თეგი: უპილოტო

უკრაინა: რუსეთის ძალებმა 10 კამიკაძე-დრონი უკრაინის მიმართულებით ბელორუსიდან გაუშვეს

რუსმა ოკუპანტებმა ბელორუსის ტერიტორიიდან უკრაინის მიმართულებით „კამიკაძე“ უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვეს. კიევსა და რეგიონში საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა. ამის შესახებ, უკრაინულ მედიას, უკრაინის საჰაერო ძალების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, პოლკოვნკი იური იგნატმა განუცხადა. მისივე თქმით, ბელორუსის ტერიტორიიდან, უკრაინის მიმართულებით 10 „კამიკაძე“ დრონი გაუშვეს. როგორც იური იგნატმა განმარტა, თუ საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდება, მაშინ არსებობს დარტყმის საფრთხე. ირანი უარყოფს, რომ მოსკოვს დრონები მიაწოდა. თავის მხრივ, კრემლსაც არ უღიარებია ეს ფაქტი. ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას აპირებდა, თავდაპირველად, აშშ-მა გაავრცელა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გასული თვის განმავლობაში უკრაინამ 233 ირანული დრონი გაანადგურა. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი მასიურად ბომბავს უკრაინის ქალაქებს. მოსკოვს იერიშები მიაქვს კიევზე. ანადგურებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. კიევის ცნობით, ელექტროსადგურების 30% განადურდა, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდვებით მიეწოდება. უკრაინამ დასავლეთს საჰაერო თავდაცვის სისტემების დაუყოვნებლით მიწოდებისკენ მოუწოდა. კიევი ასეთ სისტემებს პარტნიორებისგან უკვე იღებს. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს. დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად. 20 ოქტომბერს, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.