თეგი: ქართული ღვინო

კატარში ქართული ღვინის ექსპორტი პირველად განხორციელდა

კატარში საქართველოს საელჩოსა და კატარის სადისტრიბუციო კომპანიას შორის (Qatar Distribution Company) ხანგრძლივი თანამშრომლობისა და მუშაობის შედეგად, საქართველოდან კატარში ქართული ღვინის ექსპორტი პირველად განხორციელდა. ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული სადისტრიბუციო კომპანია (QDC – Qatar Distribution Company) კატარში ალკოჰოლური სასმელებით ვაჭრობისა და იმპორტის ექსკლუზიური ლიცენზიის მფლობელია. „27 მაისიდან კატარის სადისტრიბუციო კომპანიის ქსელში 12 სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინო განთავსდა. სულ მალე ქართული ღვინო განთავსდება დოჰაში არსებულ ხუთვარსკვლავიან სასტუმროებშიც და ალკოჰოლისათვის ნებადართულ სივრცეებში. კატარის სადისტრიბუციო კომპანიაში ქართული ღვინის კუთხე კატარში საქართველოს ელჩმა, ნიკოლოზ რევაზიშვილმა და სადისტრიბუციო კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, გარეტ კოგანმა ერთობლივად გახსნეს. ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ამაღლების მიზნით, კატარში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქ. დოჰაში, სასტუმროში Ritz Carlton ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. ღონისძიებას კატარში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, ასევე, ჰორეკა სექტორისა და ადგილობრივი ბიზნესწრეების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, ქართული ღვინის კულტურასა და ისტორიას გაცნობოდნენ, ასევე, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და ქართული ტრადიციული კერძები. კატარის ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ექსპორტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ კატარი 2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელია, რომლის დროსაც კატარს მილიონობით სხვადასხვა ქვეყნის ვიზიტორი ეწვევა“, – ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

აშშ-ში „ქართული ღვინის ფორუმი“ გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს და საქართველო-ამერიკის ბიზნესსაბჭოს ორგანიზებით, ტექსასის შტატში „ქართული ღვინის ფორუმი“ გაიმართა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ქართული ღვინის მეექვსე ფორუმი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის რიგით მეექვსე ფორუმის ორდღიანი პროგრამა მოიცავდა კონფერენციას, რომელიც ქალაქ ოსტინში, ტექსასის უნივერსიტეტში და ქალაქ ჰიუსტონში, რაისის უნივერსიტეტში მეცნიერების, ეკონომისტების, მსხვილის სავაჭრო ქსელების წარმომადგენლების და ღვინის პროფესიონალების მონაწილეობით გაიმართა. განიხილებოდა ქართული ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგები, ქართული ღვინის აშშ-ის ბაზარზე დამკვიდრების სტრატეგია და მარკეტინკული პოტენციალი, ასევე, ღვინის გლობალური ბაზრის მდგომარეობის ასპექტები და სხვა აქტუალური საკითხები. კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს პრეზიდენტი მამუკა წერეთელი, ტორონტოს უნივერსიტეტის მკვლევარი სტეფენ ბატიუკი, პენსილვანიის უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევარი პატრიკ მაკგოვერნი, ღვინის მაგისტრი ლისა გრანიკი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი კარლ სტორჩმენი და სხვები. კონფერენციის გამომსვლელებს მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აშშ-ში დავით ზალკალიანმა. „ქართული ღვინის ფორუმი“, ტრადიციულად, მოიცავს სამეცნიერო კონფერენციას, რომლის ფარგლებშიც, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერ-მკვლევარები ქართული ვაზის კულტურასა და ისტორიასთან დაკავშირებულ სამეცნიერო კვლევებს წარადგენენ და განიხილავენ. „ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიება, მათ შორის, „ქართული ღვინის ფორუმი“ იმართება,“ - აცხადებს სააგენტო.  

რუსეთში ქართულ ღვინოზე საიმპორტო შეღავათების გაუქმება სურთ

რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა ასოციაციამ (AVVR) გადაწყვიტა, მიმართოს რუსეთის ხელისუფლებას, რომ NATO-ს ქვეყნებიდან შეტანილ ღვინოზე გადასახადი 200%-ით გაიზარდოს. ამის მიზეზად სახელმწიფო მედია „რუსული ბაზრის დასაცავად“ მიმართულ ქმედებას ასახელებს.  ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსეი პლოტნიკოვმა განაცხადა, რომ ინიციატივა ასევე ეხება ცქრიალა და გამაგრებულ ღვინოებს. მისი თქმით, AVVR ასევე მხარს უჭერს საქართველოდან ღვინის იმპორტის გადასახადზე შეღავათიანი რეჟიმის გაუქმებას.