თეგი: ფქვილი
ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორი: უახლოესი ორი თვე პურზე ფასების ზრდის წინაპირობა არ არსებობს
უახლოესი ორი თვე პურზე ფასების ზრდის წინაპირობა არ არსებობს, – ამის შესახებ განცხადება ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ გააკეთა. „ხორბალი აუცილებლად შემოვა, ამის გარანტია არის. ფასებმა თუ მერყეობა დაიწყო, იგივე ხორბლის ფასიდან ან ლარის კურსიდან გამომდინარე, მაშინ ეს უკვე არის სახელმწიფოს პრეროგატივა. მათ ჩვენთან შეხვედრაზე განაცხადეს, რომ ამ მერყეობის შემთხვევაში, მზად არიან, გარკვეული სუბსიდირების მექანიზმით ჩაერიონ, რათა ეს არ იგრძნოს მოსახლეობამ პურის გაძვირებასთან მიმართებაში. ჩვენ მარაგები გვაქვს, რაც ძალიან გვიცავს. ეს არის უსაფრთხოების ბალიში“, – განაცხადა ლევან სილაგავამ.
„პურის მცხობელთა ასოციაციის" თავმჯდომარე: მაისამდე პურის ფასი არ შეიცვლება
მაისამდე პურპროდუქტებში თავის ტკივილი არ გვექნება. მაისამდე ქვეყანა არის უზრუნველყოფილი იმით, რომ პურზე ფასი არ შეიცვლება და მარაგიც არის, - ამის შესახებ საქართველოს „პურის მცხობელთა ასოციაციის" თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „თუ ერთი ტომარა ფქვილის ფასი დაახლოებით 70 ლარამდე იქნება, ამ შემთხვევაში პურის ფასს გაძვირება არ მოუწევს, მაგრამ თუ ამ ნიშნულს გადასცდა, შემდეგ ალბათ, სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა ჩაერთვება ან სხვა სიტუაცია იქნება. უფრო ადვილია სუბსიდირება ფქვილზე, ან ხორბალზე გაკეთდეს და არა პურზე, იმიტომ, რომ პურის დამამზადებელი ქვეყანაში საკმაოდ ბევრია, დაახლოებით 2400-ზე მეტი. ამიტომ პურის სუბსიდირება ძალიან რთული გასაკეთებელი იქნება და უფრო ადვილია, თუ ფქვილზე გაკეთდება“ - განაცხადა მალხაზ დოლიძემ. ასევე წაიკითხეთ: სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე: ქვეყანაში სასურსათო დეფიციტის ნიშნებიც კი არ შეინიშნება
ყაზახეთმა ფქვილისა და ხორბლის ექსპორტი შეზღუდა
ყაზახეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქვეყნიდან ფქვილისა და ხორბლის ექსპორტი შეიზღუდა. 2022 წლის 16 აპრილიდან ყაზახეთმა ხორბლისა და ფქვილის ექსპორტზე კვოტები აამოქმედა. ამ გადაწყვეტილების თანახმად, 2022 წლის 15 ივნისიდან ხორბლისა და ფქვილის ექპორტზე შემდეგი კვოტები იმოქმედებს: ხორბალსა და მესლინზე - 1 მლნ ტონა; ხორბლის ფქვილზე - 300 ათასი ტონა; ამასთან, ყაზახეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროში განაცხადეს, რომ ბრძანების ძალაში შესვლამდე საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად ექსპორტზე გაშვებული საქონელი ექვემდებარება დაუბრკოლებელ ექსპორტს ყაზახეთის ტერიტორიიდან. 19 მარტს გაეროს გენერალური მდივანმა, ანტონიუ გუტიერეშმა განაცახდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიო მასობრივი შიმშილისა და საკვები პროდუქციის კრიზისის საფრთხის წინაშეა. 31 მარტს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მზესუმზირის ზეთის ექსპორტი დროებით შეზღუდა. მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებით, წლის ბოლომდე ჭვავის, ქერის, წიწიბურის, ფეტვის, შაქრის, მარილისა და ხორცის ექსპორტი იკრძალება. 12 აპრილს ბელორუსის ხელისუფლებამ ქვეყნიდან წიწიბურას, შაქრის, მარილისა და მაკარონის გატანაზე შეზღუდვა დააწესა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილი ხორბლისა და ფქვილის მარაგზე: საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს
ქვეყანაში ფქვილის, ხორბლის საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს და სულ რაღაც ერთ თვეში, თვე-ნახევარში, ჩვენც საკუთარ ხორბალს უკვე ავიღებთ, მოსავალს ავიღებთ. შესაბამისად არავითარი აჟიოტაჟის საფუძველი არ იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრისგან, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ხორბალთან და ფქვილთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აჟიოტაჟი იყო ხელოვნურად გამოწვეული და ქვეყანას დღეს ამ მიმართულებით პრობლემა არ აქვს. „დარგის წარმომადგენლები ითხოვენ ფქვილზე გადასახადის შემოღებას, ხომ? - რაც, რა თქმა უნდა, გამოიწვევს პურის ფასის ზრდას. ეს ჩვენს ინტერესებში არ შედის, არც ჩვენი ხალხის, ჩვენი მოსახლეობის ინტერესებში შედის. აქედან გამომდინარე, ეს აჟიოტაჟი, მე ვფიქრობ, რომ იყო აბსოლუტურად ხელოვნურად გამოწვეული, არავითარი პრობლემა ჩვენს ქვეყანას დღეს არ აქვს. საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს ფქვილის, ხორბლის მარაგიც არსებობს ქვეყანაში და სულ რაღაც ერთ თვეში, თვე ნახევარში, ჩვენც საკუთარ ხორბალს ასე ვთქვათ უკვე ავიღებთ, მოსავალს ავიღებთ და შესაბამისად არავითარი აჟიოტაჟის საფუძველი არ იყო. გასაგებია, რომ გარკვეული მცირე ჯგუფის მიერ იყო ეს საკითხი პოლიტიზირებული და აჟიოტაჟი იყო შექმნილი ხელოვნურად,“-აღნიშნა პრემიერმა. ასევე წაიკითხეთ: სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოში ხორბლის მარაგის შემცირებას ადასტურებს
ყაზახეთი ხორბლისა და ფქვილის ექსპორტზე შეზღუდვას ახანგრძლივებს
ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან ხორბლისა და ფქვილის ექსპორტის შეზღუდვა 30 სექტემბრამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. ყაზახეთი შაქრის ექსპორტს ზღუდავს „ყაზახეთის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საგარეო ვაჭრობის პოლიტიკისა და საერთაშორისო ეკონომიკურ ორგანიზაციებში მონაწილეობის უწყებათაშორისმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება 30 სექტემბრამდე გაახანგრძლივოს შემაკავებელი ზომები ხორბლისა და ზეთისხილის მესამე ქვეყნებში და EAEU ქვეყნებში ექსპორტისთვის. დაშვებულია მესამე ქვეყნებში მხოლოდ 550 ათასი ტონა ფქვილისა და ხორბალ-ჭვავის 370 ათასი ტონის ოდენობით ექსპორტი“, - ნათქვამია განცხადებაში. ყაზახეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების კვოტირების მექანიზმის დასამტკიცებლად ზომებს იღებს. 15 ივნისამდე ყაზახეთიდან ხორბლის ექსპორტზე კვოტა 1 მილიონ ტონას შეადგენდა, ხოლო ფქვილზე 300 ათას ტონას. ყაზახეთის მარცვლეულის კავშირის ბოლო მონაცემებით, ხორბლის კვოტა 50%-ია, ფქვილის - 87%.
