თეგი: ქართველი სამხედროები

ქართველმა სამხედროებმა, მკლავჭიდის საერთაშორისო ასპარეზობაში გამარჯვება მოიპოვეს

ქართველმა სამხედროებმა, მკლავჭიდის საერთაშორისო ასპარეზობაში გამარჯვება მოიპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. "ლევან ბერძენიშვილი მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ხოლო ლუკა მგელაძემ საპრიზო მესამე ადგილი მოიპოვა. ლევან ბერძენიშვილმა 95 კილოგრამიან კატეგორიაში მარჯვენა მკლავით, ხოლო ლუკა მგელაძემ 86 კილოგრამიან კატეგორიაში მარცხენა მკლავით გაიმარჯვა. სპორტული შეჯიბრება საფრანგეთში, ქალაქ დიეპში გაიმართა. მასში მსოფლიოს 29 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ქართველმა სამხედროებმა საერთაშორისო სწავლებაში, ვერცხლის მედლები მოიპოვეს

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა დიდ ბრიტანეთში გამართულ სამხედრო სწავლებაში Cambrian Patrol 2022 წარმატებით იასპარეზეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ქართველი სამხედროები უელსიდან ვერცხლის მედლებით დაბრუნდნენ საქართველოში. „საქართველოს თავდაცვის ძალებიდან სწავლებაში J-2 დაზვერვის დეპარტამენტისა და სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ქართველმა ჯარისკაცებმა 48 საათის განმავლობაში 70-კილომეტრიანი დისტანცია დაფარეს და აღნიშნულ მარშრუტზე 10 სადაზვერვო დავალება წარმატებით შეასრულეს. სადაზვერვო დავალებები დანაღმული ველის ამოცნობისა და გასასვლელების მოწყობას, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას, მოწინააღმდეგის ტექნიკის ამოცნობას, საარტილერიო ცეცხლის კორექტირებასა და მოწინააღმდეგის გამაგრებულ პოზიციაზე იერიშის მიტანას გულისხმობდა. შეჯიბრი ჩრდილოეთ უელსში, მთიან რელიეფზე, 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 30 ქვეყნის გუნდი მონაწილეობდა. ბრიტანეთის არმიის ორგანიზებით სწავლება Cambrian Patrol 1959 წლიდან რეგულარუდად ტარდება. მის მიზანს სადაზვერვო რაზმების ოპერატიული შესაძლებლობების გაზრდა წარმოადგენს. სამხედრო სწავლება Cambrian Patrol ცნობილია, როგორც არმიის გამძლეობის შესამოწმებელი ურთულესი გამოცდა. ყოველწლიურ წვრთნებს უელსის 160-ე ქვეითი ბრიგადა ხელმძღვანელობს. საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფმა Cambrian Patrol-ში უკვე მეშვიდედ მიიღო მონაწილეობა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ქართველმა სამხედროებმა აშშ-ში, „საჰაერო ძალების თამაშებზე“ ოქროს მედალი მოიპოვეს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდი აშშ-ში, „საჰაერო ძალების თამაშებზე“ წარმატებით ასპარეზობს. თავდაცვის უწყების ცნობით, მჯდომარე ფრენბურთის ფინალურ თამაშში საქართველოს ნაკრები აშშ-ის საჰაერო ძალების გუნდს დაუპირისპირდა და ოქროს მედალი მოიპოვა. საქართველოს გუნდის ანგარიშზეა ბრინჯაოს მედალიც. ძალოსნობაში, 73 კგ წონით კატეგორიაში, დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურემ, უმცროსმა სერჟანტმა იაგო კაკულიამ მესამე ადგილი დაიკავა. თავდაცის სამინისტროს გუნდი „საჰაერო ძალების თამაშებზე“ ასპარეზობას განაგრძობს და მონაწილეობას მიიღებს პარაკალათბურთის, მშვილდოსნობის, სროლისა და მძლეოსნობის შეჯიბრებებში. ტურნირისთვის დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა 13- კაციანმა ნაკრებმა ინტენსიური მომზადება გაიარა. „საჰაერო ძალების თამაშებში“ ქართველი სამხედროები წელს პირველად ასპარეზობენ. ლას-ვეგასის საჰაერო ბაზაზე საერთაშორისო საჰაერო თამაშები 3 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მიზანი დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა, ასევე მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენებაა.