თეგი: ქალთა ორგანიზაცია
„ქართულმა ოცნებამ“ ქალთა ორგანიზაცია დააფუძნა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის ქალთა ორგანიზაცია ფუძნდება, მისი მიზანი კი, პარტიულ-პოლიტიკურ პროცესებში ქალების როლისა და ჩართულობის მაქსიმალური გააქტიურების უზრუნველსაყოფაა. „ქალები მაღალ თანამდებობებზე ბევრად უფრო ფართო წარმომადგენლობას იმსახურებენ. ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება ხელს შეუწყობს ჩვენი გუნდის ქალი წევრების კარიერულ ზრდას და მათ გაუხსნის გზას მეტი წარმატებისკენ როგორც პარტიულ სტრუქტურებში, ისე საჯარო სამსახურში. ქალთა ორგანიზაცია უზრუნველყოფს ჩვენი პარტიის ქალი წევრების პროფესიულ განვითარებას, ხელს შეუწყობს უფრო მჭიდრო თანამშრომლობასა და კომუნიკაციას სხვადასხვა ქალაქისა და რეგიონის წარმომადგენელ ქალ პარტიის წევრებს შორის. ქალთა ორგანიზაციის დასაფუძნებლად, მომავალი კვირის ბოლომდე გაიმართება საორგანიზაციო შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში. უახლოეს მომავალში გაიმართება „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელი ეროვნული კონფერენცია, რომელიც აირჩევს ორგანიზაციის გამგეობას და საქალაქო და რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი ღარიბაშვილი: ქართველები სამართლიანად ვამაყობთ ქალების განსაკუთრებული როლით ჩვენს ისტორიასა და დღევანდელობაში, იმ წვლილით, რაც მათ მიუძღვით
სასურველი ვითარების მისაღწევად ჯერაც ბევრი შრომაა საჭირო, ქალთა უფლებების, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი მონაწილეობის საკითხები ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ გადაწყვეტილი და დარეგულირებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ქართველები სამართლიანად ვამაყობთ ქალების უნიკალური, მე ვიტყოდი სრულიად განსაკუთრებული როლით ჩვენს ისტორიასა და დღევანდელობაში, იმ წვლილით, რაც მათ მიუძღვით კულტურის, მეცნიერების, განათლების სპორტის, პოლიტიკური ცხოვრებისა და ზოგადად სახელმწიფოებრიობის განვითარებაში. წმინდა ნინო, ჩვენი განმანათლებელი და დედოფალი ნანა, მეფე თამარი და ქეთევან წამებული, ბარბარე ჯორჯაძე თუ მარო მაყაშვილი, ნონა გაფრინდაშვილი თუ ელისო ვირსალაძე, თუ მრავალი სხვა ძლიერი, დამოუკიდებელი, განათლებული, შემოქმედი, მებრძოლი ქალის სახელი ნებისმიერი ქვეყნის ისტორიას დაამშვენებდა. ამიტომ, ჩვენ სამართლიანად ვამაყობთ იმითაც, რომ თამარის ეპოქა, შემდეგ საქართველოს პირველი რესპუბლიკა იყო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი, რომელმაც, ბევრ თანამედროვე დასავლურ სახელმწიფოზე ადრე, პოლიტიკური, სამოქალაქო, ეკონომიკური და საოჯახო უფლებების კუთხით სქესთა თანასწორობა დაადგინა და ქალებს საარჩევნო ხმის უფლება მიანიჭა. რა თქმა უნდა, ეს სახელები და ფაქტები, ქალის როლისადმი ჩვენი ტრადიციული დამოკიდებულება არ ნიშნავს, რომ დავივიწყოთ: სასურველი ვითარების მისაღწევად ჯერაც ბევრი შრომაა საჭირო. ქალთა უფლებების, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი მონაწილეობის საკითხები ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ გადაწყვეტილი, დარეგულირებული არც ჩვენს ქვეყანაში და არც მთელ მსოფლიოში, ყველაზე განვითარებული დემოკრატიების ჩათვლით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.