თეგი: ქართული ხორბალი

UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა

იუნესკო-მ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, გადაწყვეტილება ნიუ დელიში გამართულ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის იუნესკო-ს მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-20 სესიაზე მიიღეს. „იუნესკო-ს გადაწყვეტილება ხორბალთან დაკავშირებული ტრადიციებისა და რიტუალების აღიარების შესახებ არის ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი შრომის, ცოდნისა და პრაქტიკის საერთაშორისო დონეზე დაფასება; ქართული ენდემური სახეობების მნიშვნელობის ხაზგასმა; სულიერი და მატერიალური კულტურის ურთიერთკავშირის გაძლიერება და მომავალი თაობების წინაშე ვალდებულების აღება, რომ ამ „არამატერიალური კულტურული ელემენტის“ სიცოცხლისუნარიანობა დაცული და განვითარებული იქნება,“ – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს – „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ – საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 მარტის №98 დადგენილებით განესაზღვრა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია. კულტურის სამინისტროს ცნობით, საქართველოს მიერ იუნესკო-ს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის წარმომადგენლობით ნუსხაში 2024 წლის 28 მარტს წარდგენილმა ნომინაციამ განხილვის ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა.  

ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი: იუნესკომ ქართული ხორბალიც აღიარა, ესაა ჩვენი ხალხის და სამშობლოს თავგადასავალი, ღვინის, მრავალხმიანი სიმღერის და ქართული ანბანის აღიარებასთან ერთად

ბიზნესმენი და მეცენატი დიმიტრი აბდუშელიშვილი სოციალურ ქსელში წერს:  „ესე იგი ქართული ჭიდაობა, ქართული ქვევრის ღვინის დაყენების მეთოდი, ქართული მრავალხმიანობა, ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა, და დღეიდან უკვე ქართული ხორბალი UNESCO-ს, კაცობრიობის არამატერიალური კულტურულ მემკვიდრეობად აქვს აღიარებული. აი, ამაზე კარგად არაფერი აღწერს, როგორი ხალხის ქვეყანა ვართ. სიმღერა, ბრძოლა, ვაზი, ღვინო, ხორბალი, ანბანი. ესაა ჩვენი კულტურა, ტრადიცია, ისტორია...ეგეთები ვართ, გულიანები, შრომისმოყვარეები, ზარმაცები კი არა, ბედნიერებისკენ მიდრეკილი ხალხი... ცოტა შერეკილებიც, რადგან ამდენ მტერს, ამდენ თავსდატეხილ უბედობას რანაირად გავუძლებდით ისე. კიდევ ეს ყველაფერი რწმენით შევქმენით, ჩვენი ფესვები და იდენტობა ჩვენს სარწმუნეობაშიცაა. ქართველი, ფანატიკოსი არასდროს ყოფილა, მისი რწმენა სამშობლოსთან იყო ყოველთვის იდენტიფიცირებული. როგორი ფესვებიდან მოვდივართ, როგორი წინაპრებიდან... ამხელა მსოფლიოში, შენსას რომ აღიარებენ უნიკალურად... ჩვენს წინაპრებს გაუმარჯოს, ხორბალს, ვაზს, ჭიდაობას, ანბანს, სიმღერას - ერთნაირი რუდუნებით რომ უვლიდნენ და ჩვენს სამშობლოს ქმნიდნენ შრომით, ბრძოლით, სწავლით და სიმღერით.“ UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა