თეგი: ფსიქიკური პაციენტები
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ფსიქიკური პაციენტების საწოლების რაოდენობა „მინიმუმ გასაორმაგებელია“
ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით არსებული ფსიქიატრიული სერვისის მიმწოდებლების აღწერა დაიწყო. შედეგად, გაირკვა, რომ 1 500 საწოლფონდის ფონზე, მათი რაოდენობა სულ მცირე გასაორმაგებელია. მინისტრის განცხადებით, ბედიანში მყოფი ბენეფიციარები ახალ დაწესებულებაში გადანაწილდებიან. „ქვეყნდღეს, ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, 1 500 საწოლი გვაქვს, თუმცა ამ საწოლების რაოდენობა „მინიმუმ გასაორმაგებელია“. ბედიანში, სადაც მძიმე მდგომარეობა იყო, 3-4 თვეში გვექნება 4 მცირე ზომის ფსიქიატრიული დაწესებულება და ეს ბენეფიციარები უკვე იქ გადანაწილდებიან“, - განაცხადა აზარაშვილმა. მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს, კახეთში, ორი ფსიქიატრიული დაწესებულება აშენდება. „კახეთში ორი ფსიქიატრიული დაწესებულების პროექტი იყო ჩინელებთან ერთად. სამწუხაროდ, 2019-21 წლებში კოვიდთან დაკავშირებული პრობლემების გამო, მათთან აქტიური კომუნიკაცია არ იყო. მიმდინარე წელს ისევ განვაახლეთ კომუნიკაცია და ის პროექტი, რაც იყო მათთან ერთად შესრულდება და კახეთში ორი ფსიქიატრიული აშენდება“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.