თეგი: ფსიქიკური ჯანმრთელობა

ჯანმო: პანდემიის პირველ წელს დეპრესია და შფოთვა ადამიანებში 25%-ზე მეტით გაიზარდა

უახლესი ანგარიში მოუწოდებს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში გადაწყვეტილების მიმღებებს და აქტივისტებს, გაზარდონ თავიანთი ვალდებულება და გააძლიერონ ქმედებები, რათა შეცვალონ დამოკიდებულება, ქმედება და მიდგომა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან, მის განმსაზღვრელ ფაქტორებთან და ფსიქიატრიულ დახმარებასთან დაკავშირებით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ პირველი ყოვლისმომცველი მიმოხილვა გამოაქვეყნა მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ. ანგარიშში მოცემულია დეტალური გეგმა მთავრობების, აკადემიური სექტორისთვის, ჯანდაცვის პროფესიონალების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა აქტორებისათვის, თუ როგორ დაუჭირონ მხარი მსოფლიოს ფსიქიკური ჯანმრთელობის გარდაქმნას.  „2019 წელს, თითქმის ერთი მილიარდი ადამიანი - მათ შორის მსოფლიოს მოზარდების 14% - ცხოვრობდა ფსიქიკური დარღვევით. დღესდღეობით, ყოველი 100 სიკვდილიდან 1 სიკვდილი სუიციდია. თვითმკვლელობათა 58% ხდება 50 წლამდე. ფსიქიკური დარღვევები შეზღუდული შესაძლებლობის განვითარების მთავარი მიზეზია, რაც იწვევს ცხოვრების წლების ერთ მეექვსედის შეზღუდული შესაძლებლობით ცხოვრებას. ზოგად მოსახლეობასთან შედარებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის მძიმე დარღვევების მქონე ადამიანები, საშუალოდ 10-დან 20 წლით ნაკლებს ცხოვრობენ, რისი მიზეზიც ძირითადად პრევენცირებადი ფიზიკური დაავადებებია. ბავშვობაში გადატანილი სექსუალური ძალადობა და ბულინგი დეპრესიის ძირითადი მიზეზებია. სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციები, ომი და კლიმატის ცვლილება ფსიქიკური ჯანმრთელობის გლობალურ, სტრუქტურულ საფრთხეებს შორისაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მხოლოდ პანდემიის პირველ წელს დეპრესია და შფოთვა ადამიანებში 25%-ზე მეტით გაიზარდა. სტიგმა, დისკრიმინაცია და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევის მქონე ადამიანების მიმართ ფართოდ არის გავრცელებული ბევრ საზოგადოებასა და მათ ჯანდაცვის სისტემებში. მსოფლიოს მასშტაბით, 20 ქვეყანაში თვითმკვლელობის მცდელობა ჯერ კიდევ კრიმინალიზებულია. გლობალურად, საზოგადოების ყველაზე ღარიბი და დაუცველი ნაწილი ფსიქიკური დარღვევის განვითარების ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არის. ამასთანავე, ადამიანების ამ ჯგუფისთვის ადეკვატური მომსახურების მიღება კიდევ უფრო ნაკლებ სავარაუდოა. COVID-19 პანდემიამდეც ფსიქიკური დარღვევების მქონე ადამიანთა მხოლოდ მცირე ნაწილს ჰქონდა წვდომა ეფექტურ, ხელმისაწვდომ და ხარისხიან მომსახურებაზე. მაგალითად, მსოფლიოში ფსიქოზის დროს, ადამიანთა 71% არ აქვს მომსახურებაზე წვდომა. მაღალშემოსავლიან ქვეყნებში, შემთხვევათა 70%-ს აქვს წვდომა მკურნალობაზე, ხოლო დაბალშემოსავლიან ქვეყნებში - მხოლოდ 12%-ს. რაც შეეხება დეპრესიას, მომსახურების მოცვის ხარვეზები ყველა ქვეყანაში არსებობს: მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებშიც კი, დეპრესიის მქონე ადამიანების მხოლოდ მესამედი იღებს ფორმალურ დახმარებას. დეპრესიის მინიმალურად ადეკვატური მკურნალობის არსებობა შეფასებულია 23%-დან (მაღალშემოსავლიან ქვეყნებში) 3%-მდე (დაბალი და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში). უახლესი მტკიცებულებების საფუძველზე, სწორი პრაქტიკის გამოყენებით და ადამიანების ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ჯანმოს ანგარიში ცხადყოფს, თუ რატომ და სად არის ცვლილება საჭირო  ყველაზე მეტად  და რა არის მისი მიღწევის საუკეთესო გზები. ჯანმო მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, ერთად იმუშაონ ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის მინიჭებული ღირებულებისა და ვალდებულების გაღრმავების მიზნით, შეცვალონ გარემო, რომელიც გავლენას ახდენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და გააძლიერონ სისტემები, რომლებიც ზრუნავენ მასზე“, - აღნიშნულია ორგანიზაციის ანგარიშში.