის მიხედვით, ჰიმნად მტკიცდებოდა მიხაილო ვერბიცკის მუსიკა და პავლო ჩუბინსკის ლექსის პირველი სტროფი და რეფრენი, თუმცა ლექსის პირველ სტრიქონში შედიოდა ცვლილება და ფრაზა „Ще не вмерла, Україна, i слава, і воля!“ („არ მომკვდარა უკრაინა, არც დიდება, არც ნება“) იცვლებოდა ფრაზით „Ще не вмерла України і слава, і воля“ („არ მომკვდარა უკრაინის დიდება და ნება). ჰიმნს 1915 წელს ხალხური სიმღერის სახით ასრულებდა ლვიველი უკრაინელი ემიგრანტი, ნიუ-იორკში მცხოვრები მიხაილო ზაზულიაკი. ჰიმნის პირველი ჩანაწერი უკრაინულ ენაზე (მაშინდელი სათაურით „Szcze ne wmerła Ukrajiny ni sława ni wola“) ვინილის სახით 1916 წელს პირველი მსოფლიო ომის დროს გამოსცა Columbia Phonograph Company-მ. ევრომაიდანის საპროტესტო აქციების დროს უკრაინის ჰიმნი პროტესტანტებისთვის რევოლუციური ჰიმნის როლს ასრულებდა. მოძრაობის ადრეულ კვირებში ისინი ჰიმნს საათში ერთხელ მომღერალ რუსლანას ხელმძღვანელობით ასრულებდნენ. 2014 წლის 25 მარტს ხარკიველმა მიკიტა რუბჩენკომ ჰიმნის ინსტრუმენტული, როკ-ვერსია შექმნა.