რატომ ვერ ამბობს უარს საქართველო, რუსეთიდან ხორბლისა და ფქვილის იმპორტზე
ერთი თვის წინ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ქვეყანაში ხორბლის მარაგები შემცირდა. რა ვითარებაა დარგში და რამდენად რეალურია რისკები სურსათის უსაფრთხოების კუთხით Europetime საკითხით დაინტერესდა. შალვა ფიფია: ხორბლის წარმოება უნდა გაიზარდოს, რადგან რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება სურსათის უსაფრთხოების რისკებს გაზრდის რა გავლენა ექნება მოსალოდნელ სასურსათო კრიზისს საქართველოზე საქსტატიდან გამოთხოვილი მონაცემების თანახმად ხორბლის წარმოების მონაცემები ბოლო ხუთი წელია მცირედით იზრდება, თუმცა ამ პროდუქტის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი ქვეყანაში ისევ დაბალია. ხორბლის წარმოება საქართველოში 2017-2021 წლები 2017 წელი - 97,9 ათასი ტონა; 2018 წელი - 107,1 ათასი ტონა; 2019 წელი - 100,6 ათასი ტონა; 2020 წელი - 102,4 ათასი ტონა; 2021 წელი - 139,9 ათასი ტონა; საქსტატის მონაცემებით, ხორბალი შემდეგ რეგიონებში მოდის: კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი და სხვა რეგიონები (აჭარა, იმერეთი მცხეთა-მთიანეთი). ციფრები ადასტურებს, რომ ამ მიმართულებით წამყვანია კახეთი, სადაც ხორბლის მოსავლის 80% მოდის, მეორეა ქვემო ქართლი, შემდეგ შიდა ქართლი და სამცხე-ჯავახეთი. საქართველოში ყველაზე მოთხოვნად სასურსათო პროდუქტებზე თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი - 2020 წელი (IFAD მონაცემები) ხორბალი 15%; სიმინდი 68%; კარტოფილი 92%; ბოსტნეული 63%; ყურძენი 145%; ხორცი 49%; რძე და რძის პროდუქტები 81%; კვერცხი 97%. Europetime- თან USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის CNFA ხელმძღვანელის მოადგილეს შალვა ფიფია ამბობს, რომ საქართველოსთვის 2022 წელს რუსეთი ხორბლისა და ფქვილის მთავარი იმპორტიორია, რაც სურსათის უსაფრთხოების კუთხით რისკების შეიცავს. „აქ მთავარი და მნიშვნელოვანი რისკი ისაა, რომ ჩვენ ხორბლისა და ახლა უკვე ფქვილის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებული რუსულ იმპორტზე. თვითკმარობის კოეფიციენტი ხორბალში საკმაოდ დაბალია და 2021 წელს 15%-ს შეადგენდა. ქვეყანაში ხორბლის მოხმარება წელიწადში 700 ათასი ტონის ფარგლებშია, ხოლო წარმოება 100-150 ათას ტონას შეადგენს. შესაბამისად დამოკიდებულება რუსულ იმპორტზე და ასევე ფქვილთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება, იდეაში გრძელვადიან და საშუალოვადიან პერიოდში შექმნის სურსათის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს“, - ამბობს ფიფია. ეს სურათი საქსტატიდან მიღებულ ციფრებშიც იკვეთება. ხორბლისა და მესლინის იმპორტი 2022 წელი: ავსტრია - 0,30 ათასი ტონა; გერმანია - 0,30 ათასი ტონა; ხორბლისა და მესლინის იმპორტი 2021 წელი: რუსეთი - 337 694.72 ათასი ტონა; აშშ- 24 355.52 ათასი