თეგი: ქართული ცონება
„ქართული ოცნების“ რეიტინგი შემცირებულია - IRI-ის კვლევა
IRI-ის კვლევის თანახმად, „ქართული ოცნების“ რეიტინგი შემცირებულია. ამასთან, კვლევის მიხედვით, ნოემბერის კვლევასთან შედარებით 2%-ით გაიზარდა(რაც ცდომილების ფარგლებშია) „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი და გამოკითხულთა 14% ამბობს, რომ ხმას ამ პარტიას მისცემდა. ხოლო 3%-იანი მხარდაჭერა აქვს გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ და „გირჩი-მეტი თავისუფლებას“. კერძოდ, კითხვაზე, მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 19% ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, რაც გასული წლის ნოემბერთან შედარებით 6%-ითაა შემცირებული. რაც შეეხება ლეიბორისტულ პარტიას, „ლელოს“, „გირჩს“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, პარტია „ხალხისთვის“ და პარტია „მოქალაქეებს“, ამ პარტიებს IRI-ის კვლევის მიხედვით 2%-იანი მხარდაჭერა აქვთ. IRI-ის კვლევის თანახმად 1%-იანი მხარდაჭერა აქვს შემდეგ პარტიებს: ალტ-ინფოს „კონსერვატიულ მოძრაობას“, ელენე ხოშტარიას „დროას“ და „ევროპულ საქართველოს“. IRI-ის ახალ კვლევაში ასევე გაზომილია საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი დეპუტატების მიერ შექმნილი „ხალხის ძალის“ რეიტინგიც. კვლევის მიხედვით, „ხალხის ძალას“ მხარს 1%-ზე ნაკლები უჭერს. ამასთან გამოკითხულთა 20% ამბობს, რომ არ იცის ხმას ვის მისცემდა. ამავე კვლევის თანახმად, პარტიებს შორის ყველაზე დიდი უარყოფითი რეიტინგი აქვთ „ნაციონალურ მოძრაობას“ – 39% და „ქართულ ოცნებას“ – 34%. IRI-ის ახალ კვლევაშიც გამოკითხულთა 42% ამბობს, რომ მათ ინტერესებს არცერთი პოლიტიკური პარტია გამოხატავს. კვლევა საქართველოში 4-დან 23 მარტის ჩათვლით ჩატარდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია, ხოლო გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%.