თეგი: ქვათაცვენა

კალაძის თქმით, ამირეჯიბის გზატკეცილზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადე ახლით ჩანაცვლდება

თბილისის მერია ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე კლდოვან ფერდზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ახალ დამცავ ბადეს მოაწყობს. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე დამცავი ბადეები იყო დამონტაჟებული, თუმცა ამ ეტაპზე, უსაფრთხოების მიზნით, სხვაგვარი პროექტის განხორციელებაა საჭირო. „გუშინ, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე კლდოვან ფერდზე ქვათაცვენა დაფიქსირდა. პირველ ეტაპზე, ჩატარდა შესაბამისი სამუშაო და საშიშროება მთლიანად მოხსნილია. დავიწყებთ დამატებით სამუშაოებს. მოხდება დაანკერება იმისთვის, რომ ეს ფაქტი ისევ არ განმეორდეს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე დამცავი ბადეები იყო დამონტაჟებული, საჭიროა სხვაგვარი პროექტის განხორციელება, რომ უფრო დაცული ვიყოთ. ფერდზე არსებული ბადე ვეღარ ასრულებს დამცავ ფუნქციას. პრევენციის მიზნით, საჭიროა ქვათაცვენის საწინააღმდეგო ახალი ბადის მოწყობა და კლდის გაწმენდა. პროცესში ჩართული გვყავდა დარგის სპეციალისტები. პირველი ასეთი პროექტი კოსტავას ქუჩაზე განვახორციელეთ, რომელიც მომდევნო სამი კვირის განმავლობაში დასრულდება. ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზეც ანალოგიური პროექტი განხორციელდება“, - განაცხადა თბილისის მერმა. კალაძის თქმით, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, დაგეგმილი სამუშაოს გამო, 16 აგვისტოდან ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. „დაგეგმილი ღონისძიებების გამო, 16 აგვისტოდან ერთი თვის განმავლობაში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, სულხან ცინცაძის ქუჩისკენ მიმავალი გვირაბიდან, მიხეილ თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. სამუშაო საავტომობილო გზის ერთ მხარეს განხორციელდება, ხოლო მეორე ზოლში გადაადგილება შესაძლებელი იქნება,“ - აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისში, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ გზაზე ქვათაცვენის ამსახველი ფოტო მოქალაქემ სოციალურ ქსელში 14 აგვისტოს გაავრელა. თბილისის მერიის ცნობით, დაზიანდა ერთი ავტომანქანა. არავინ დაშავებულა.  

საქართველოს რკინიგზა: ქსნის ქუჩის მიმდებარედ, ფერდობიდან ქვის მასა ჩამოიშალა

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დიდუბე-ავჭალის გადასარბენზე, ქსნის ქუჩის მიმდებარედ, ლიანდაგზე დღეს გამთენიისას ფერდობიდან ქვის მასა ჩამოიშალა. შედეგად, დროებით შეფერხდა ბათუმი-თბილისის, თბილისი-ბორჯომის და თბილისი-ბათუმის მატარებლების მოძრაობა. საქართველოს რკინიგზა აცხადებს, რომ შესაბამისი სამსახურების მიერ ერთი ლიანდაგი ოპერატიულად გაიწმინდა და დროულად მოხერხდა მატარებლების მოძრაობის განახლება. „ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეორე მიმართულების ლიანდაგის გაწმენდითი სამუშაოები. სამუშაოების დასრულებისთანავე მოძრაობა მეორე ლიანდაგზეც უსაფრთხოების ყველა წესის გათვალისწინებით ჩვეულ რეჟიმში განახლდება. პარალელურად, მიმდინარეობს ქვათაცვენის ადგილმდებარეობის დათვალიერება და შესწავლა შესაბამისი სპეციალისტების მიერ,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში. განხლება: საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ქვათაცვენის ადგილზე მუშაობენ გეოლოგები და შესაბამისი სპეციალისტები, რომელთა კომპეტენტური დასკვნის შესაბამისად დაიგეგმება მძიმე ტექნიკის მუშაობის და გაწმენდითი სამუშაოს მეთოდოლოგია: „მატარებლების მოძრაობა შეფერხებული არ არის.“  

ქვათაცვენის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის 73-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის  საავტომობილო გზის 73-ე კმ-ზე დიდი მოცულობის კლდოვანი მასა ჩამოვიდა. ქვათაცვენის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე 4 იანვრის 08:00 საათამდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.  

ქვისცვენის გამო, ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის გზის 47-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე კმ-ზე ჩამოსულია კლდოვანი მასა, რომელმაც  ჩაკეტა გზის სავალი ნაწილი. ქვისცვენის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. არასათანადო ხილვადობის გამო, გაწმენდითი სამუშაო ხვალ დილით  განახლდება.