თეგი: ფსიქოტროპული მედიკამენტები
ფსიქოტროპული მედიკამენტის ათასობით რეცეპტის უკანონოდ გაცემის გამო, სამ სამედიცინო დაწესებულებას და ექიმებს საქმიანობა აეკრძალათ
ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, შპს „ამბულატორიული კლინიკის“ თბილისისა და გორის ფილიალის, ასევე შპს „ჯანმრთელობა ყველასთვის 3“ შემოწმების შედეგად დაადგინა, რომ დაწესებულებები, ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტს, უკანონოდ ყოველგვარი სამედიცინო გამოკვლევების გარეშე გასცემდნენ. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებებში, მხოლოდ მიმდინარე წელს, სამედიცინო ჩვენების გარეშე ფსიქოტროპული მედიკამენტის 3 457 რეცეპტი გამოწერეს, რაც უპრეცედენტო რაოდენობაა და საქართველოში გამოწერილი რეცეპტების ჯამური ოდენობის, დაახლოებით, 50%-ს შეადგენს. „აღსანიშნავია, რომ დანიშნულების გაცემისას, არ არის გათვალისწინებული მედიკამენტური მკურნალობის, დოზირების და ხანგრძლივობის პრინციპები. კერძოდ, ექიმი ფსიქოტროპული მედიკამენტის გამოწერას გადაჭარბებული დოზით ახდენდა, რითაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებდა პაციენტის ჯანმრთელობას. დარღვეული იყო მკურნალობის ყველანაირი პროტოკოლი და გაიდლაინი. ათასობით პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლისა და ანალიზის შედეგად დგინდება, რომ კლინიკის დირექტორი და სამედიცინო პერსონალი არაკეთილსინდისიერად მოქმედებდნენ, ანგარების მოტივით გამოუსწორებელ ზიანს აყენებდნენ ათასობით პაციენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ხელს უწყობდნენ ქვეყანაში ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონოდ და უკონტროლოდ მიმოქცევას. აღსანიშნავია, რომ სამივე დაწესებულებას ერთი მესაკუთრე და საერთო სამედიცინო პერსონალი ჰყავს. აღნიშნული ამბულატორიების საქმიანობა კი მხოლოდ ფსიქოტროპული მედიკამენტის რეცეპტების უკანონოდ გამოწერით შემოიფარგლებოდა. აღნიშნული დაწესებულის 3 ექიმს, ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ, სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმა. მძიმე გარემოებების გათვალისწინებით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლომ სამივე დაწესებულებას, ხელმძღვანელსა და 3 ექიმს საქმიანობა აუკრძალა. საქმე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურას და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონოდ რეალიზაციის ფაქტები გამოვლინდა
საგამოძიებო სამსახურმა კანონდარღვევით მოქმედი აფთიაქი გამოავლინა, საიდანაც უკანონოდ ხდებოდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია. აღნიშნულ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარის რეგიონში, გამოვლინდა კანონდარღვევით მოქმედი აფთიაქი, საიდანაც რიგ შემთხვევაში, უნებართვოდ, ანდა შესაბამისი სანებართვო პირობების დარღვევით, რეცეპტის გარეშე, სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია ხდებოდა. „გამოძიებით დადგინდა, რომ აფთიაქის კანონდარღვევით საქმიანობის დაფარვის მიზნით, ობიექტი ფუნქციონირებდა სამი სხვადასხვა იურიდიული პირის სახელით, რომელთაც ფაქტობრივად ერთი და იგივე პირები მართავდნენ. გამოძიების პროცესში, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა სამი იურიდიული პირი, ხოლო, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ექვსი ფიზიკური პირის მიმართ, რომელთაგან ხუთი პირია დაკავებული. გამოძიებით დადგინდა, რომ აფთიაქის ხელმძღვანელებმა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად, ჯამში დაახლოებით 1 მილიონი ლარის ოდენობის უკანონო შემოსავალი მიიღეს, რომელსაც შემდგომ, სხვადასხვა პირის საბანკო ანგარიშებზე გადარიცხვის გზით, მისცეს კანონიერი სახე და მისი ლეგალიზაცია მოახდინეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი, ასევე, ბრალდებულების მფლობელობაში არსებული ორი ძვირადღირებული ავტომანქანა. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე და 194-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით ითვალისწინებს,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.