ტონა; სომხეთი - 2 493.50 ათასი ტონა; ყაზახეთი - 2 000.01 ათასი ტონა; თურქეთი - 71.00 ათასი ტონა; ავსტრია - 44,37 ათასი ტონა; საბერძნეთი - 43.00 ათასი ტონა; სლოვაკეთი - 20.01 ათასი ტონა; უკრაინა - 20.00 ათასი ტონა; საფრანგეთი - 3,20 ათასი ტონა; სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2021 წელს რუსეთი საქართველოში ხორბლისა და მესლინის მთავარი იმპორტიორი იყო. 2022 წელს ბაზარზე რუსეთ-უკრაინის ომისა და ექსპორტზე საბაჟო გადასახადის ზრდის გამო, ქვეყანაში ხორბლის იმპორტი შეჩერდა. მცირე პარტიების იმპორტი გერმანია-ავსტრიიდან განხორციელდა. რა ვითარებაა საქართველოში ხორბლის მარაგების კუთხით, რას გეგმავს და აკეთებს სახელმწიფო, ხორბლით უზრუნველყოფის კოეფიციენტის გასაზრდელად, ამ და სხვა საკითხებზე Europetime სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილს ესაუბრა. ET: თვეზე მეტია, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ხორბლის მარაგები შემცირდა. რა ვითარებაა დღეს ამ კუთხით? ვიდრე რუსეთი ხორბალზე ექსპორტის გადასახადს შემოიღებდა, ფასიდან და ლოგისტიკიდან გამომდინარე ყველზე ეფექტური იყო და მიუხედავად ამისა დღესაც ეფექტურია რუსეთიდან ხორბლის შემოტანა. საქართველოს მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ამ პრობლემაზე მუშაობს და აკვირდება მოვლენების განვითარებას. რა თქმა უნდა სჯობს და სასურველია, რომ ქვეყანაში სასურსათო მარაგები იქმნებოდეს ხორბლის და არა ფქვილის სახით. თუმცა, საქართველოს მთავრობამ აირჩია პოლიტიკა, რომ მოსახლეობას ჰქონდეს იაფი პური, იმის ხარჯზე, რომ ქვეყანაში მაქსიმალურად იაფი ფქვილი შემოვიდეს. ET: ჩვენთან ინტერვიუში სოფლის მეურნეობის პროგრამის CNFA ხელმძღვანელის მოადგილეს შალვა ფიფიამ განაცხადა, რომ ხორბლისა და ფქვილის ერთ იმპორტიორზე დამოკიდებულება საქართველოსთვის სურსათის უსაფრთხოების კუთხით რისკებს შეიცავს. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას? რაც დღეს ხდება საქართველოს ხორბლის ბაზარზე, ეს რეალურად რუსეთის პოლიტიკის შედეგია. ხორბლის ექსპორტზე ამ ქვეყანამ შემოიღო გადასახადი. შედეგად იმპორტირებული ხორბლის შემთხვევაში, საქართველოში მნიშვნელოვნად ძვირი ფქვილი იწარმოება. შალვა ფიფიას ვეთანხმები, რომ მარაგები ყოველთვის სასურველია იყოს ხორბალში, რადგან რისკები ნაკლებია. მაგრამ დღეს, მსოფლიოში, ხორბლის ახალი მოსავლის პირობებში ყალიბდება ახალი ვითარება. სამწუხაროდ, მომავალი კვირიდან კიდევ უფრო იზრდება ექსპორტის გადასახადი რუსულ ხორბალზე და ტონაზე უკვე $146 მიაღწია უკვე. ხორბალზე მსოფლიო ფასების ასეთი ზრდა ისტორიას არ ახსოვს. რისკები გაამძაფრა ომმა, რომელიც რუსეთმა დაიწყო. ჩვენ სამეზობლოში ხორბლის მწარმოებელ ორ დიდ ქვეყანაში მიდის სრულმასშტაბიანი ომი, ამიტომ ბევრი გამოწვევაა ქვეყნის წინაშე. საქართველოს მთავრობა ცდილობს პრობლემებს თავისი პროგრამებით გაუმკლავდეს. ET: რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება იმისთვის, რომ ხორბლის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი გაიზარდოს და იმპორტზე დამოკიდებულება შემცირდეს? დღეს ჩვენ უკვე ვიმყოფებით მოსავლის აღების პირობებში, ამინდი გვიშლის ხელს, თორემ ხორბლისა და ქერის პირველი მოსავალი უკვე აღებული უნდა იყოს. