თეგი: ფრანკ ვალტერ-შტაინმაიერი
სალომე ზურაბიშვილი შტაინმაიერთან შეხვედრისას: იმედი გვაქვს, გერმანელი ინვესტორები, რომლებიც ახალ ენერგეტიკულ მარშრუტებს ეძებენ, კავკასიის შესაძლებლობებით დაინტერესდებიან
უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, საქართველო - გერმანიის 30 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები, გერმანიის სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში და რეგიონში არსებული მდგომარეობა, - პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ეს საკითხები განიხილეს დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა დღეს ბერლინში გამართულ შეხვედრებზე, რომელიც პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში გაიმართა. პრეზიდენტებმა განიხილეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში გერმანიის სრული მხარდაჭერის საკითხი. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა მიდგომები შეცვალა კანდიდატი ქვეყნებისადმი და ის უფრო პოლიტიკური გახდა. შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობა ერთიანია უკრაინის მხარდაჭერაში და სოლიდარობას უცხადებს მას. როგორც შეხვედრისას აღინიშნა, სიმბოლურია, რომ ბერლინის შეხვედრა საქართველო - გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის 30 წლისთავს ემთხვევა. საქართველო არ ივიწყებს იმ პერიოდში ესოდენ მნიშვნელოვან როლს, რომელიც გერმანიამ ითამაშა საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მხარდაჭერის მიმართულებით. ,,თუ ვინმეს შეიძლება, ეწოდოს ძველი მეგობარი - ეს გერმანიაა!“ - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ყველაფრის მიუხედავად, საქართველო განაგრძობს მის მიერ არჩეულ გზას! როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ ახალ გარემოში კავკასია სულ უფრო მეტ დატვირთვას იძენს და იმედი გვაქვს, რომ გერმანელი ინვესტორები, რომლებიც ახალ ენერგეტიკულ მარშრუტებს ეძებენ, კავკასიის შესაძლებლობებით დაინტერესდებიან. შეხვედრის დასასრულს საქართველოს პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოში მიიწვია. ცნობისთვის, გერმანიის ბუნდესტაგმა 28 აპრილს მიიღო რეზოლუცია, რომლითაც საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროპულ გზას მხარს უჭერს.