თეგი: უკრრაინა

ჰუბერტ ქნირშის თქმით, საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციებში ნათლად გამოდის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ

საქართველოს მთავრობა, ჩემის აზრით, მოქმედებს მკაფიოდ და აუცილებელი სიფრთხილით. საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციებში ძალიან ნათლად გამოდის აგრესიის წინააღმდეგ, თავის დასავლელ პარტნიორებთან ერთად საქართველო იყო გაეროს რეზოლუციის ინიციატორი, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა ​განაცხადა. „ვხედავთ, რომ საქართველო ბევრს აკეთებს უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად და მას მოუწევს კიდევ სხვა ამოცანების შესრულება. ვნახეთ, რომ დაიკეტა „ვითიბი ბანკი“. ეს იყო მნიშვნელოვანი და კარგი ღონისძიება, რათა თავიდან ავიცილოთ ევროკავშირისა და აშშ-ის სანქციების გვერდის ავლა საქართველოს მეშვეობით და ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის“, – განუცხადა ქნირშმა საზოგადოებრივ მაუწყებელს. გერმანიის ელჩმა უპასუხა შეკითხვას ომის დაწყების შემდეგ საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეების შესახებ და კომენტარი გააკეთა საკითხზე, არის თუ არა ამ თემაზე საზოგადოების ნაწილის მიერ გამოთქმული შეშფოთებები საფუძვლიანი; ასევე, რა უნდა მოიმოქმედოს საქართველოს მთავრობამ ამ საკითხთან დაკავშირებით. „რა თქმა უნდა, ყველა, ვინც ამ ბოლო დღეებში თბილისის ქუჩებში გაივლის, დაინახავს, რომ აქ არის ბევრი რუსი, ცალ-ცალკე, ოჯახები, ახალგაზრდების ჯგუფები. შეიძლება, მათი რიცხვი ბევრად არ აღემატება წინა წლის მონაცემებს, მაგრამ ამჯერად ეს არიან მეტწილად არა ტურისტები, არამედ ადამიანები, რომლებიც ტოვებენ თავიანთ ქვეყანას, რადგან ხედავენ, რომ ვეღარ ცხოვრობენ პუტინის რუსეთში, რომ იქ აღარ აქვთ მომავალი, რომ იქ არის პოლიტიკა, რომელიც მათ წარსულში დააბრუნებს. ქვეყანა, რომელიც ისწრაფვის ევროკავშირისკენ და, რომელსაც ისეთი ღირებულებები აქვს, როგორც საქართველოს, სადაც სტუმართმოყვარეობას დიდად აფასებენ, ნამდვილად მიიღებს ასეთ ადამიანებს, მისცემს მათ საშუალებას, საქართველოში ჩამოსვლის, აქ რაღაც პერიოდით ცხოვრების. მათი სიტუაცია, რა თქმა უნდა, განსხვავდება უკრაინელების სიტუაციისაგან, მაგრამ ტრაგიკული იქნებოდა, თუ საქართველოში რუსეთიდან შემოსულ ამ ადამიანებს ვინმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან თავს დაესხმება იმის გამო, რომ სჭირდება ვინმე, ვისაც აჩვენებს თავის სიბრაზეს პუტინისა და მისი პოლიტიკის მიმართ. მე მგონია, კარგი იქნება, რომ საქართველოში შემოუშვან ის ადამიანები, რომლებიც აქტიურად საქმიანობდნენ რუსეთში პუტინის წინააღმდეგ პოლიტიკაში თუ კრიტიკულ მედიაში, უფლება მისცენ მათ, საქართველოში ჩამოვიდნენ და აქ არ უნდა იყოს პრობლემები. ევროპული ქვეყნები, ევროკავშირის ასოცირებული სახელმწიფოები იღებენ პოლიტიკურ დევნილებს და ამაზე სრული თანხმობა არსებობს“, - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.