თეგი: ქართული მედია

დუმა: საქართველო რუსული მედიის დისკრიმინაციით ლიდერ ქვეყნებს შორისაა

ლატვია, უკრაინა და საფრანგეთი ლიდერები გახდნენ რუსული მედიის მიმართ დისკრიმინაციული ქმედებების რაოდენობის მიხედვით. რუსული მედიის დისკრიმინაციის საპასუხოდ სარკისებური ზომების შესახებ კანონპროექტი იქნება პასუხი ადგილობრივი ჟურნალისტების მიმართ მტრულ ქმედებებზე,- აცხადებს ვასილი პისკარევი, რუსეთის საშინაო საქმეებში საგარეო ჩარევის ფაქტების გამოძიების სახელმწიფო სათათბიროს კომისიის ხელმძღვანელი. მისი თქმით, ბოლო ხუთი წლის ანალიზმა აჩვენა, რომ რუსულ მედიასთან მიმართებით, ლატვია, საფრანგეთი, მოლდოვა, პოლონეთი, ლიტუვა, უკრაინა, აშშ, დიდი ბრიტანეთი, საქართველო, გერმანია, კანადა, ესტონეთი, რუმინეთი ყველაზე აგრესიულად იქცევიან. ამასთან, ლატვია, უკრაინა და საფრანგეთი ლიდერები გახდნენ „რუსული მედიის მიმართ დისკრიმინაციული ქმედებების“ რაოდენობის მიხედვით. „მოგონილი საბაბით ბრალი წაუყენეს პორტალ RIA Novosti-Ukraine-ს მთავარ რედაქტორს კირილ ვიშინსკის და Sputnik Media-ს საინფორმაციო პორტალის ხელმძღვანელს, ელენა ჩერიშევას,“- იხსენებს ვასილი პისკარევი. მან აღნიშნა, რომ „დასავლეთი, სიმართლის სიტყვის შიშით, დღეს არა მხოლოდ კრძალავს ჩვენს მედიას მათ ქვეყნებში, არამედ აწესებს საკუთარ ცენზურას ჩვენს საინფორმაციო სივრცეში, ბლოკავს რუსეთის მოქალაქეებს რუსულ მედიაზე წვდომას სოციალურ ქსელებში და YouTube ვიდეო სერვისზე“, - აცხადებს პისკარევი. 

კელი დეგნანი: შეერთებული შტატები კატეგორიულად გმობს ჟურნალისტებზე ძალადობასა და მათ შევიწროებას

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საქართველოში მედიაზე ძალადობას გმობს.   „დღეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრებს ვუმასპინძლე, რათა საქართველოში მედიაგარემოს შესახებ მათი აზრი მომესმინა. ჩვენ განვიხილეთ მედიაგარემოს საგანგაშო გაუარესება და ჟურნალისტების შევიწროების, დევნისა და მათზე ფიზიკური თავდასხმის შემთხვევების შემაშფოთებელი ზრდა. დემოკრატიებს თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია უნდა ჰქონდეს.     პოლიტიკური სპექტრის მასშტაბით, მედია უნდა იყოს თავისუფალი, რათა საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს და ძირითადი მოვლენები ასახოს. პასუხისმგებელი, ეთიკური მედია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ძალაუფლების მქონე პირთა ანგარიშვალდებულებისთვის. აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს ქარტიის ძალისხმევას, დაეხმაროს ჟურნალისტებს საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი მოვლენები და საკითხები გააშუქონ სამართლიანად, დაბალანსებულად და ეთიკურად.   შეერთებული შტატები კატეგორიულად გმობს ჟურნალისტებზე ძალადობასა და მათ შევიწროებას. პასუხი უნდა აგონ მათ, ვინც ჟურნალისტებს ემუქრება და თავს ესხმის. 5 და 6 ივლისის შოკისმომგვრელი ძალადობა გვახსენებს ძალადობის ორგანიზატორებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მნიშვნელობას. დაუსჯელობა შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ძალადობა მისაღებია, ძალადობა კი არასდროსაა მისაღები. ხელისუფლებაში მყოფთა პასუხისმგებლობაა, უზრუნველყონ თავისუფალი და ღია მედიაგარემო. საქართველოს მთავრობამ ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად პროაქტიული ნაბიჯები უნდა გადადგას. დაუსჯელნი არ უნდა დარჩნენ ისინი, ვინც ჟურნალისტებზე თავდასხმით საქართველოს დემოკრატიას საფრთხეს უქმნიან - მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებისა. თავისუფალი და დამოუკიდებელი პრესა ნამდვილი დემოკრატიული საზოგადოების კრიტერიუმია“, - აღნიშნავს კელი დეგნანი.