თეგი: ქრონიკული დაავადებები

ინფექციონისტი: რესპირატორული ინფექციები განსაკუთრებით საყურადღებოა მცირეწლოვან ბავშვებსა და ადამიანებში, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ

რესპირატორული ინფექციები განსაკუთრებით, საყურადღებოა მცირეწლოვან ბავშვებში და ასევე ადამიანებში, ვისაც აქვთ ქრონიკული და ფონური დაავადებები, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა. „სიმპტომები სხვადასხვაა, ბავშვებში განსაკუთრებით ხშირია მაღალი ტემპერატურა 39/40 გრადუსი, რომელიც შეიძლება 5 და მეტი დღე გაგრძელდეს. ამას თან ერთვის ძლიერი სისუსტე, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გართულებების პრევენცია მოვახდინოთ“, - აღნიშნა ინფექციონისტმა ქართულ მედიასთან საუბრისას. ექიმების ცნობით, საქართველოში რამდენიმე ტიპის ვირუსი ცირკულირებს მათ შორის რინო, ადენო და რესპირაციული ვირუსები. ექიმები პიკურ პერიოდს დეკემბრის შუა რიცხვებიდან ელოდებიან.  

ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა ფართოვდება

ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა ფართოვდება. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე მიიღეს. კერძოდ, 15 იანვრიდან შესაბამისი კატეგორიის თუ სტატუსის მქონე მოქალაქეები გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტს მთელი წლის განმავლობაში სრული დაფინანსებით მიიღებენ.  ამასთან, შესაბამისი კატეგორიის ბენეფიციარებს მთელი წლის განმავლობაში სრულად დაუფინანსდებათ: გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებების; დიაბეტის (ტიპი 2); პარკინსონისა და ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტები. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესული სიახლეები შეეხება: სოციალურად დაუცველ პირებს (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 ერთეულს), პენსიონერებს, ვეტერანებს, შშმ პირებსა (შშმ ბავშვები, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები) და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ასევე განიხილეს საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“. ცვლილების თანახმად, მიმდინარე წლის იანვრიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სოციალური პაკეტი  50 ლარით, 340-დან 390 ლარამდე იზრდება. ყველა სხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ფინანსური დახმარება 20 ლარით იზრდება, მათ შორის მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ პირს სოციალური პაკეტი 175-დან 195 ლარამდე ეზრდება. ბიუჯეტი  დაახლოებით 46 მლნ ლარს შეადგენს. გაზრდილი სოციალური პაკეტით 123 000-ამდე ბენეფიციარი ისარგებლებს.