თეგი: ქეით ბლანშეტი
ცხოვრება თავდასხმის ქვეშ - ქეით ბლანშეტმა ხარკოვის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო
მსახიობმა და UNHCR-ის (გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი) კეთილი ნების ელჩმა, ქეით ბლანშეტმა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის დროს, ქალაქ ხარკოვში განვითარებული მოვლენების შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო. დოკუმენტური ფილმი თითქმის ერთ საათს გრძელდება. მისი მთავარი გმირები მეხანძრეები არიან, რომლებმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. დოკუმენტურ ფილმში ასევე მოხვდნენ პარამედიკოსები, რომლებმაც არამარტო გადაარჩინეს დაჭრილები, არამედ, ყოველდღიურად ეხმარებოდნენ მათ, ვინც მიწისქვეშეთში, რამდენიმე თვის განმავლობაში ემალებოდნენ რუსეთის იერიშებს. დოკუმენტურ ფილმში ნაჩვენები არიან ბავშვები, რომლებიც მიწისქვეშეთში ცხოვრობენ, რათა რუსული რაკეტებით არ დაზარალდნენ. როგორც ცნობილია, ამერიკელი მსახიობი შონ პენი სრულმასშტაბიანი ომის დროს კიევში მეორედ ჩავიდა. ის ომის შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.