თეგი: ქალები
Reuters: თალიბანმა ავღანეთში, ავიაკომპანიებს განუცხადა, რომ ქალებს თანმხლები კაცის გარეშე მგზავრობა აღარ შეეძლებათ
თალიბანმა ავღანეთში, ავიაკომპანიებს განუცხადა, რომ ქალებს თანმხლები კაცის გარეშე მგზავრობა აღარ შეეძლებათ, - ინფორმაციას Reuters-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც სააგენტო წერს, ზნეობის გავრცელებისა და მანკიერების პრევენციის სამინისტრომ ავიაკომპანიებს, ახალი შეზღუდვების შესახებ, წერილი შაბათს გაუგზავნა.
ავღანეთში, თალიბანმა ქალებს ბურკის ტარება უბრძანა
ავღანეთში, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „თალიბანი“ ქალებზე კონტროლს ამკაცრებს. ბრძანება, რომელიც 7 მაისს, ქაბულში გამოცხადდა, ქალებს მოუწოდებს გამოაჩინონ მარტო თვალები, და შეიმოსონ სხეულის თავიდან ფეხამდე დამფარავი ბურკით. თუ ქალი სახის დაუფარავად პირველად გამოჩნდება ქუჩაში „თალიბანის“ წარმომადგენლები მის სახლში მივლენ და ქალის ქმარს, მამას ან ძმას გაესაუბრებიან. მეორეჯერ კაცს, რომელიც პასუხისმგებელია ქალის ქცევაზე, სამინისტროში დაიბარებენ, მესამედ განმეორების შემთხვევაში კი მეურვე კაცი სასამართლოს წინაშე წარდგება და ციხეში 3 დღეს გაატარებს. „აუცილებელია კანონის დამრღვევების იდენტიფიცირება და მათი მეურვეების ან ოჯახის უფროსების ინფორმირება, თავად ქალები კი უნდა დაისაჯონ. წესების გამეორებით დარღვევის შემთხვევაში მეურვეები ქალს ახსნა-განმარტებებს მისცემენ. მეურვეებს კი გააფრთხილებს შესაბამისი უწყება. მესამე დარღვევისთვის მეურვე კაცს 3 დღით დააკავებენ, მეოთხე დარღვევის შემთხვევეაში კი კანონის მთელი სიმკაცრით გაასამართლებენ“, - განაცხადა კეთილშობილების პროპაგანდისა და მანკიერების პრევენციის სამინისტროს პრესმდივანმა. ბოლო 20 წლის განმავლობაში, ავღანეთში, მნიშვნელოვანი პროგრესი იყო მიღწეული ქალთა უფლებების საკითხში. ავღანელებს შეეძლოთ სწავლა და მუშაობა ნებისმიერ სფეროში, მაგრამ ფუნდამენტალისტების ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ მათ ეს შესაძლებლობა დაკარგეს და მათი პროტესტის მცდელობა თალიბანმა სასტიკად ჩაახშო. ცნობისთვის, 2021 წლის 15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ქვეყნიდან გაიქცა. „თალიბანი“ ავღანეთს პრაქტიკულად სრულად აკონტროლებს. 30 აგვისტოს აშშ-მა ავღანეთიდან ჯარების გაყვანის დასრულება გამოაცხადა. ასევე წაიკითხეთ ავღანეთის სკოლებში სწავლა მხოლოდ ბიჭებსითვის და კაცი მასწავლებლებისთვის განახლდა
ესპანეთში ქალებს მენსტრუალური შვებულების უფლება ექნებათ
ესპანეთში, ქალებს, რომელთაც სამსახური აქვთ და მენსტრუაციის დროს, ტკივილით იტანჯებიან, ყოველთვიურად სამდღიან შვებულებას შესთავაზებენ, - ამის შესახებ Daily Mail-ი წერს. როგორც ცნობილია, რეფორმის მიღების შემდეგ ესპანეთი გახდება პირველი დასავლური ქვეყანა, რომელიც შესთავაზებს დასაქმებულებს მენსტრუალური შვებულების უფლებას. „თუ ვინმეს აქვს დაავადება ასეთი სიმპტომებით, მას ენიჭება დროებითი ქმედუუნარობის სტატუსი, ასე რომ, იგივე უნდა მოხდეს მენსტრუაციასთან დაკავშირებით – ძალიან მტკივნეული მენსტრუაციის მქონე ქალს სახლში დარჩენის უფლება უნდა მიეცეს,“ – განაცხადა ბარსელონას ყოველდღიურ გაზეთ El Periodico-სთან საუბრისას თანასწორობის საკითხებში ესპანეთის სახელმწიფო მდივანმა ანგელა როდრიგესმა. ცნობისთვის, მსოფლიოში არაერთი ქვეყანაა, სადაც უკვე მოქმედებს იგივე რეგულაცია. მაგალითად, ამ ქვეყნებს შორისაა იაპონია, სამხრეთ კორეა, ინდონეზია და ზამბია.
