თეგი: ურსულა ფონ დერ ლაიაენი
ევროკომისიის პრეზიდენტი ბუჩაზე: ჩვენ დავინახეთ პუტინის არმიის სახე
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობამ აჩვენა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის არმიის სასტიკი სახე. ამის შესახებ მან დღეს, ბუჩაში ვიზიტისას განაცხდა. „აქ მოხდა წარმოუდგენელი რამ. ჩვენ დავინახეთ პუტინის არმიის სასტიკი სახე. ჩვენ ვნახეთ გაუაზრებლობა და ცივსისხლიანობა, რითაც მათ მოახდინეს ქალაქის ოკუპაცია“, - თქვა ფონ დერ ლაიენმა ბუჩაში. მან განაცხადა, რომ ევროკავშირი აკეთებს ყველაფერს, რათა მხარი დაუჭიროს უკრაინას და გადადგას აუცილებელი ნაბიჯები ქვეყნის ბლოკში გასაწევრიანებლად. „მთელი მსოფლიო გლოვობს ბუჩის მცხოვრებლებთან ერთად. ზუსტად ისინი იცავენ ევროპის საზღვრებს, კაცობრიობას, დემოკრატიას და ამიტომ ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ ამ მნიშვნელოვან ბრძოლაში“. ფონ დერ ლაიენი ბუჩაში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელთან და სლოვაკეთის პრემიერთან ერთად ჩავიდა. ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას