თეგი: ქალთა კონფერენცია

პრეზიდენტის ინიციატივით, თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო ცენტრში თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენცია „ლიდერები კონფლიქტების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ“ იმართება. ამ ტიპის კონფერენცია პირველად ტარდება რეგიონში და აერთიანებს სხვადასხვა სფეროს ქალებს – პოლიტიკის, დიპლომატიის, სამოქალაქო საზოგადოების, კულტურის, ბიზნესის, მედიის, სპორტის, ქველმოქმედების და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, ასევე ქალებს, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოცადეს კონფლიქტების ტრაგედია. თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენცია (TWIC) საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაა, რომელიც აცხადებს, რომ აუცილებელია ქალების უფრო მეტი ჩართულობა კონფლიქტების მოგვარების საქმეში, როგორც სახელმწიფოებს შორის, ასევე საზოგადოებებში. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ ინიციატივის განსახორციელებლად მჭიდროდ თანამშრომლობდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეასთან და საქართველოში გაერო-ს ოფისთან. კონფერენცია საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა. კონფერენციაზე ასევე მონაწილეობენ: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მარგარეტა სედერფელდი, პოლონეთის სეიმის მარშალის მოადგილე მალგოჟატა გოშიევსკა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში კარენ დონფრიდი. კონფერენციის მონაწილეებს საშუალება ექნებათ ასევე, მოისმინონ: საბერძნეთის პრეზიდენტის კატერინა საკელაროპულუს, ეუთოს გენერალური მდივნის ჰელგა მარია შმიდის და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილის, ამინა ჯ. მუჰამედის ვიდეომიმართვები. მთელი დღის განმავლობაში, კონფერენციის რამდენიმე პანელზე განიხილავენ კონფლიქტებში მყოფი ქალებისთვის ყველაზე აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა: პირადი გამოცდილებები, ქალი კორესპონდენტების თვალით დანახულ კონფლიქტები, ლტოლვილთა კრიზისში მყოფი ქალები, გენდერულ ძალადობა და პოლარიზაცია, პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქცია და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა. კონფერენცია ტარდება გლობალური გამოწვევების უმნიშვნელოვანეს პერიოდში და აჟღერებს უკრაინელი ქალებისადმი სოლიდარობის გზავნილს. კონფერენციაზე ასევე გამახვილდება ყურადღება სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის საქმეში ქალების, როგორც დიალოგის ხიდის შემქმნელთა, როლზე. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციის მიზანია შექმნას ახალი დისკუსიის სივრცე, სადაც პირდაპირი დიალოგის ერთიანი სივრცით, (სპიკერებისა და აუდიტორიის ტრადიციული დაყოფის გარეშე) ყველა მონაწილეს შეეძლება დაესწროს ყველა სესიას. კონფერენცია საშუალებას მისცემს სხვადასხვა წარმომავლობისა და გამოცდილების ქალებს გაუზიარონ ერთმანეთს თავიანთი ცოდნა – გამოცდილება და გამოხატონ საკუთარი ხედვები.