სალომე ზურაბიშვილი: სამარცხვინოა, როდესაც დღეს საქართველოში ქალთა სასტიკი მკვლელობები კიდევ ხდება
სამარცხვინოა, როდესაც დღეს საქართველოში კიდევ ხდება ქალთა სასტიკი მკვლელობები ბავშვების თვალწინ. ვიცი, რომ ამას თქვენც არ მოითმენთ, თქვენთვისაც ეს არის დიდი გამოწვევა– ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამართალდამცველებს პოლიციის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე. მისივე თქმით, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ოჯახური ძალადობა ჩაბარდეს წარსულს. „მინდა, ერთი საკითხი ვახსენო, მართალია, ზოგიერთებს არ უყვართ სიტყვა სამარცხვინოა, მაგრამ ჩემთვის და ვიცი, რომ თქვენთვისაც, სამარცხვინო არის დღეს, რომ საქართველოში კიდევ ხდება ქალთა სასტიკი მკვლელობა, ბავშვების თვალწინ. ვიცი, რომ ამას თქვენც არ მოითმენთ, თქვენთვისაც ეს არის დიდი გამოწვევა და ვიცი, რომ ამ კუთხით ბევრი რამ გაკეთდა, უკვე ბევრად უფრო დაცულად გრძნობენ თავს ქალები, როცა მიდიან პოლიციასთან და იციან, რომ ამას მოჰყვება შემაკავებელი ორდენი. ეს უკვე აღარ არის გამონაკლისი, მაგრამ ისიც ვიცით, თქვენც, მეც და ყველამ, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი ამ მიმართულებით, რათა ეს საქართველოში აღარ მოხდეს, ეს აღარ უნდა დავუშვათ და ეს არის ჩვენი ერთობლივი მიმართულება, რომ ამისკენ ყველა ნაბიჯი გადავდგათ, ეს იქნება მთავრობა, პარლამენტი, თუ თქვენი შიდა გადაწყვეტილებები, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, მივაღწიოთ იმას, რომ ოჯახური ძალადობა ჩაბარდეს წარსულს და მაშინ ვიქნებით ნამდვილად თანამედროვე, ცივილიზებული, დემოკრატიული ქვეყანა და ეს იქნება თქვენი დამსახურება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
თეა წულუკიანი: ქალებმა, განსაკუთრებით დედებმა, ვისაც მკვლელობით ემუქრებიან, უნდა გადადგან შესაბამისი ნაბიჯები
ქალებმა, განსაკუთრებით დედებმა, ვისაც მკვლელობით ემუქრებიან, უნდა გადადგან შესაბამისი ნაბიჯები, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ქეთა გაბიანის წინააღმდეგ საქმეზე საუბრისას განაცხადა, სადაც მას დაზარალებულის სტატუსი აქვს. როგორც ცნობილია, წულუკიანი საქალაქო სასამართლოში დღეს მოწმის სტატუსის დაიკითხა. „ქალებმა, განსაკუთრებით დედებმა, ვისაც მკვლელობით ემუქრებიან, უნდა გადადგან შესაბამისი ნაბიჯები იმისთვის, რომ ყოველდღიური სამსახურებრივი საქმიანობის შესრულებისას თავი დაცულად იგრძნონ. თორემ, ჩვენ არც ლანძღვა გვიკვირს, არც დაკნინება, ვერბალური თავდასხმები. ამას შევეგუეთ. ეს დემოკრატიის ნაწილად ითვლება, მაგრამ სიცოცხლის მოსპობის მუქარას არავინ უნდა შევეგუოთ", - განაცხადა წულუკიანმა. ცნობისთვის, თეა წულუკიანის განცხადებით, ქეთა გაბიანიამ მისი წინააღმდეგ სოციალურ ქსელში მუქარისა და შეურაცხმყოფელი შინაარსის შემცველი განცხადება გაავრცელა. ამასთან, გამოძიება აღნიშნულ საქმეზე მუქარის მუხლით მიმდინარეობს.
ალექსანდრე დარახველიძე: ყველა სამართალდამცავი უწყება, უკომპრომისო ბრძოლას ახორციელებს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ
შინაგან საქმეთა სამინისტრო და ყველა სამართალდამცავი უწყება უკომპრომისო ბრძოლას ახორციელებს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. შსს: მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან, ოჯახში ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით 5 827 შემაკავებელი ორდერი გაიცა „ყველა სამართალდამცველი უწყება უკომპრომისო ბრძოლას ახორციელებს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ. სისხლის სამართლის პოლიტიკა არის უმკაცრესი იმ პირების მიმართ, ვინც მსგავსი ტიპის დანაშაულს სჩადის, თუმცა იმისათვის რომ, ბრძოლა იყოს ეფექტური აუცილებელია, რომ თითოეული უწყება, ვის კომპეტენციაშიც შედის ამ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა იყოს სათანადოდ მოტივირებული და იღებდეს ეფექტურ ღონისძიებებს, ამ დანაშაულთან მიმართებაში. მნიშვნელოვანია ასევე, საზოგადოების ჩართულობა, ის რომ დროულად მოხდეს პოლიციის ინფორმირება, იმისთვის, რომ ჩვენ ჩანასახშივე ვებრძოლოთ ამ დანაშაულს.“ - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
საქართველოს მთავრობა: ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დაძლევის აუცილებელი წინაპირობაა საზოგადოების ცნობიერების გაზრდაა
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დაძლევის აუცილებელი წინაპირობაა საზოგადოების ცნობიერების, მგრძნობელობისა და თანამშრომლობის ჩარჩოების გაზრდა, - საქართველოს მთავრობა უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას, რომელიც ყოველწლიურად 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით იმართება. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით კოორდინირებული და კომპლექსური მიდგომით მუშაობას. „მთავრობის დადგენილებით, მიმდინარე წელს დამტკიცდა 2022-2030 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია, რომელიც ქმნის ერთიან ჩარჩოს ქვეყანაში ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა ეროვნული სისტემისა და ინსტიტუციური დემოკრატიის გასაძლიერებლად. ეროვნული სტრატეგია, სხვა მნიშვნელოვან პრიორიტეტულ მიმართულებებთან ერთად, მოიცავს გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების განმტკიცების საკითხებს და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პრინციპებს. გარდა ამისა, მიმდინარე წელს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა საქმიანობის და შედეგზე ორიენტირებული ღონისძიებების ეფექტიანად გატარების მიზნით, მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინაციით, შემუშავდა და მთავრობის მიერ დამტკიცდა ცალკე მდგომი „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების“ და „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა“ 2022-2024 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმები. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დაძლევის აუცილებელი წინაპირობაა საზოგადოების ცნობიერების, მგრძნობელობისა და თანამშრომლობის ჩარჩოების გაზრდა. სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობა, პარტნიორებთან ერთად, ყოველწლიურად უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება.
დანია ქალების სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას გეგმავს
დანიის ხელისუფლება სამხედრო სავალდებულო სამსახურში ქალების გაწვევას გეგმავს. ამის შესახებ Bloomberg-ი დანიის თავდაცვის მინისტრისა და ვიცე-პრემიერის იაკობ ელემან-იენსენის კომენტარზე დაყრდნობით წერს. მინისტრის თქმით, ინიციატივა დაკავშირებულია ქვეყნის სურვილთან, „მნიშვნელოვნად გაზარდოს შეიარაღებული ძალები“ და მისი მოთხოვნები NATO-ში გაწევრიანების ფარგლებში შეასრულოს. ამჟამად დანიაში, ჯარში ქალების გაწვევა ნებაყოფლობით შეუძლიათ, განსხვავებით კაცებისგან, რომლებისთვისაც გაწვევა 18 წლიდან სავალდებულოა. დანიის არმიაში მსახურობის ვადა ოთხი თვეა.
ჩვენ ისეთი რეფორმები გავატარეთ, კანონით დღეს ქალი კბილებამდე შეიარაღებულია - წულუკიანი
ვინც არ უნდა იყოს, გვარად სამხარაძე თუ ქიბროწაშვილი, ჩვენ ისეთი რეფორმები გავატარეთ, რომ კანონით დღეს ქალი ქვეყანაში კბილებამდე შეიარაღებულია, რათა თავისი უფლებები დაიცვას, – ასე უპასუხა საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას. სახალხო დამცველი: თანადგომას ვუცხადებ ძალადობის სავარაუდო მსხვერპლებს, გამოვთქვამ მზადყოფნას, შევისწავლოთ მათი ინდივიდუალური საქმეები „არ ვიცნობ ამ ქალბატონს (ჟურნალისტი თათია სამხარაძე, რედ.) მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის და რას წარმოადგენს. სწორედ აღნიშნეთ და სავსებით სამართლიანად, რომ მე ვარ ის ქალი მინისტრი, ვინც 2014 წლის 19 ივნისს სტრასბურგში გენმდივან ტორბიორნ იაგლანდთან ერთად ხელი მოვაწერე ისეთ ფუძემდებლურ დოკუმენტს ქალთა უფლებების დაცვის სფეროში, რომელსაც ჰქვია სტამბოლის კონვენცია, შემდეგ, იუსტიციის მინისტრობისას ფუნდამენტურ რეფორმას ჩავუდექი სათავეში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ რატიფიკაცია გააკეთა ქალთა უფლებებისთვის, გოგონებისა და ქალთა უფლებებისთვის, ამ კონვენციის რატიფიცირება პარლამენტში მოხდა. შესაბამისად, მე არ შეიძლება, მქონდეს განსხვავებული პოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცნობ სიტუაციას, გარდა იმისა, რომ ქალის უფლებები უნდა იყოს დაცული. ვინც არ უნდა იყოს ის, გვარად სამხარაძე თუ ქიბროწაშვილი, ჩვენ ისეთი რეფორმები გავატარეთ, რომ კანონით დღეს ქალი ჩვენს ქვეყანაში არის ბოლომდე კი არა, კბილებამდე შეიარაღებული, რათა თავისი უფლებები დაიცვას. იმედი მაქვს, თუკი მისი უფლებები დაირღვა, ის ამას შეძლებს“, – აღნიშნა წულუკიანმა. თათია სამხარაძე ტელეკომპანია „POSTV“-ის დამფუძნებელსა და დირექტორს შალვა რამიშვილს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. ანალოგიური ბრალდებები მის წინააღმდეგ გასულ კვირას სხვა ქალებმაც გააჟღერეს. თავად რამიშვილი ტელეკომპანიის დისკრედიტაციის მცდელობაზე საუბრობს. სახალხო დამცველმა „თანადგომა გამოუცხადა ძალადობის სავარაუდო მსხვერპლებს და, როგორც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმი, გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, მათი სურვილისა და მომართვის შემთხვევაში, ინსტიტუტის მანდატის ფარგლებში შეისწავლოს მათი ინდივიდუალური საქმეები“. სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, „ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საზოგადოების და პოლიტიკოსების ნაწილი აგრესიას სავარაუდო მსხვერპლებისადმი მიმართავს - მათ მონათხრობს უაპელაციოდ ეჭვქვეშ აყენებენ, მიუთითებენ, რომ მათ სექსუალურ შევიწროებაზე საუბარი მხოლოდ წლების შემდეგ დაიწყეს, რისი მიზანიც სავარაუდო შემავიწროებლის რეპუტაციის შელახვაა, სავარაუდო შემავიწროებელს კი მხარდაჭერას უცხადებენ“.