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მიმდინარე წელს, თუ რამე კატაკლიზმები არ მოხდა, უკეთესი მოსავალი გვექნება. იგეგმება ახალი პროგრამების შეთავაზება ფერმერებისთვის, რომელიც საპილოტე იქნება, ერთის მხრივ, უნდა მოვსინჯოთ ახალი სერტიფიცირებული სათესლე მასალა. ვცადოთ ხორბლის წარმოების მასშტაბების გაზრდა და მეტი ინტერესი გავუჩინოთ ფერმერებს. ET: რა შედეგზე აპირებთ გასვლას? ბუნებრივია არსებობს შესაბამისი გათვლები. ხორბლის თვითკმარობის კოეფიციენტის ზრდა უნდა მოხდეს გრძელვადიან პერიოდში, ესაა 5-დან 10 წლამდე პერიოდი, ეს არ არის საკითხი, რომელიც ერთ წელიწადში გადაიჭრება. უნდა მოხდეს ნიადაგის შესაძლებლობების გაძლიერება, ახალი სათესლე მასალის შემოტანა, მეტი აგრონომიული ცოდნა და მეტი მექანიზაცია, უნდა დაიხვეწოს მოსავლის აღების ტექნიკა. ესაა კომპლექსური და მრავალ ათეულმილიონიანი პროგრამა. ჩვენ შესაძლებლად მიგვაჩნია, რომ ამ პროგრამების განხორციელების ფონზე, საქართველოს ექნება შესაძლებლობა, სასურსათო ხორბალზე საკუთარი მოხმარების 50%-60% (პარალელურად იზრდება საფურაჟე და სათესლე ხორბლის რაოდენობა) დაიკმაყოფილოს. ET: გეგმავს თუ არა ხელისუფლება ხორბლის მარაგების შევსებას და ბაზრის დივერსიფიცირებას? ხორბლის მარაგების შევსება დღეს ძალიან მარტივია. უბრალოდ იმპორტირებული ხორბლისგან წარმოებული ფქვილი იმდენად ძვირი იქნება, რომ მეწარმეს პურის მკვეთრად გაძვირება მოუწევს. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გარდამავალი პერიოდი გავიაროთ და ვნახოთ მსოფლიო ბაზარი როგორ ეკონომიკურ ვითარებას შემოგვთავაზებს. პური რომ ხელმისაწვდომი იყოს, ქვეყანაში იაფი ფქვილი უნდა შემოვიტანოთ. ეს მიდგომა წისქვილებისთვის არაა სარგებლის მომტანი, ამიტომ ამ ბიზნესს ხელს ვუწყობთ, რომ ისინი გახდნენ ფქვილის მსხვილი იმპორტიორები. ბუნებრივია ბაზრის დანარჩენ მოთამაშეებთან ერთად. წისქვილკომბინატები ახლაც მუშაობენ. ივლისში ქვეყანაში 5 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა. უბრალოდ ის მასშტაბები არ არის, რომ მარაგები შევქმნათ, როგორც ამას გასულ წლებში ვაკეთებდით. ბუნებრივია იწყება ადგილობრივი ხორბლის აღება, რომელიც მალე მიეწოდება ბაზარს. დღეს ბაზრის დივერსიფიცირება პრობლემა არ არის, უბრალოდ იქნება ბევრად უფრო ძვირი ხორბალი, ვიდრე შეიძლება რუსეთიდან შემოვიტანოთ. დღესაც სარკინიგზო და სახმელეთო გზით და მცირე რაოდენობით ზღვით ხორბალი რუსეთიდან იმპორტირდება. ყველაზე დიდი მოცულობა შემოდის ლარსის საბაჟოს გავლით.
