თეგი: ქრისტინე თალაკვანძე
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც „ჯაშუშობაში" ადანაშაულებდნენ
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა საქართველოს მოქალაქე ქრისტინე თაკალანძეს, რომელსაც "ჯაშუშობაში" ადანაშაულებდნენ. ინფორმაციას სააგენტო აფსნიპრესი ავრცელებს. ე,წ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით თაკალანძე სასჯელს საერთო რეჟიმის გამოსასწორებელ კოლონიაში მოიხდის. მან ე.წ აფხაზეთის სისხლის სამართლის კოდექსის 274 -ე („ჯაშუშობის“) მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა აღიარა, წერს აფსნიპრესი. ე.წ განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია საკასაციო წესით ე.წ. უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო კოლეგიაში, განაჩენის სრული ტექსტის გამოცხადებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში. რადიო თავისუფლების პროგრამა ეხო კავკაზა თაკალანძის ადვოკატთან დაკავშირებას ცდილობს, მისი სამოქმედო გეგმის გასარკვევად. ქართული მხარე თაკალანძის "განაჩენს" ჯერჯერობით არ გამოხმაურებია. ქრისტინე თაკალანძეს დე ფაქტო პროკურატურა ბრალად სდებდა 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის ივლისამდე საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებას, შეგროვებასა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გადაცემას. ე.წ. უშიშროების სამსახურის საიტზე 25 ივლისს გამოქვეყნებულია ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს დაკავებული ახალგაზრდა ქალი და მისთვის ჩხრეკისას ჩამორთმეული მობილური ტელეფონი, პირადობის მოწმობა და საბანკო ბარათები. ასევე, ქართულად დაწერილი ბარათი, რომელზეც მკაფიოდ იკითხება სიტყვები: „თუ წახვედი გალში ან ზუგდიდში, ეს წამალი მომიტანე“ და წამლის სახელწოდება. ვიდეოში ჩანს კიდევ ერთი, ნაწილობრივ დამწვარი ფურცელი ქართულად, ხელით დაწერილი, არცთუ გამართული ტექსტით, რომელიც იწყება სიტყვებით: "თქვენ უნდა შეხვიდეთ ნდობაში..." საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუსი) აცხადებენ, რომ ცენტრალური ხელისუფლება, ისევე როგორც საერთაშორისო პარტნიორები, ყველაფერს აკეთებენ ქრისტინეს გასათავისუფლებლად. 2023 წლის იანვრის მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში იმყოფება საქართველოს 4 მოქალაქე: გალის რაიონში ე.წ. აფხაზეთის დროშის გამოსახულებიანი ბანერის დაწვის მცდელობისთვის დაკავებული ირაკლი ბებუა, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ქრისტინე თაკალანძე, ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული გალის მცხოვრები ა.თ. და ასევე ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული კიდევ ერთი პირი, რომლის ვინაობაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ გაუმხელია. ქრისტინე თაკალანძის ადვოკატი ავთანდილ ჭკადუა ეხო კავკაზასთან საუბარში აცხადებდა, რომ "ბრალდება უკანონოა". წყარო - რადიო თავისუფლება