ფქვილის იმპორტზე დროებითი გადასახადი დღეიდან ამოქმედდა
ფქვილის იმპორტოს გაფორმებისთვის გადასახადი დღეიდან ამოქმედდა. შესაბამისი ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში შევიდა. იმპორტიორს 200 კგ-ზე მეტი ოდენობის ხორბლის ფქვილის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმებისთვის ყოველ კილოგრამზე 20 თეთრის გადახდა მოუწევს, რაც ყოველ ერთ ტონაზე 200 ლარს უტოლდება. გაფორმების გადასახადი ძალაში პირველ ნოემბრამდე იქნება. ცნობისთვის, იმპორტირებულ ფქვილზე დროებითი გადასახადის შემოღების გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც ადგილობრივ მწარმოებლებს მარცვლეულის რეალიზაციის პრობლემა შეექმნათ და ხელისუფოებისგან მხარდაჭერას ითხოვდნენ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ფქვილის იმპორტზე საფასური გაიზრდება, დამატებითი საიმპორტო გადასახადი დაწესდება ქერსა და ქატოზეც
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფქვილის იმპორტზე დაწესებული დამატებითი გადასახადი 200 ლარიდან 250 ლარამდე გაიზრდება. მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ ნასარიძემ განაცხადა, რომ რამდენიმე თვის წინ დაწესებულმა დროებითმა საიმპორტო გადასახადმა ვითარება სამართლიანად დააბალანსა, თუმცა ბოლო პერიოდში ფქვილის იმპორტი კვლავ მზარდი ტენდენციით ხასიათდება, რის გამოც მთავრობამ დამატებითი საიმპორტო გადასახადის 50 ლარით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. „მოგეხსენებათ, გლობალურად, მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, ძალიან არასტანდარტული ვითარებაა შექმნილი ხორბლის ფასის ფორმირების, ზოგადად, ლოგისტიკის კუთხით და ამ მიმართულებით რამდენიმე თვის წინ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც ფქვილის იმპორტის ზრდასთან დაკავშირებული ანომალიური ვითარება დაბალანსდა სამართლიანად, კერძოდ, ფქვილის იმპორტზე დაწესდა 200-ლარიანი დამატებითი საფასური. თუმცა, ამ თვეების განმავლობაში გამოიკვეთა, რომ ბოლო პერიოდში კვლავ მზარდი ტენდენციით ხასიათდება ფქვილის იმპორტი. ეს ისევ და ისევ განპირობებულია ფასის არასტაბილური ფორმირებით, იმ ჭარბი მოსავლით, რაც არსებობს მსოფლიოში. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ტონაზე დამატებით 50 ლარი, ანუ, ჯამში, 250 ლარი დაწესდეს ფქვილის იმპორტის შემთხვევაში,“ – აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ. მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, დამატებითი საიმპორტო გადასახადი ასევე დაწესდება ქერსა და ქატოზე, ტონაზე 100 ლარის ოდენობით. „სამწუხაროდ, წლევანდელმა წელმა, სტიქიისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით, განაპირობა ის, რომ შედარებით მეტია ხარისხობრივად ისეთი ხორბალი, რომელიც უფრო მეტად გამოიყენება საფურაჟე დანიშნულებით. შესაბამისად, ამ კუთხითაც საჭიროა გარკვეული მექანიზმების შემუშავება. მთავრობამ დღეს მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქერზე ასევე დაწესდეს დამატებითი საფასური, 100 ლარი იმპორტის შემთხვევაში. ასევე, ქატოზე, რომელიც, ფაქტობრივად, ხორბლის გადამუშავების შედეგად, იმავენაირად მიღებული პროდუქტია, როგორც ფქვილი და ამ დრომდე მასზე არ ვრცელდებოდა არანაირი განსაკუთრებული რეგულირება. ქატოს შემთხვევაშიც 100 ლარი განისაზღვრება დამატებითი საიმპორტო საფასური, რომელიც, ვფიქრობთ, ძალიან დაეხმარება ხორბლის ადგილობრივ მწარმოებლებს მათ მიერ მოყვანილი ხორბლის რეალიზებაში იმ ფასად, რომ მოახერხონ საქმიანობის გაგრძელება და ქვეყნის ეკონომიკაში იმ წვლილის შემდგომშიც შეტანა, რაც აქამდე მზარდი ტენდენციებით ხასიათდებოდა,“ – განაცხადა თენგიზ ნასარიძემ. მინისტრის მოადგილის განმარტებით, როგორც წინა შემთხვევაში, ასევე ამ შემთხვევაშიც ფქვილის იმპორტის საფასურის ზრდასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება არ იმოქმედებს პურის ფასზე. „პურის გაძვირების არანაირი რისკი არ არსებობს. შესაბამისად, ეს კომპლექსური გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ადგილობრივი ხორბლის რეალიზებას“, – დასძინა თენგიზ ნასარიძემ. მისივე თქმით, ასევე გახანგრძლივდება დამატებითი გადასახადის მოქმედების ვადა. კერძოდ, ამ ეტაპზე რეგულაციის მოქმედების ვადა მომავალი წლის პირველ მარტამდე განისაზღვრა.